გაეროს მისია: ყარაბაღში 50-დან 1000-მდე ეთნიკურად სომეხი რჩება

გაეროს მისია: ყარაბაღში 50-დან 1000-მდე ეთნიკურად სომეხი რჩება

გაეროს სადამკვირვებლო მისია ყარაბაღის რეგიონში 30 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა და ადგილზე არსებული ვითარება შეისწავლა. აზერბაიჯანში გაეროს მუდმივი კოორდინატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქ ხანკენდში (სომხების მიერ მოხსენიებული როგორც სტეპანაკერტი) საზოგადოებრივი შენობების დაზიანების ნიშნები არ იკვეთება.

გაეროს მისია ყარაბაღში რამდენიმე დღით იმყოფებოდა. მისიის წარმომადგენლების განცხადებებით, გამოკითხულებს სამოქალაქო პირების მიმართ ძალადობის ნიშნებზე არ უსაუბრიათ. მისიის ინფორმაციით, ყარაბაღის რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ 50-დან 1000-მდე ეთნიკურად სომეხი რჩება.

გაეროს მისიის წარმომადგენლები რეგიონში სტუმრობისას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, საავადმყოფოების, სკოლების, საცხოვრებელი სახლების, კულტურული და რელიგიური ნაგებობების დაზიანების ხარისხს ამოწმებდნენ. მისიის განმარტებით, მათი იქ ყოფნის პერიოდში აზერბაიჯანის მთავრობა რეგიონში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის აღსადგენად ემზადებოდა. აღსანიშნავია, რომ გაეროს მისიის წარმომადგენლები მხოლოდ ქალაქებს ესტუმრნენ და არ მიეცათ საშუალო სოფლებში არსებული სიტუაცია შეეფასებინათ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის რეგიონზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ტერიტორია 100,000-მდე ეთნიკურად სომეხმა დატოვა. თვითაღიარებულმა „არცახის რესპუბლიკამ“ კი სახელმწიფოს გაუქმების ბრძანებას ხელი მოაწერა და 1-ელი იანვრიდან აღნიშნული ერთეული არსებობას წყვეტს.