7 ოქტომბერს, გამთენიისას, ღაზის სექტორიდან ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელის სამხრეთ რეგიონებზე მოულოდნელი შეტევა წამოიწყო. „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიებზე შეღწევა მოახერხეს და დივერსიული აქტები განახორციელეს. ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა აიღეს სასაზღვრო პუნქტებზე მდებარე რამდენიმე მცირე ზომის ბაზა, ხელთ იგდეს ისრაელური ჯავშანტექნიკა და ღაზის ტერიტორიაზე მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, ისრაელელი პოლიციელები და სამხედროები გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, შეტაკებებს 700-მდე ისრაელელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) საპასუხო შეტევის შედეგად კი, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზის სექტორში 413 ადამიანი დაიღუპა, 2200 კი დაშავდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებით, 8 ოქტომბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. ეს კი პოლიტიკურად შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ საომარი მდგომარეობის ოფიციალურადვე დასასრულებლად, ისრაელმა კონკრეტულ შედეგებს უნდა მიაღწიოს. ხოლო თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო წარმატებად, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. როგორი იქნება ისრაელის შურისძიება – მძევლების სრულად გათავისუფლება, „ჰამასის“ მმართველი რგოლის ლიკვიდაცია, ღაზის სექტორის სრული ანექსია და იქ გამაგრებული ტერორისტული ორგანიზაციების სრული განეიტრალება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება თუ ეს ყველაფერი ერთად – ამას დრო გვიჩვენებს.
კონფლიქტის ამგვარი მიმდინარეობა ერთბაშად ბევრ კითხვას აჩენს. როგორ დაიწყო ყველაფერი? უძღოდა თუ არა „ჰამასის“ შეტევას წინ რაიმე კონკრეტული მოვლენა? შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის წინასწარმეტყველება? რატომ გამოეპარათ „ჰამასის“ „სამზადისი“ ისრაელის სპეცსამსახურებს? როგორ უკავშირდება „ჰამასის“ შეტევა რეგიონის სტრატეგიულ კონტექსტს? ამ კითხვების უმეტესობას პასუხი შესაძლოა უახლოეს მომავალში გაეცეს, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მათზე პასუხი დიდი ხნის შემდეგ ან სულაც ვერასდროს მივიღოთ. მანამდე კი მიმოვიხილოთ ის საკითხები, რის შესახებაც ინფორმაცია უკვე არსებობს.
რამ გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია?
29 სექტემბერს ებრაელებისათვის წმინდა დღესასწაული „სუქოთი“ დაიწყო, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. 4 ოქტომბერს, „სუქოთის“ დღესასწაულის მეხუთე დღეს, ებრაელი მომლოცველები მეჩეთში შეიჭრნენ და თალმუდის რიტუალების ჩატარება სცადეს. ცნობისათვის, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ტაძრის მთაზე მდებარე ალ-აკსას მეჩეთი მუსლიმებისათვის მექასა და მედინას შემდეგ, საკუთარი მნიშვნელობით მესამე ყველაზე წმინდა ადგილია. ალ-აკსას მეჩეთში შესვლა, ებრაელებისათვის აკრძალულია. თუმცა ებრაელი მომლოცველები ალ-აკსას მეჩეთის დასავლეთი კედლიდან ალ-მუღრაბის კარიბჭეში შეიჭრნენ და რელიგიური რიტუალები შეასრულეს. აღნიშნულმა მოვლენამ მუსლიმი მომლოცველების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მომლოცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
მუსლიმებისათვის ალ-აკსას მნიშვნელობაზე საუბრისას პალესტინა-ისრაელს შორის ბოლო ყველაზე მასშტაბური ესკალაციაც უნდა გავიხსენოთ. 2021 წლის 10 მაისს კონფლიქტი სწორედ ტაძრის მთაზე, ალ-აკსას კომპლექსში მუსლიმებისათვის „კადრის ღამის“ რელიგიური დღესასწაულის ჩატარებისათვის ხელის შეშლის „დამსახურებით“ გამწვავდა. ისრაელელ და პალესტინელ მომლოცველებს შორის დაპირისპირება 2021 წელს 11-დღიან შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რასაც 256 პალესტინელისა და 15 ისრაელელის სიცოცხლე ემსხვერპლა. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ 3 დღით ადრე ალ-აკსას მეჩეთში მომხდარს პალესტინელების მხრიდან კონფლიქტის წამოწყების პროვოცირება გამოეწვია.
დამთხვევა არ არის, რომ „ჰამასის“ იერიში იომ-ქიფურის, ოქტომბრის, რამადანის ან უბრალოდ 1973 წლის არაბულ-ისრაელური ომის ორმოცდამეათე წლისთავზე დაიწყო. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ არაბული კოალიცია აღნიშნულ ომში თავს გამარჯვებულად მიიჩნევს. 50 წლის წინ ეგვიპტურ-სირიულმა კოალიციამ ისრაელზე თავდასხმა მოულოდნელად წამოიწყო და თავდაპირველად ომში დიდი უპირატესობაც მოიპოვა. თუმცა ომის დაწყებიდან ათ დღეში ისრაელმა ინიციატივა დაიბრუნა და ომის დასრულებისათვის დიდ ტერიტორიულ უპირატესობასაც მიაღწია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ჰამასის“ მიერ იერიშის წამოწყება ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენის ორმოცდამეათე წლისთავზე არაბული სამყაროს მხარდაჭერის მოპოვებისათვის გადადგმული ნაბიჯია. ამაზე მიანიშნებს სამხედრო იერიშის პარალელურად „ჰამასისა“ და მისი მხარდამჭერების მიერ გავრცელებული განცხადებებიც, სადაც არაბებს გაერთიანებისა და „საღვთო ომში“ ჩაბმისაკენ მოუწოდებდნენ. შესაბამისად, „ჰამასის“ გათვლაც შესაძლოა ამ საერთო ისტორიულ მეხსიერებაზე მოქმედება იყო.
ამასვე მოწმობს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სტრატეგიული კონტექსტი და უსაფრთხოების გარემო, რომელიც გარკვეული ცვლილებების მოახლოების ნიშნებს იძლევა. ჩვენ მიერ დასაწყისში დასმულ კითხვას, თუ რატომ ახლა, სწორედ ამან შეიძლება გასცეს პასუხი. არაბული სამყარო მისი ლიდერის, საუდის არაბეთის სახით ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებასთან ძალიან ახლოსაა. პოტენციური შეთანხმების ნიშნები ახლა იმაზე გამოკვეთილია, ვიდრე ოდესმე. „ჰამასისა“ და ამ პროცესის მთავარი ოპონენტის, ირანისათვის პროცესის ჩასაშლელად ეს დრო საუკეთესო შესაძლებლობა გახლდათ. ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობის ნორმალიზება ყველაზე დიდ საფრთხეს იზოლაციის სახით პოტენციურად სწორედ ირანს და მის მარიონეტულ ძალებსა თუ მისგან დაფინანსებულ/ხელშეწყობილ ტერორისტულ ორგანიზაციებს უქმნის. შესაბამისად, „ჰამასის“ ხელით პოტენციური შეთანხმების ჩაშლა უპირველესად სწორედ ირანის ინტერესებშია. უფრო ღრმა იდეა კი შესაძლოა, არაბი ლიდერებისათვის ისრაელის მიერ პალესტინელების მისამართით ჩადენილი სისასტიკის ჩვენება იყოს. თუკი პალესტინისა და მისი სტატუსის საკითხი კვლავ დღის წესრიგში იქნება, ირანი ახლო აღმოსავლეთის არაბულ სახელმწიფოებს დაანახებს, რომ ისრაელელი ჯარისკაცები ამერიკული შეიარაღებით პალესტინელებს ხოცავენ, რასაც ამ სამყაროში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვება. შეიძლება ითქვას, რომ ამის ნიშნები უკვე გამოიკვეთა. იერუსალიმში პალესტინელი მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული, „ჰამასს“ კი მხარდაჭერა უკვე არაერთმა არაბმა ლიდერმა გამოუცხადა.
ზემოთ აღნიშნული მოვლენების ერთობლიობისა თუ მოვლენათა დამთხვევის გათვალისწინებით, „ჰამასის“ მიერ წამოწყებული შეტევა გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება. სწორედ ამიტომ დარგის სულ უფრო მეტი ექსპერტისაგან ისმის კრიტიკა ისრაელის სპეცსამსახურების მისამართით. მიუხედავად ამისა, დაზვერვის სამსახურის ჩავარდნასა თუ უყურადღებობაზე საუბარი ჯერჯერობით მეტად ნაადრევია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ „ჰამასი“ ისრაელს ბრძოლის სახეცვლილი ტაქტიკებით უპირისპირდება.
მოვლენათა განვითარება
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები მცირე დაჯგუფებების სახით, ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რამდენიმე მიმართულებით შეიჭრნენ. საინტერესოა, რომ რიგ მონაკვეთებზე მათ საზღვარზე აგებული ჯებირების გარღვევა შეძლეს, რიგ შემთხვევაში კი გამაგრებებს ერთკაციანი საფრენი აპარატებით გადააფრინდნენ. მოულოდნელობის ეფექტით, „ჰამასის“ მებრძოლებმა მალევე აიღეს რამდენიმე მცირე ზომის ბაზა და დაეუფლნენ ისრაელის შეიარაღებას თუ ჯავშანმანქანებს. მათი მიზანი ღაზის სექტორთან ახლომდებარე ქალაქებში პანიკის დათესვა და ქაოსის გამოწვევა იყო. სწორედ ამ მიზეზით იერიში რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურზე მიიტანეს. დივერსიული ჯგუფები ქალაქებში შეიჭრნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის კორპუსებში ჩაცხრილვა და გატაცება დაიწყეს.
საინტერესოა, რომ გატაცებულებს შორის ქალები და ბავშვები მრავლობდნენ. ამას კი, როგორც შემდეგ გაირკვა, შესაბამისი მიზეზები ჰქონდა. ერთ-ერთი ვერსიით, მოსახლეობის გატაცება და ღაზის სექტორში შეყვანა მათ ცოცხალ ფარად გამოსაყენებლად სჭირდებოდათ. აშკარა იყო, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები ღაზის სექტორში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მართვის ცენტრებსა და სამეთაურო შტატებზე შეტევას მიიტანდა. თუმცა მოგვიანებით „ჰამასის“ სპიკერის მიერ გავრცელებული მოთხოვნით, „ჰამასი“ ტყვეებს ისრაელის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს დაპატიმრებულ და ციხეში მყოფ 7,000-მდე მებრძოლში გაცვლიდა. ბუნებრივია, ისრაელის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობებით, მათი უმეტესობა ამ დრომდე ღაზის სექტორში რჩება.
მოულოდნელობის ფაზიდან გამოსვლისა და მობილიზების შემდეგ ისრაელმა საკუთარ კონტროლირებულ ტერიტორიებზე გადმოსული ტერორისტების უმეტესობის განეიტრალება შეძლო. თუმცა რამდენიმე რეგიონის გაწმენდა ჯერაც ვერ ხერხდება. ქვეყნის ხელისუფლების მიერ რეზერვისტების გამოძახებისა და სამხედრო შენაერთების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ კი ისრაელმა არტილერიითა და საჰაერო ძალების დახმარებით ღაზის სექტორში შესაბამისი სამხედრო სამიზნეების განადგურება დაიწყო. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით, ისრაელი მხოლოდ არსებული საფრთხეების განეიტრალებით არ შემოიფარგლება. დასავლური სადაზვერვო სამსახურების პროგნოზით, ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაიწყებს. მანამდე კი ტერიტორიის არტილერიის მიერ დამუშავებასთან ერთად, ცდილობს, ტერორისტული ორგანიზაციის მმართველი რგოლი გაანადგუროს.
„ჰეზბოლა“
„ჰამასის“ მიერ იერიშის დაწყებიდან მალევე ისრაელის მისამართით გამაფრთხილებელი განცხადებები ლიბანში არსებულმა შიიტურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰეზბოლამ“ გაავრცელა. რამდენიმე საათში ეგვიპტურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტემ ისრაელს „ჰეზბოლას“ ომში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია მიაწოდა. თავად „ჰეზბოლას“ მიერ 7 ოქტომბერს გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, ისინი „ჰამასთან“ კონტაქტში იმყოფებოდნენ. 8 ოქტომბერს „ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონებში მდებარე რადიოლოკაციური და საკომუნიკაციო სადგურები ნაღმტყორცნებით დაბომბა. რასაც საპასუხოდ ისრაელიდან სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე განხორციელებული სარაკეტო და საარტილერიო კონტრშეტევა მოჰყვა. ესკალაციის მეორე დღეს ოფიციალური განცხადება „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამაც გაავრცელა. ჰასან ნასრალამ ისრაელი გააფრთხილა და აღნიშნა, რომ გამარჯვების დრო დადგა.
ირანი
მნიშვნელოვანია კონფლიქტში ირანსა და მის ჩართულობაზე საუბარიც. ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ რეგიონში არსებულ პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაციებს მხარდაჭერა გამოუცხადა და მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. პარალელურად, ირანიდან ლიბანში, „ჰეზბოლას“ დანაყოფების კოორდინაციისათვის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რამდენიმე მაღალჩინოსანი გაიგზავნა. ირანელმა მაღალჩინოსნებმა რეგიონის სახელმწიფოებს ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ მოუწოდეს.
Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელზე თავდასხმის გეგმა ირანმა „ჰამასთან“ ერთად მიმდინარე წლის აგვისტოში, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში შეიმუშავა. ესკალაციის დასაწყებად კი მხარეები შესაბამის დროს ელოდნენ.
აშშ და მოკავშირეები
ბუნებრივია, ისრაელსა და ისრაელის მოსახლეობას სოლიდარობას მთელი ცივილიზებული დასავლეთი უცხადებს. „ჰამასს“ საბრძოლო შეტაკებების შეწყვეტისაკენ აშშ-მა და ევროპულმა სახელმწიფოებმა მოუწოდეს. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებით, აშშ-მა ისრაელში შესაბამისი შეიარაღების გაგზავნის მზაობაც გამოთქვა. 8 ოქტომბერს კი აშშ-ის თავდაცვის მდივნის გადაწყვეტილებით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში, ისრაელის საზღვრების სიახლოვეს ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი გაიგზავნა. გარდა ამისა, მიიღეს გადაწყვეტილება, რეგიონში პატრულირებისათვის გაეზარდათ ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების: F-35-ების, F-15-ების, F-16-ებისა და A-10-ების რაოდენობაც. გუშინ ისრაელში იორდანიიდან პირველი ამერიკული სატვირთო ავიამზიდიც ჩავიდა. აშშ, ევროპული სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისრაელს ტერორისტების თავდასხმისგან თავდაცვის სრული უფლება აქვს.
როგორი იქნება კონფლიქტის გადაწყვეტა ან განვითარება, დამოკიდებულია იმაზე, ჩაერთვება თუ არა მასში „ჰეზბოლა“, სხვა პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციები, ირანი ან რომელიმე არაბული სახელმწიფო. შესაბამისად, ამაზე საუბარი მხოლოდ პროგნოზის დონეზე შეიძლება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კონფლიქტის ესკალაცია ერთბაშად ბევრი აქტორის, მათ შორის რუსეთის ინტერესებში შედის.