ამასწინათ მატარებელში მგზავრობისას ყური მოვკარი, როგორ ეკითხებოდა ერთი ქალბატონი მეორეს: „რატომ აძლევ მას უფლებას, ასე დაგჩაგროს?” მართალია, მე არ ვიცოდი, ეს „მჩაგვრელი” ვინ იყო: მისი უფროსი სამსახურში, საყვარელი, მამა თუ თანამშრომელი, მაგრამ ქალბატონის სიტყვებიდან იგრძნობოდა, რომ ეს ჩაგვრა დიდი ხანია, გრძელდება.
მესმოდა ამ ქალბატონის გაოცება და აღშფოთება იმით, რომ მისი მეგობარი ასე პასიურად იტანდა ცუდ მოპყრობას. შესაძლოა, თქვენთვის ნაცნობი იყოს ეს გრძნობა. მაგრამ, მოდი, სიმართლე ვთქვათ – ასე ადვილი რომ იყოს ხმის ამაღლება და საკუთარი უფლებების დაცვა, მაშინ ამის გაკეთებას ყველა შეძლებდა.
მიზეზი იმისა, თუ რატომ იტანს ამდენი ადამიანი ღირსების შემლახველ, უპატივცემულო და სასტიკ მოპყრობას ისეთივე ჩახლართულია, როგორიც თავად ადამიანური ბუნება. მაგრამ ნამდვილი მიზეზი მაინც არის შიში იმისა, თუ რა მოხდება მაშინ, თუ ჩვენ ხმას ავიმაღლებთ და ჩვენს უფლებებს დავიცავთ.
შიში იმისა, რომ ამას უფრო მეტი დამცირება მოჰყვება. შიში იმისა, რომ მეგობრები, ოჯახის წევრები ან თანამშრომლები გაგვრიყავენ. ჩვენ გვაშინებს ჩხუბის, სამსახურის დაკარგვის პერსპექტივა. ჩვენ ვშიშობთ, რომ ამის შემდეგ თავს უარესად ვიგრძნობთ.
უარყოფისა და განდევნის ღრმად ფესვგადგმული შიში განაპირობებს ჩვენს სისუსტესა და მოწყვლადობას, შესაბამისად, ხელს გვიშლის სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ხშირად, ნაცვლად იმისა, რომ თანამშრომელთან წარმოქმნილი პრობლემა მაშინვე გავარკვიოთ, ჩვენ გულში ვიგროვებთ ამ წყენას. რაც უფრო ახლო ურთიერთობა გვაქვს ადამიანთან, მით უფრო მტკივნეულია უარყოფისა და განდევნის შიში.
საკმაოდ უშიშარი ადამიანებიც კი ზოგჯერ თავს უძლურად გრძნობენ, როდესაც მათ სამსახურში ჩაგრავენ. ანალოგიურად, თუ გადავხედავთ ოჯახური ძალადობის სტატისტიკას, დავინახავთ, რომ ბევრი ქალიცა და მამაკაციც წლების განმავლობაში იტანს ცუდ მოპყრობას და ეშინია წასვლის. მათ ეშინიათ, რომ დაკარგავენ თავშესაფარს, სოციალურ სტატუსს ან ნაცნობი მდგომარეობისა თუ გარემოს კომფორტს, რომელსაც ისინი უკვე ასე შეეჩვივნენ. მათ მარტო დარჩენის ეშინიათ. ისინი ფიქრობენ, რომ უკეთესს არც იმსახურებენ.
შესაძლოა, თქვენ არასოდეს ყოფილხართ ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში, მაგრამ ეს ყოველი ჩვენგანისათვის კარგი გაკვეთილია: დაბალი თვითშეფასება და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ იმაზე ნაკლებით დავკმაყოფილდებით, ვიდრე გვსურს, გვჭირდება ან ვიმსახურებთ. იქნება ეს სახლში, სამსახურში თუ სხვაგან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს შემდეგი გამონათქვამის ჭეშმარიტებას:
თქვენ თავად კარნახობთ გარშემომყოფებს, როგორ მოგექცნენ
როგორიც უნდა იყოს თქვენი ამჟამინდელი პირადი ან პროფესიული ურთიერთობები, დაფიქრდით, რამდენჯერ „გადაგიყლაპავთ” წყენა და შეურაცხყოფა ნაცვლად იმისა, რომ დაგეცვათ საკუთარი უფლებები. გაიხსენეთ, რამდენი ტკივილი, წყენა, იმედგაცრუება და არასათანადო შეფასება აგიტანიათ. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ თავად ვკარნახობთ ადამიანებს, როგორ მოგვექცნენ. ამიტომაც არის, რომ მჩაგვრელები მათ ჩაგრავენ, ვისთანაც გასდით. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ იმას, რისი ატანაც შეგვიძლია.
ახლახან ვესაუბრე RawCourage.TV-ის წამყვანსა და მსახიობს, კერი არმსტრონგს. მან „სხვადასხვა გასაგები და გაუგებარი” მიზეზის გამო 22 წელი იცხოვრა ქორწინებაში ადამიანთან, რომელიც მას ფიზიკურ და ემოციურ შეურაცხყოფას აყენებდა. როდესაც მან საბოლოოდ გადაწყვიტა ამისათვის ბოლო მოეღო, კერიმ საკუთარ თავში მისთვის აქამდე უცნობი პიროვნული სიძლიერე აღმოაჩინა. მან იპოვა და ცოლად გაჰყვა ისეთ ადამიანს, რომელიც მას დიდი პატივისცემით ეპყრობა და მეტიც, კერიმ მიატოვა მაღალანაზღაურებადი სამსახური გაყიდვების სფეროში და თავისი დიდი ხნის შემოქმედებითი გატაცება პროფესიად აქცია.
როდესაც კერიმ როგორც იქნა მოიკრიბა გამბედაობა და რწმენა საკუთარ თავში იმისათვის, რომ დაეღწია თავი ამ დამანგრეველი ქორწინებისაგან, მის წინ უამრავი ახალი შესაძლებლობა გადაიშალა. თუ ჩვენ არ მივცემთ შიშს უფლებას, მართოს ჩვენი ცხოვრება და მოვიკრებთ გამბედაობას საკუთარი უფლებების დასაცავად, ჩვენ ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მოგვეცემა.
იცოდეთ საკუთარი თავის ფასი. თქვით სიმართლე. პატივისცემით მოექეცით სხვებს და თავადაც ნუ აიტანთ უპატივცემულო მოპყრობას სხვებისგან.