რომელი სსიპ-ები ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს?

რომელი სსიპ-ები ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სახელწიფო სექტორში 308 ათასი ადამიანია დასაქმებული, რაც საერთო დასაქმების 24%-ია.

სახელმწიფო სექტორში დასაქ­­­­­­­­­­­­­­მებულები ძირითადად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ) და სახელმწიფოს დაარსებულ არასამე­­­­­­­წარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (ა(ა)იპ) მუშაობენ. სსიპ-ები ძირითადად საქართველოს ცენტრალურ მთავრობას ემორჩილება, ა(ა)იპ-ები კი მრავლად არის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებშიც.

არ არსებობს სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი მუშაობს ჯამურად სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების და ა(ა) იპ-ების შესახებ. ძირითადი დამსაქმებლები სწორედ ეს სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები არიან, სადაც 2023 წლის პირველ ნახევარში 175 ათასამდე დასაქმებული იყო. მათ შორის, 115 ათასი შტატით გათვალისწინებული თანამშრომელი იყო, ხოლო 60 ათასი – შტატგარეშე. შტატგარეშე თანამშრომელთა მუშაობის ხანგრძლივობა 1-დან 12 თვემდე მერ­­­­­­­­­­­­­­ყეობს.

მოკლედ მიმოვიხილავთ 10 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ სსიპ/ა(ა)იპ-ს, რომლებიც ერთად 40 ათასზე მეტ ადა­­­­­­­მიანს ასაქმებენ.

10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2,084 ადამიანს ასაქმებს. მათგან 744 თანამშრომელია შტატით, 1,340 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წლის იანვარ-ივნისში ორგანიზაციის საკუთარი შემოსავალი 66 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 10 მლნ ლარი დაიხარჯა. 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 49.5 მლნ ლარს იღებს მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობისა და საჯარო რეესტრის მომსახურებათა განვითარების პროგრამის მართვისთვის.

9. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,800 ადამიანს ასაქმებს. მათგან 685 თანამშრომელია შტატით, 2,115 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წლის იანვარ-ივნისში უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავალი 30 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 10 მლნ ლარი დაიხარჯა. 2023 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი 53 მლნ ლარი იქნება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ გრანტებსაც მოიცავს, თუმცა ეს გრანტები უნივერსიტეტის საკუთარ შემოსავლად კლასიფიცირდება და არა ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებად.

8. სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი)

სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 3,122 ადამიანს ასაქმებს. მათგან 200 თანამშრომელია შტატით, 2,922 კი შტატგარეშედ მუშაობს. იანვარ-ივნისში ორგანიზაციის საკუთარი შემოსავალი 423 ათასი ლარი იყო. 2023 წელს საქსტატი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 21 მლნ ლარს მიიღებს, საიდანაც შრომის ანაზღაუ­რებაზე 6 მლნ ლარი დაიხარჯება.

7. ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი

ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი 3,226 ადამიანს ასაქმებს. მათგან მხოლოდ 26 თანამშრომელია შტატით, 3,200 კი შტატგარეშედ მუშაობს. იანვარ-ივნისში ორგანიზაციის საკუთარი შემოსავალი 517 ათასი ლარი იყო. ჰოლდინგი სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კლინიკების მართვას უზრუნველყოფს. მის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად 8 კლინიკას მართავს. ბიუჯეტიდან 40,000 ლარს იღებს „სოფლის ექიმის“ პროგრამის მართვისთვის.

6. სსიპ შემოსავლების სამსახური

სსიპ შემოსავლების სამსახური 3,815 ადამიანს ასაქმებს. მათგან 3,473 თანამშრომელია შტატით, 342 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წლის იანვარ-ივნისში ორგანიზაციის საკუთარი შემოსავალი 112 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 54 მლნ ლარი დაიხარჯა. 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარია გამოყოფილი შემოსავლების სამსახურისთვის. ის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ია, რომელსაც გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირება ევალება.

5. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 4,076 ადამიანს ასაქმებს. მათგან 2,977 თანამშრომელია შტატით, 1,099 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წლის იანვარ-ივნისში უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავალი 26 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 15 მლნ ლარი დაიხარჯა. 2023 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი 50 მლნ ლარი იქნება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ გრანტებსაც მოიცავს, თუმცა ეს გრანტები უნივერსიტეტის საკუთარ შემოსავლად კლასიფიცირდება და არა ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებად.

4. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 4,321 ადამიანს ასაქმებს. მათგან 2,215 თანამშრომელია შტატით, 2,106 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წლის იანვარ-ივნისში უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავალი 62 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 18 მლნ ლარი დაიხარჯა. 2023 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი 131 მლნ ლარი იქნება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ გრანტებსაც მოიცავს, თუმცა ეს გრანტები უნივერსიტეტის საკუთარ შემოსავლად კლასიფიცირდება და არა ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებად.

3. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი 4,441 ადამიანს ასაქმებს. მათგან მხოლოდ 99 თანამშრომელია შტატით, 4,342 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წლის იანვარ-ივნისში ორგანიზაციის საკუთარი შემოსავალი 778 ათასი ლარი იყო. 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 მლნ ლარია გამოყოფილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის. ის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ია, რომლის მისიას მოქალაქეებისთვის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა წარმოადგენს. ცენტრი მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწვდის.

2. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 5,843 ადამიანს ასაქმებს. მათგან 2,878 თანამშრომელია შტატით, 2,965 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წლის იანვარ-ივნისში უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავალი 54 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 15.5 მლნ ლარი დაიხარჯა. 2023 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი 79 მლნ ლარი იქნება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ გრანტებსაც მოიცავს, თუმცა ეს გრანტები უნივერსიტეტის საკუთარ შემოსავლად კლასიფიცირდება და არა ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებად.

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 8,150 ადამიანს ასაქმებს. მათგან 8.044 თანამშრომელია შტატით, 106 კი შტატგარეშედ მუშაობს. 2023 წლის იანვარ-ივნისში ორგანიზაციის საკუთარი შემოსავალი 92 მლნ ლარი იყო. 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარია გამოყოფილი დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის. ორგანიზაციის წლიური ჯამური ბიუჯეტი 173 მლნ ლარია. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ია, რომლის ძირითად საქმიანობას იურიდიული/ფიზიკური პირების ქონებისა და პირადი უსაფრთხოების, ასევე ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა წარმოადგენს.