7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ განახლებული თავდასხმის შემდეგ, ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე გაჩნდა კითხვები, თუ როგორ მოახერხა ერთი შეხედვით იზოლირებულმა სუნიტურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ მსგავსი რესურსების მობილიზება ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევის დასაგეგმად. ბუნებრივია, ისმის კითხვა, ეხმარება თუ არა ვინმე „ჰამასს“ და რა გზებით? სტატიაში სწორედ „ჰამასის“ ფინანსების შესახებ გესაუბრებით.
კონფლიქტის გამწვავებიდან მალევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ჰამასისათვის“ დაფინანსების ახალი წყაროების მოკვლევა და მათი განადგურებისთვის გეგმის შემუშავება დაიწყო. გასულ კვირას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის სამდივნოს წარმომადგენლები კატარში პარტნიორებს შეხვდნენ. სამდივნოს ოფიციალური პირის, ბრაიან ნელსონის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებული განცხადების თანახმად, წარმატების მისაღწევად პარტნიორებს ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავება მოსთხოვეს. მსგავსი მოთხოვნით აშშ-ის ოფიციალური პირები რეგიონში სხვა პარტნიორების წინაშეც წარდგებიან.
თუმცა „ჰამასის“ დაფინანსების მასშტაბების გათვალისწინებით, ტერორისტული ორგანიზაციის ფინანსური ბლოკირება აშშ-ისთვისაც რთულ ამოცანას წარმოადგენს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა „ჰამასის“ დაფინანსებისათვის ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე, სუდანში, თურქეთში, ალჟირსა და კატარში 10-მდე ორგანიზაცია დაასანქცირა.
„ჰამასის“ ფინანსური ქსელი
სუნიტურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, დაფინანსების რამდენიმე წყარო აქვს. აშშ-ის სადაზვერვო ანგარიშების თანახმად, დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წყარო ე.წ. ფანდრაიზინგია. „ჰამასი“ ფინანსების უდიდეს ნაწილს საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან იღებს. გარკვეულ შემთხვევებში კი, საქველმოქმედო ორგანიზაციების გავლით მიღებული სახსრების ნაწილი, ღაზის სექტორში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისათვის დახმარების ლეგიტიმურად მიწოდებას ხმარდება. შესაბამისად, ამ გზებით დაფინანსებული ტერორისტული ორგანიზაციის ფინანსების კონტროლი სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო რთულდება.
ერთ-ერთი ასეთი საქველმოქმედო ორგანიზაცია თურქეთში დაარსებული IHH Humanitarian Relief Foundation-ი გახლავთ, რომელიც „ტერორიზმის დამფინანსებელთა“ სიაში აშშ-მა 2008 წელს შეიყვანა. არსებული ინფორმაციით, ფონდი „ჰამასის“ ხელმძღვანელობამ თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციისათვის გადარიცხვების განსახორციელებლად დააფუძნა.
საინტერესოა, რომ შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლების გარდა, „ჰამასი“ ყოველდღიური ოპერაციებისა და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფინანსებლად სხვა საშუალებებს იყენებს. მაგალითისათვის, „ჰამასი“ ღაზაში დამზადებულ პროდუქციასა და ღაზის სექტორის გარედან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადს აწესებს.
შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი ფინანსური წყარო ირანი და მის მიერ გამოყოფილი დახმარებაა. თუმცა გამოყოფილი დახმარება „ჰამასს“ კონკრეტული გზებით უნდა მიეწოდოს. ერთ-ერთი ასეთი ფინანსური ინსტიტუტები, კონკრეტულად კი ბანკები გახლავთ. წარსულში იორდანიაში მდებარე Arab Bank-ი „ჰამასისთვის“ გადარიცხვების შესრულებისათვის არაერთხელ დაუდანაშაულებიათ. თუმცა, მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა, ჯერჯერობით იურისდიქციული მიზეზების გამო, ამგვარი გადარიცხვების დაბლოკვის შესაძლებლობა არ არსებობს. მაგალითად, ზემოთ ნახსენები თურქული საქველმოქმედო ორგანიზაცია IHH Humanitarian Relief Foundation-ი კვლავ რჩება ამერიკული და გლობალური საბანკო სისტემის ნაწილად.
ბუნებრივია, ტერორისტული ორგანიზაციები და კონკრეტულად „ჰამასი“ საკუთარი ოპერაციების დასაფინანსებლად ნაკლებად ცენტრალიზებულ საშუალებებს, ბლოქჩეინ- და კრიპტოინდუსტრიასაც იყენებს. ბლოქჩეინ-ტექნოლოგიის რთულად მიკვლევადობის გამო, ის ტერორისტული ორგანიზაციებისათვის ტრანზაქციების განსახორციელებლად სულ უფრო პოპულარული საშუალება ხდება. 7 ოქტომბერს, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სპეციალური ოპერაციის შედეგად „ჰამასთან“ დაკავშირებულ კრიპტოსაფულეებს მიაკვლიეს, რომელთა საშუალებითაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ 2019-2023 წლებში $41 მილიონი მიიღო.
როგორც ხედავთ, „ჰამასს“ როგორც ფინანსური წყაროები, ისე ამ რესურსების მისაღები გზები საკმაოდ დივერსიფიცირებული აქვს, რაც მათ მიკვლევას კიდევ უფრო ართულებს. ასეთი მასშტაბური ან თუნდაც ნაკლებად დამაზიანებელი თავდასხმების განხორციელება კი შესაბამისი დაფინანსების გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.