მოსწავლეების შეფასების საერთაშორისო პროგრამამ (PISA) ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. OECD-ის პროგრამა 15 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა და მეცნიერების დარგში უნარებს ამოწმებს და შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც განათლების კრიტერიუმების მაჩვენებლით მოწინავე პოზიციებზე არიან.
კვლევა, როგორც წესი, 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და 81 მონაწილე სახელმწიფოში მოსწავლეების ტესტირებას ითვალისწინებს. PISA-ის უახლესი კვლევა 2022 წლის მაჩვენებლებს ასახავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მონაცემები 690,000 მოსწავლის ტესტირების შედეგად დამუშავდა.
პროგრამის შეფასებით უმაღლესი, 560 ქულა სინგაპურმა დაიმსახურა. სინგაპურელი მოსწავლეების მაჩვენებლები მათემატიკის, მეცნიერებისა და წაკითხულის გააზრების დისციპლინებში უმაღლესი აღმოჩნდა. მონაცემების გათვალისწინებით, სინგაპურელი მოზარდები სხვა ქვეყნის თანატოლებს უნარებში 3-5 წლით უსწრებენ. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში უმაღლეს პოზიციას ბევრი აზიური სახელმწიფო იკავებს.
შეჯამებული შეფასებებით, მოწინავე ქვეყნების სიის ხუთეულში მაკაო, ტაივანი, იაპონია და სამხრეთი კორეა ხვდებიან. მეექვსე პოზიციას კვლავ აზიური ჰონგ-კონგი იკავებს. ევროპული სახელმწიფო კი, რომელიც მხოლოდ მე-7 პოზიციაზე მოხვდა, ესტონეთია. ჩამონათვალში მე-8 პოზიციაზე ჩრდილოამერიკული სახელმწიფო – კანადაა წარმოდგენილი. მე-9 ადგილს კიდევ ერთი ევროპული სახელმწიფო – ირლანდია იკავებს.
1 – სინგაპური
2 – მაკაო
3 – ტაივანი
4 – იაპონია
5 – სამხრეთი კორეა
6 – ჰონგ-კონგი
7 – ესტონეთი
8 – კანადა
9 – ირლანდია
საინტერესოა, რომ უკანასკნელი კვლევის გლობალური შედეგები PISA-ის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოსწავლეების შეფასების საერთაშორისო პროგრამა 2000 წელს დაიწყო და მას შემდეგ 8 კვლევა ჩატარდა. მკვლევრების აზრით, რეკორდულად დაბალი მაჩვენებლები კოვიდპანდემიის ეფექტითაა გამოწვეული, როდესაც მოსწავლეთა უმეტესობას სწავლა დისტანციურ რეჟიმში მოუწია.
რეიტინგში ყველაზე დაბალ პოზიციებს ფილიპინები, უზბეკეთი, კოსოვო, დომინიკელთა რესპუბლიკა და კამბოჯა იკავებს. საქართველოს მაჩვენებლები სამივე კრიტერიუმში (წაკითხულის გააზრება, მათემატიკა, მეცნიერება) საშუალო მაჩვენებელს ქვემოთაა. ჩამონათვალში საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა: იორდანია, ელ-სალვადორი, გვატემალა, დომინიკელთა რესპუბლიკა, მაროკო, პარაგვაი, საუდის არაბეთი, იამაიკა, ალბანეთი და სხვა.