Forbes: 2023 წლის ტოპ-ათი კრეატორი

Forbes: 2023 წლის ტოპ-ათი კრეატორი

ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა, უკვე მეორედ, მსოფლიოს ტოპ-კრეატორების ორმოცდაათეული გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის რეიტინგში შემავალმა პირებმა, ჯამურად მათი 2.6 მილიარდი მიმდევრის დამსახურებით, $700 მილიონი გამოიმუშავეს – 20%-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს ($570 მილიონი).

არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებში მკვეთრადაა გაზრდილი ბრენდების მხრიდან კრეატორებისთვის მარკეტინგული მიზნებით გადახდილი თანხაც. სოციალური მედიის კვლევით ფირმა Influencer Marketing Hub-ის ანგარიშით, ე.წ. კრეატორ-მარკეტინგზე 2023 წელს ბრენდებმა $21 მილიარდი დახარჯეს, მაშინ როდესაც სულ რაღაც 7 წლის წინ აღნიშნული მონაცემი მხოლოდ $1.6 მილიარდს აღწევდა.

მსოფლიოს ტოპ-კრეატორების გამოსავლენად გამოცემა Forbes-მა მარკეტინგული ფირმა Influential-ის მონაცემები გამოიყენა. რეიტინგი კრეატორებს რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით აფასებს, ესენია: შემოსავლები, მიმდევართა რაოდენობა, ჩართულობის მაჩვენებელი და ანტრეპრენიორული საქმიანობა.

წარმოგიდგენთ კრეატორთა 2023 წლის ტოპ-ათეულს:

ჯიმი დონალდსონი (MrBeast)

შემოსავალი: $82 მილიონი

მიმდევრები: 312 მილიონი

საშუალო ჩართულობა: 9.8%

ანტრეპრენიორული ქულა: 4

MrBeast-ის პოპულარობა მის ვიდეოებსა და თავგადასავლებს უკავშირდება, ანტარქტიდაზე 50 საათის განმავლობაში გადარჩენის მცდელობით დაწყებული, „ვონკას“ შოკოლადის ქარხნის მშენებლობით დასრულებული. YouTube-ის ტიტანმა გავლენა და სახელი  მილიონობით დოლარის გამომუშავებისთვის გამოიყენა. მას ეკუთვნის სნექების ფილა Feastables-ი, რესტორნების ქსელი – MrBeast Burgers-ი და Donaldson’s-ის მერჩების ხაზი.

ოლაჯიდე ოლატუნჯი (KSI)

შემოსავალი: $24 მილიონი

მიმდევრები: 112 მილიონი

საშუალო ჩართულობა: 6.5%

ანტრეპრენიორული ქულა: 4

KSI ცნობილი 2009 წელს, YouTube-ზე თავისი ვიდეოების განთავსების შემდეგ გახდა, რომელშიც FIFA-ს ვიდეოთამაშებზე რეაქციებს გამოხატავდა. კომიკოსიდან კი რეპერად და მოკრივედ გარდაიქმნა, 2023 წელს ორი სიმღერაც ჩაწერა, ასევე დააარსა Misfits Boxing-ი და Prime Hydration-ი, რომელიც წელს UFC-ის, „ბარსელონისა“ და „არსენალის“ ოფიციალური სპორტული სასმელი გახდა.

ჯეიკ პოლი

შემოსავალი: $34 მილიონი

მიმდევრები: 66 მილიონი

საშუალო ჩართულობა: 1.6%

ანტრეპრენიორული ქულა: 4

ასევე „იუტუბერი“ ჯეიკ პოლი, რომელიც კრივითაც არის ცნობილი, უჩვეულო კონტენტით გამოირჩევა, როგორიცაა ძაღლის საკვების ჭამა, Icy Hot-ში ბანაობა, მოულოდნელი ტატუები და ა.შ. პოლის სპონსორებს შორისაა ენერგეტიკული სასმელი Celsius-ი, თავად კი ფსონების აპლიკაცია “Betr”-ი დააარსა, რომელმაც უკვე $50 მილიონის ინვესტიციების მოზიდვა შეძლო.

რეტი & ლინკი

შემოსავალი: $35 მილიონი

მიმდევრები: 51 მილიონი

საშუალო ჩართულობა: 0.85%

ანტრეპრენიორული ქულა: 4

სკოლის მეგობრებმა და ყოფილმა ინჟინრებმა – ნამდვილი სახელები რეტ ჯეიმს მაკლაფლინი და ჩარლზ ლინკოლნ ნილ  III – YouTube-ზე კომედიური შოუ 2006 წელს წამოიწყეს. დღეს მათი გასართობი კომპანია Mythical-ი 100 ადამიანს ასაქმებს და ისეთ YouTube-შოუებს ქმნის, როგორიცაა: Good Mythical Morning-ი და კულინარიული გადაცემა Mythical Kitchen-ი.

ჩარლი დ’ამელიო

შემოსავალი: $23 მილიონი

მიმდევრები: 213 მილიონი

საშუალო ჩართულობა: 0.7%

ანტრეპრენიორული ქულა: 4

ჩარლი TikTok-ის ლიდერი კრეატორია, თუმცა ამასთან ერთად უკვე ისეთი ცნობილი ბრენდების სახეც გახდა, როგორიც Prada, Amazon-ი, CeraVe და კიმ კარდაშიანის SKIMS-ია. მის მიერ გამომუშავებული თანხის დიდი ნაწილი კი დასთან ერთად შექმნილ კომპანია Social Tourist-ს უკავშირდება.

ლოგან პოლი

შემოსავალი: $21 მილიონი

მიმდევრები: 74 მილიონი

საშუალო ჩართულობა: 1.25%

ანტრეპრენიორული ქულა: 4

თავისი ძმის მსგავსად, რომელიც აღნიშნული რეიტინგის მესამე პოზიციაზეა, ლოგანიც YouTube-ის კრეატორთა შორისაა. პლატფორმაზე კი ვლოგებითა და ტრიუკებით გამოირჩევა, მათ შორის iPhones-ების გაჩუქებითა და კევინ ჰარტის მსგავს ცნობილ ადამიანებთან ბრძოლით. მიმდინარე წელს WWE-სთან კონტრაქტიც გააფორმა და ძმასთან ერთად პოდკასტ Impaulsive-ს უძღვება.

ელიოტ ტებელი

შემოსავალი: $30 მილიონი

მიმდევრები: 17 მილიონი

საშუალო ჩართულობა: 1%

ანტრეპრენიორული ქულა: 4

ელიოტის ანგარიშები, მათ შორის ckJerry, BeigeCardigan-ი, DudeWithSign-ი და JerryNews-ი 40 მილიონამდე მიმდევარს იზიდავს. თუმცა მისი ქონების დიდი ნაწილი სამაგიდო თამაშების იმპერიას უკავშირდება, რომელიც ცნობილ თამაშს – What Do You Meme-საც აერთიანებს.

ემა ჩემბერლენი

შემოსავალი: $20 მილიონი

მიმდევრები: 28 მილიონი

საშუალო ჩართულობა: 6.25%

ანტრეპრენიორული ქულა: 4

ჩემბერლენი კრეატორებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც Louis Vuitton-თან ითანამშრომლა, მას შემდეგ კი მის სახელს ისეთ ცნობილ ბრენდებთან კოლაბორაციები უკავშირდება, როგორიცაა Cartier-ი, Lancome-ი, Levi’s-ი, Aritzia და Canon-ი. მისი სასმელების კომპანია Chamberlain-ი კი Walmart-ისა და Sprouts-ის ქსელებშია წარმოდგენილი.

მეტ რაიფი

შემოსავალი: $25 მილიონი

მიმდევრები: 22 მილიონი

საშუალო ჩართულობა: 10.7%

ანტრეპრენიორული ქულა: 3

სტენდ-აპ-კომიკოსი სოციალურ მედიას თავისი ლაივ-შოუების გასაყიდად იყენებს. პატარა კლუბში სტენდაპერად ათწლეულის გატარების შემდეგ პოპულარობა ვიდეოპლატფორმა TikTok-ზე მოიპოვა. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში 17 მილიონი TikTok-მიმდევარი გაიჩინა და მისი საერთაშორისო ტურნესთვის 750,000-ზე მეტი ბილეთიც გაყიდა.

ბრენტ რივერა

შემოსავალი: $17.5 მილიონი

მიმდევრები: 96 მილიონი

საშუალო ჩართულობა: 11.25%

ანტრეპრენიორული ქულა: 3

რივერა რამდენიმე ყველაზე პოპულარულ სოციალურ მედიაშია წარმოდგენილი, Vine-ით დაწყებული, YouTube-თა და TikTok-ით დასრულებული. რივერა Streamy Award-ის მფლობელია და ცნობილ ბრენდებთან: Starbucks-თან, Xbox-თან და Prada-სთან თანამშრომლობს.