სპორტული ღონისძიებებისა და ათლეტების პოპულარობის ზრდა, პროპორციულად ზრდის სპორტული ტანსაცმლით დაინტერესებასა და მის გამოყენებას. დღეს გლობალურ ბაზარზე სპორტული ტანსაცმლის რამდენიმე ათეული მსხვილი მოთამაშეა, რომელთაც მოწინავე პოზიციებზე დასამკვიდრებლად მრავალი სირთულე გამოიარეს. Nike-ი, Adidas-ი, Under Armour-ი, Champion-ი, Puma, Asics-ი, Skechers-ი, Lululemon-ი თუ სპორტული ტანსაცმლის სხვა ცნობილი ბრენდები ბაზარზე დომინირებისთვის ბრძოლას დღემდე განაგრძობენ.
თუმცა ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის დასაპყრობად რბოლას საფუძველი ამერიკული Nike-ისა და გერმანული Adidas-ის პაექრობამ ჩაუყარა. ორი გიგანტი დღემდე ინდუსტრიის ლიდერები არიან. სხვადასხვა სპორტის სახეობასთან გაიგივებით, სპორტული ღონისძიებების პარტნიორობითა და სპონსორობით, მსოფლიო დონის ათლეტებთან თანამშრომლობითა თუ მარკეტინგულ-სარეკლამო კამპანიებით ცნობილი ბრენდები მომხმარებელთა არჩევანზე ზემოქმედებას ცდილობენ. დღევანდელ სამყაროში სპორტული ტანსაცმელი ცხოვრების სტილის არჩევანს განასახიერებს, ახალგაზრდობის სიმბოლოა და კომფორტთან ასოცირდება. ამიტომ ტენდენცია, რომლის მიხედვითაც ტრადიციულ სამოსს სპორტული ტანსაცმელი ანაცვლებს, სულ უფრო მზარდია.
Statista-ს მონაცემებით, 2022 წელს ყველაზე დიდი მოცულობის გაყიდვები Nike-ს ჰქონდა. Nike-ის გაყიდვებმა გლობალურად $51.2 მილიარდი შეადგინა, რითაც მან ყველაზე მსხვილი სპორტული ტანსაცმლის კომპანიის სტატუსი დაიმსახურა. მეორეადგილოსანი Adidas-ი ბაზრის დომინანტს გაყიდვებში თითქმის 2-ჯერ ჩამორჩება. Adidas-ის გაყიდვებმა გასულ წელს $24.7 მილიარდი შეადგინა. მესამე ყველაზე მსხვილი სპორტული ტანსაცმლის კომპანია $9.3 მილიარდის მოცულობის გაყიდვებით Puma გახლავთ. მეოთხე პოზიციას $8.1-მილიარდიანი გაყიდვებით Lululemon-ი, მეხუთე ადგილს $7.4-მილიარდიანი გაყიდვებით Skechers-ი იკავებს. Under Armour-ის გაყიდვებმა კი გასულ წელს $5.9 მილიარდი შეადგინა.