LNG-ის $50-მილიარდიანი ბიზნესი | Woodside-ი და Santos-ი შერწყმას გეგმავენ

LNG-ის $50-მილიარდიანი ბიზნესი | Woodside-ი და Santos-ი შერწყმას გეგმავენ

ავსტრალიის ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმსხვილესი კომპანიები ბიზნესების შერწყმას და, შედეგად, ბუნებრივი თხევადი აირის $50-მილიარდიანი კომპანიის დაფუძნებას გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გუშინ ავსტრალიურმა Woodside-მა და Santos-მა ერთობლივად გაავრცელეს.

ცნობისათვის, მსგავსი ტიპის ბიზნესების შერწყმა ცოტა ხნის წინ აშშ-შიც განხორციელდა. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ამერიკულმა ExxonMobil-მა $59 მილიარდად Pioneer Natural Resources-ი შეისყიდა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ $53 მილიარდად Chevron-ისა და Hess-ის შერწყმის შესახებაც შევიტყვეთ. სფეროს ანალიტიკოსების მოსაზრებით, აღნიშნულის მიზეზი მთავრობების კლიმატ-პოლიტიკების მხარდაჭერისაგან მომდინარე ეგზისტენციალური საფრთხეა, რასაც წიაღისეული საწვავის ინდუსტრიაში ოპერირებადი კომპანიები ყველაზე აშკარად გრძნობენ.

თუმცა Woodside-ისა და Santos-ის შერწყმა განსხვავებულია. ორივე კომპანიის პორტფელში ბუნებრივ აირს დომინანტური პოზიცია უკავია, მთავრობა კი აქტიურად ცდილობს ინდუსტრიაში ინვესტიციების შეფერხებას. საინტერესოა ისიც, რომ ორივე კომპანია კლიმატის აქტივისტებთან სამართლებრივ დავაშია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ბუნებრივი აირის პროექტების მთავრობასთან ერთად განხორციელებას. Santos-ს სამართლებრივი პრობლემები ბარბოსას ბუნებრივი აირის საბადოს განვითარებაში უშლის ხელს, Woodside-ს კი მსგავსი პრობლემა სკარბოროს პროექტზე აქვს.

კომპანიები ბიზნესების შერწყმით თხევადი ბუნებრივი აირის ინდუსტრიაში ინვესტირებისთვის ძალისხმევას გააერთიანებენ. გასულ კვირას Woodside-მა Mexico Pacific-თან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი Woodside-ს LNG-ით მოამარაგებს.

შეგახსენებთ, რომ თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ალტერნატივად მიიჩნევა.