ჯაყელები – ფართოდ გახელილი თვალებით

ჯაყელები – ფართოდ გახელილი თვალებით

ხაშმში ცხელა, თუმცა ჩრდილში რომ შეაბიჯებ, გრილი ნიავი უმალ გავიწყებს მზის სიმწველეს. ნიავს აქაური გარემოს სურნელი მოაქვს და კიდევ ერთხელ გახსენებს, რომ სტუმრად ჩამოსული ქალაქელი ხარ. მე ოდნავ შემაღლებულ ადგილზე ვდგავარ. ჩემ წინ ვენახია გაშენებული – მუშტივით შეკრული, სოფლელი ბიჭივით ჯანმრთელი, ტერაკოტის არმიასავით სიმეტრიული და საბრძოლველად გამზადებული. აქ ადრეც ვარ ნამყოფი, თანაც არა ერთხელ და ორჯერ, მაგრამ ყოველ ჯერზე რთველში, როცა ვენახი უკვე საჩუქრის გასაცემადაა მოდუნებული. ამ დროს აქაური არემარეც სხვანაირად გამოიყურება და განსხვავებულადაც ჟღერს; ის ბოშა ქალის კაბებივით ჭრელ-ჭრელი და აქაქანებულია. ამ დროს ყველას საჩუქარი აინტერესებს და არა ამ საჩუქრის გამღები. სულ სხვაა ახლა, ივლისის მწველი მზის ქვეშ, როდესაც ვენახი მედიტაციაში ჩამჯდარი ბუდისტი ბერივითაა და მხოლოდ საკუთარ თავს, მიწას, მზესა და ჰაერს უგდებს ყურს. მის შემხედვარეს ძალაუნებურად გიჩნდება სურვილი, სადმე ახლომახლო ჩამოჯდე, თვალები დახუჭო, თავი ჩაქინდრო და გაირინდო…

„როგორ ფიქრობ, საიდან ეს უეცრად მოვარდნილი სურვილი, შეგეძინათ ვენახი და გეფიქრათ ღვინოების შექმნაზე?” მე და მალხაზ ჯაყელი, 55 წლის, განათლებით მათემატიკოსი, ბოლო 13 წლის განმავლობაში კი ღვინის შემქმნელი მევენახე, თბილისის ერთ-ერთ ღია კაფეში ვსაუზმობთ. როდესაც მალხაზი ფიქრობს, ის თავს ოდნავ გვერდზე ხრის და მხოლოდ მცირე პაუზის შემდეგ გპასუხობს ხოლმე. კითხვის მრავლობითი ფორმა კი მის ძმას, ზაზა ჯაყელს გულისხმობს. სხვანაირად ვერ იქნება. დღეს ჩვენთან არავინ ამბობს, წამო, მალხაზ ჯაყელის ღვინო შევსვათო; ყველა ვამბობთ, – ჯაყელები ხომ არ გაგვესინჯა? მალხაზი ხუმრობს ხოლმე, მე ვოცნებობ, ზაზა კი უკან, მიწაზე მაბრუნებსო. ამ მხრივ ეს ორნი ინი და იანივით არიან, ერთმანეთისაგან განუყოფელი საპირისპირო ძალებივით, რომლებიც ნებისმიერი არსის ცვალებადობისა და განვითარების შემოქმედებით საწყისებს წარმოადგენენ. უფრო გასაგებად თუ გნებავთ, მაშინ ვიტყოდი, რომ ძმები ჯაყელები ძმები კოენებივით შე-მოქმედებენ : ერთი ოცნებობს, მეორე ამ ოცნებას ყიდის, ორივე ერთად კი საოცრად დინამიკური ძალისხმევით ცდილობს რაღაცის შექმნას. ჯაყელებიც ასე არიან. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ განსხვავდებიან ძმები ერთმანეთისგან…

ეს კითხვა, როგორც აღმოჩნდა, მარტო მე არ მომსვლია თავში და ეს ბუნებრივიცაა. მალხაზმა მითხრა, რომ იმავე კითხვაზე პასუხი ელის ფეირინგსაც აინტერესებდა. ფეირინგი ჟურნალისტი და მწერალია, ღვინოზე წერს, და ღვინის სამყაროში ე.წ. „ნატურალური” ღვინის მხარდამჭერად იცნობენ. როგორც ვხვდები, ქალბატონ ფეირინგსაც და მეც ერთი რამ გვქონდა მხედველობაში – ვენახის შესყიდვასა და ღვინის დაყენებაზე შეიძლება ბევრს უფიქრია, მაგრამ საიდან ენთუზიაზმს მიღმა გამოკვეთილი მიზანდასახულობა? მალხაზი თავს გვერდზე ხრის და ფიქრდება. არა, ისეთს ვერაფერს იხსენებს; ჰო, ერთი-ორჯერ ბაბუას რთველში ყოფილა გურიაში, თუმცა მაშინ ძალიან პატარა იყო; მოგვიანებით მამის ზედამხედველობით ღვინის დაყენებაც უცდია, თუმცა არც ეს შემთხვევა მიაჩნია მნიშვნელოვნად ან, მით უმეტეს, გადამწყვეტად. იქნებ ეს ის საღამოები იყო, როდესაც ის თავის მეუღლესთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებს აჭაშნიკებდნენ ხოლმე? არა, რა თქმა უნდა, არც ეს! მალხაზი კიდევ ერთ მოკლე პაუზას აკეთებს და ღიმილით ამბობს: „მოკლედ, შემიძლია გითხრა, რომ თავზე დამეცა ეს ყველაფერი!” ორი დღის შემდეგ იმავე კითხვით ზაზას მივმართე. მისი პასუხი ბევრად ლაკონიური იყო: „გაგიჟდი, რა ვენახი, რის ღვინო?!” ელის ფეირინგს თურმე ბოლომდე არ სჯეროდა ამ პასუხის, მე მჯერა.

როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ჯაყელებზე წიგნს დაწერენ ან ფილმს გადაიღებენ, „ჯაყელების ორგანული ვენახისა და ღვინოების” ისტორიას, რა თქმა უნდა, ხაშმის მიდამოებში გარეულ ქათამზე ნადირობით დაიწყებენ. ნადირობა ადგილობრივებთან ერთად, ტყე-ტყე სიარული, აფრენილი ფრინველების ფრთების ტყლაშუნი და გასროლის ხმები, მერე კი, უკვე საღამოს, ვახშამი აქაურებთან ერთად და, რა თქმა უნდა, ღვინო. სადაც ხაშმი, იქ საფერავი – მდიდარი, ღრმა, ადგილის იდუმალებით სავსე. საუბარი მასპინძელთან, შოთა ფეტვიაშვილთან, და უეცრად საიდანღაც მოვარდნილი იდეა, – ვენახი ხომ არ გაგვეშენებინა აქ სადმე? ქრონოლოგიურად ეს შეიძლება ასეც იყოს და ეს მათი ისტორიის კარგი დასაწყისიცაა, მაგრამ პირადად მე დროში ოდნავ წინ გადაადგილებას ვამჯობინებდი, როდესაც სავენახე ტერიტორიის შესყიდვა უკვე გადაწყვეტილი იყო და ძმები ადგილიდან ადგილზე გადადიოდნენ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. იმ დროს მათ ზუსტად იმდენი იცოდნენ ვენახზე, ყურძენზე და ღვინოზე, რამდენიც მე – ბეისბოლზე, თუმცა უკვე გრძნობდნენ, რომ ადგილობრივების გამოცდილება შეიძლება საკმარისი არ ყოფილიყო იმისთვის, რაც მათ ჰქონდათ ჩაფიქრებული, თუმცა ჯერ ალბათ ამ ჩანაფიქრის არტიკულირებასაც ვერ მოახერხებდნენ. და მაინც, სწორედ ერთ ადგილობრივ კაცთან შეხვედრამ გადაწყვიტა მათი და მათი ვენახის ბედი და ჩემთვის სწორედ აქედან იწყება ჯაყელების ისტორია. „მხოლოდ ეს ადგილი, შვილებო, მხოლოდ ეს ადგილი!” – როგორც მალხაზი ამბობს, ეს სიტყვები ძია ვანოს, ბატონ ივანე ნახუცვრიშვილის, ვენახისა და ღვინის კარგი მცოდნის უწყვეტი მანტრა იყო. „მხოლოდ ეს ადგილი, შვილებო, მხოლოდ ეს ადგილი!” – იმეორებდა მოხუცი და სთხოვდა ძმებს, ყურადღება არ მიექციათ სხვა დანარჩენი, ერთი შეხედვით თითქოს უფრო სარფიანი წინადადებებისათვის. ეს 2000 წელს ხდებოდა. იმ დროს მალხაზი ქვეყნიდან წასვლასაც კი გეგმავდა სამუშაოდ.

როდესაც ან მალხაზი, ან ზაზა თავდაპირველ შეცდომებზე იწყებენ საუბარს, ორივეს ღიმილი ეფინებათ სახეზე; ეტყობათ, რომ მართლაც სერიოზული შეცდომები აქვთ დაშვებული, ნასესხები ფულიც ბევრი დაუკარგავთ. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ზემოთ, იგივე კითხვა მიჩნდება – როგორ მოხდა, რომ ორ თბილისელ ახლად გამოჩეკილ მევენახე-მეღვინეს გული არ აუცრუვდა წარუმატებლობების მთელი კასკადის შემდეგ და როგორ მოხდა ისე, რომ მათ გაგრძელება გადაწყვიტეს. არც ერთ ძმას არა აქვს ამ კითხვაზე პასუხი. მათ, უბრალოდ, გააგრძელეს და კიდევ უფრო მეტი შეცდომა დაუშვეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროცესში იზრდებოდა კიდეც მათი გამოცდილება, ხოლო მეორადი შემეცნების მეშვეობით, ვგულისხმობ წიგნებს მევენახეობა-მეღვინეობაზე, საუბრებს საქმის მცოდნე ადამიანებთან, მოგვიანებით ლექციებს ღვინის კლუბში, კიდევ უფრო მყარდებოდა მათი თეორიული ფუნდამენტი. „ცოტა პედანტი ვარ, – ამბობს მალხაზი და დუმდება. – არა, ცოტა კი არა, ძალიან მაგარი პედანტი ვარ. თუ კირკიტი დავიწყე, ბოლომდე მივყვები ხოლმე. თხილამურზე დგომა წიგნებით ვისწავლე, ჩოგბურთი წიგნებით ვისწავლე, საფონდო ბირჟაზე თამაში წიგნებით ვისწავლე…” ორივეს გვეცინება, რადგანაც მან იცის, რომ მე ეს ვიცი, ჩვენ ერთი და ორი წელი არაა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ის ფაქტი, რომ ვენახთან მიახლოების პროცესში მან ასობით წიგნის შესაძენად დახარჯა ფული მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მეტი გაეგო და, რაც მთავარია, ვენახთან მიდგომის საკუთარი ხედვა შეემუშავებინა, აგრეთვე ბევრს უნდა ამბობდეს მასზე. ამ დროისათვის, აგრძელებს მალხაზი, მან უკვე იცოდა, რომ ერთია ცოდნის ილუზია, ქართველების გადაულახავი სენი, და მეორე – რეალურ შედეგებზე ორიენტირებული, ძალისხმევის შედეგად მიღებული ცოდნა, რომელიც ნებისმიერ ნიუანსს დინამიკაში წარმოადგენს. მერე კი, ამის უკეთ ასახსნელად, ის პინა ბაუშის, გერმანელი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის სახელს ახსენებს. „გახსოვს ბაუშის „კაფე მიულერი”, აი ის, თვალდახუჭულები რომ ცეკვავენ?” – მეკითხება მალხაზი. კი, მახსოვს, რადგანაც მგონია, რომ ეს სპექტაკლი ერთხელ მაინც თუ ნახე, თავიდან ვეღარ ამოიგდებ. „ჰოდა, ორიოდე დღის წინ ვიმ ვენდერსის ფილმი ვნახე, „პინა”, – მიხსნის ის, – და იქ ბაუში ერთ საინტერესო რამეს ამბობს. რაღაც მომენტში მან სიტუაციის აღსაქმელად აუცილებელი შეგრძნება დაკარგა და მისი დაბრუნება მხოლოდ მაშინ მოახერხა, როდესაც შეამჩნია, რომ თვალდახუჭული ცეკვისას ქუთუთოებს მიღმა განსხვავებული გრძნობები იშლება, რომლებიც იმაზეა დამოკიდებული, თუ საითკენ იყურები, დაბლა, მაღლა თუ პირდაპირ. ჩვენც ასე ვიყავით ნიუანსებთან მიმართებაში, გამიგე?” სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ არც ერთ ღვინის შემქმნელ მევენახეს ცეკვის მეშვეობით არ აუხსნია ჩემთვის თავისი საქმიანობა, მაგრამ მგონია, რომ ვხვდები, რის თქმაც უნდა მას. იგივე შეგრძნება ჯაზმენებსა და იმპროვიზატორებს უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ეფემერული, მყიფე სტრუქტურების ამარა რომ გადიან სცენაზე და სპონტანურად ცდილობენ რაღაც მნიშვნელოვანი აკუსტიკური მოვლენის შექმნას. ჯაზმენები ამ მდგომარეობით სულდგმულობენ, მოცემული მომენტის ხიფათითა და ხიბლით სავსე მდგომარეობით. ამ დროს შენი გამოცდილება და ინტუიცია ყველაფერია და ამიტომაც სწორედ ამ ორ ელემენტს უნდა ენდო, რადგანაც მხოლოდ მათი მეშვეობით თუ მოახერხებ ყური დაუგდო დროსა და საკუთარ თავს შენივე ინსტრუმენტის მეშვეობით.

სწორედ ასე „თვალდახუჭულები” უშინაურდებოდნენ და იშინაურებდნენ ვენახს ჯაყელები ხუთი მძიმე, თუმცა ამავე დროს აღმოჩენებით სავსე წლის განმავლობაში. ჩემი თვალით მაქვს ნანახი მალხაზის მიერ სკრუპულოზურად შედგენილი გრაფიკები, ჩანაწერები, ჩანახატები. ასე იხვეწებოდა მათი ვენახთან მიდგომის ნიუანსებიც და მათი, როგორც პოტენციური ღვინის შემქმნელების, ფილოსოფიაც. პოტენციური იმიტომ, რომ თავიდან, სანამ ვენახი მოღონიერების მდგომარეობაში იმყოფებოდა, ჯაყელები სხვისგან შესყიდული ყურძნით ცდილობდნენ ღვინის დაყენებას – როგორც ამბობენ, საკუთარი მოხმარებისთვის. ეს კრივის „მსხალზე” ვარჯიშივით იყო. ასე ცდიდნენ ისინი საკუთარ ძალებს. დღეს ყველამ, ისეთმა ნახევრად „ჩაინიკებმაც” კი, როგორიც მე ვარ, კარგად იცის, რომ ღვინო ვენახიდან იწყება, მაგრამ ცოტას თუ აქვს წარმოდგენა იმაზე, რა ძალისხმევაა საჭირო ღვინოში იმ კონკრეტული ადგილის, სადაც ვენახია გაშენებული, ხასიათმა რომ იჩინოს თავი. ის, რასაც მზე, მიწა, ჰაერი და პლანეტარული განწყობები ქმნიან წლიდან წლამდე, განსხვავებული მისტერიებია და ღვინის შემქმნელ მევენახეს ყური უნდა ჰქონდეს მიგდებული ამ მოუხელთებელი, იდუმალებით მოცული ენერგეტიკული მუხტების ყურძნის მტევანში შესაკავებლად. ზოგს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ ვენახში ადამიანის სერიოზულად ჩარევის შედეგად შეიძლება მოხდეს, ზოგი კი საპირისპიროშია დარწმუნებული. ეს დავა მანამ გაგრძელდება, სანამ დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო გააგრძელებს ბრუნვას. 2004 წელს ჯაყელები არასამთავრობო ორგანიზაცია „ელკანაში” გაწევრიანდნენ და ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობილი ნაბიჯი. „ელკანა” ქვეყანაში ბიომეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ორგანიზაციაა და სწორედ ამ ორგანიზაციის წევრებთან საუბრებისას გაუმტკიცდათ ჯაყელებს აზრი იმის თაობაზე, რომ თუ ვენახი გაქვს, ის ორგანული უნდა იყოს, რაც ნიშნავს ზედმეტად არ ჩაერიო მისი მზის ქვეშ დამკვიდრების პროცესში და მისცე მას თავის ჭკუაზე განვითარების საშუალება. ადგილობრივი მევენახეების დაჟინების მიუხედავად, ჯაყელებმა თავიდანვე შეწყვიტეს ვენახის მორწყვა და კულტივირებისათვის აუცილებელი თითქმის ყველა პროცედურის ჩატარება; ისინი ყველა სარეველასაც კი არ ებრძვიან ვენახში, რადგანაც მიაჩნიათ, რომ მათთან ბრძოლაც ადგება ვენახს მოღონიერებისათვის. 2005 წელს კი ჯაყელებმა საკუთარი ვენახიდან მოწეული ყურძნისგან დაწურული ღვინო ჩამოასხეს პირველად და ამ დროისათვის მათ უკვე გააჩნდათ ყველაზე მთავარი – საკუთარი ვენახის შეგრძნება და ღვინის კეთებისათვის აუცილებელი, მხოლოდ მათებური ხედვა.

ხაშმში ცხელა. ვაზის რიგებს შორის ოთხნი მივაბიჯებთ: ზაზა, მალხაზი, ჯემალი – მათი ხაშმელი მარჯვენა ხელი – და მე. ისინი თავიანთ საქმეებზე საუბრობენ, ჯერ მხოლოდ ივლისია, შესაბამისად, გასაკეთებელიც ძალიან ბევრია. წინა რამდენიმე დღის განმავლობაში, მალხაზთან საუბრებისას, მან კარგად დამანახა მერყევი, ოდნავ შეშინებული, შემდეგი ნაბიჯისათვის არცთუ კარგად შემზადებული, თუმცა კი მიზანდასახული ადამიანების პორტრეტები. „განტოტილი და უსასრულოა მერყევთა ბუნება!” – ეს ფრაზა „ბჰაგავადგიტადან” უკვე რამდენიმე თვეა, ამეკიდა და ახლაც, ჯაყელების ვენახში სეირნობისას მოულოდნელად ამომიტივტივდა თავში, თუმცა ახლა, თითქმის ცამეტი წლის შემდეგ, რაც მათ ვენახსა და ღვინოზე დაიწყეს ფიქრი, ვხვდები, რომ ეს შიში და მერყეობა ორივეს უკან აქვს მოტოვებული. მოცემულ მომენტში მხოლოდ შ ე მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს სიხარულზე შეიძლება საუბარი და არა მერყეობაზე. მათი ეს განწყობა მათსავე ქცევაშიც ჩანს და ვენახზეც აისახება. სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ, ამჯერად უკვე მათს პატარა მარანში ყოფნისას, უჟანგავი ფოლადის უზარმაზარი ჭურჭლების გარემოცვაში, სადაც ღვინო სამივე დროში – წარსულში, აწმყოსა და მომავალში ერთდროულად იმყოფება, როდესაც მალხაზი შეეცდება დაწვრილებით ამიხსნას, თუ როგორ ეპყრობიან ჯაყელები რთველის შემდეგ მარანში მოხვედრილ ყურძენს და მერე უკვე ღვინის მიმართულებით მიმავალ წვენს, მე ხუმრობით შევთავაზებ მას მოასმენინოს მუსიკა მოგზაურობაში მყოფ ყურძნის წვენს და იცით, რას მიპასუხებს ის? „რატომაც არა, შეიძლება ამაზე ფიქრი!” – ოღონდ ხუმრობით კი არა, სრულიად სერიოზულად და ჯაყელების ვენახში სეირნობიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ უეცრად მივხვდები ყველაზე მნიშვნელოვან რამეს: ამ კაცისთვის სრულიად უცნობია ქედმაღლობის შეგრძნება ვენახის, ყურძნის, ღვინისა და მათი ღვინის მომხმარებელთა მიმართაც. ეს უკვე კარმაშეცვლილი ადამიანის მიმართებაა გარე სამყაროსთან. ამას რომ მივხვდები, უკვე თბილისში დაბრუნებისას სასწრაფოდ გადავახვევ ჩვენი ხანგრძლივი საუბრების ჩანაწერს და აი ამას გადავაწყდები: „ეს ყველაზე კარგი რამაა, რაც ცხოვრებაში მიკეთებია და მწვერვალი ყველაფერი იმისა, რაზეც მიოცნებია. ღვინომ უკეთეს ადამიანად მაქცია. პირადად მე 55 წლის ვარ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამაზე უკეთესი რამის გაკეთებას შევძლებ ცხოვრებაში”.

რაც შეეხება იმის ტექნიკურ ასპექტებს, თუ როგორ ეპყრობიან ჯაყელები მარანში მიყვანილ ყურძნის წვენს, მოდი, ამ მისიას ლევან სეფისკვერაძეს, ღვინის ლაზათიან მცოდნესა და ჯაყელებზე საინტერესო ტექსტის ავტორს მივანდობ. ყველაფერთან ერთად იმაზეც მიგანიშნებთ, რომ მე ერთადერთი არ ვარ, ჯაყელებზე რომ გადაწყვიტა საუბარი:

„ჯაყელების ღვინო ბუნებრივი მეთოდებით, ყოველგვარი ქიმიური ჩარევის გარეშე მზადდება… პირველადი ფერმენტაციის შემდეგ, ღვინო შეაქვთ მარანში, სადაც ამ დროს შედარებით მაღალი ტემპერატურაა (დაახლოებით 18 გრადუსი), რათა ღვინომ გააგრძელოს დუღილი. რომელიც გადაიზრდება ვაშლრძემჟავა, ანუ მალოლაქტიკურ დუღილში. ისინი რთველს საკმაოდ გვიან – ოქტომბრის მიწურულს იწყებენ. ფერმენტაცია საშუალოდ ორი-სამი კვირა გრძელდება ხოლმე და მალოლაქტიკური დუღილი ზოგჯერ თვეზე მეტიც გაგრძელებულა. ამასობაში დეკემბერიც დგება. ხაშმში უკვე ცივა და ტემპერატურა მარანშიც საგრძნობლად ეცემა. ამ დროს ჭურჭლები ბოლომდე ივსება და ჰერმეტულად იხურება. ამავე დროს ხდება ღვინიდან ე.წ. ღვინის ქვის გამოლექვა, რაც ასევე აუცილებელი პროცესია, როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინისათვის. ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს მაცივარ-დანადგარების გარეშე. ქარხნული მაცივრების როლს ბუნებრივი სიცივე ასრულებს. მარტის ბოლოდან, ან აპრილის დასაწყისიდან ღვინოს კიდევ ერთხელ გადაიღებენ. ადრე ისინი წითელ ღვინოს კვერცხის ცილით (ეს ძველი ფრანგული მეთოდია) ამუშავდებდნენ, წმენდნენ და ძველ ფრანგულ მუხის კასრებსაც იყენებდნენ დასავარგებლად, თუმცა დაწყებული 2009 წლიდან ამ მეთოდზეც და მუხის კასრებზეც უარი თქვეს და ღვინოს ბოთლებში მხოლოდ ორი წლის შემდეგ ასხამენ და ბოთლშიც ექვსი თვის განმავლობაში აძველებენ, სანამ ის თაროზე მოხვდება. ასეთი გრძელი გზის გავლა უწევს ჯაყელების ღვინოს, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს. ჯაყელების ღვინოები გაუფილტრავად არის ჩამოსხმული ან უფრო სწორად, ბუნებრივად არის დაწმენდილი და სპეციალური ღვინის ფილტრები ჩამოსხმისას არ გამოიყენება”.

იმედი მაქვს, ცოტა იმის შესახებაც გაინტერესებთ, თუ რას ფიქრობენ თვითონ ძმები ჯაყელები თავიანთ საფერავზე დაწყებული 2005 წლიდან. მაშ ასე, აი ყური დაუგდეთ: 2005: – „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია, არადა, ბევრი გავაკეთეთ! ზოგჯერ მგონია, რომ ადგილმა გვაჩუქა ეს ღვინო; 2006 – ეს ჩვენი ღვინო არ იყო… ღვინის ერთ-ერთ ქარხანას მივმართეთ და კლერტი იქ გავაცლევინეთ; 2007 – ცივი წელი იყო, თუმცა მაინც, ღვინო რაღაცას დავამსგავსეთ; 2008 – ფრანგული მუხის ნახმარი კასრები შევისყიდეთ. თითქოს სადაც წითელი ღვინო, იქ მუხის კასრიც, არა? კარგი ღვინო გამოგვივიდა, თუმცა არ ვიცი, არ ვიცი… 2009 – ცივი ზაფხული იყო, განსაკუთრებით აგვისტო, გვეგონა, რომ წელი ჩაგვივარდებოდა, თუმცა სექტემბერ-ოქტომბერმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა… ჩვენი ღვინოა! 2010 – მე – „ახლა არ მითხრა, რომ ესეც არაა თქვენი ღვინო!” მალხაზი: – არაფერს მპასუხობს, უბრალოდ ეღიმება. მან იცის, რომ ჯაყელების 2010 წლის საფერავი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი მათ შეუქმნიათ… 2011 და 2012 წლის ღვინოებზეც დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ალბათ ადრეა.

რეპუტაცია ძალისხმევის პროპორციულად მოდის. ჯაყელების „საფერავმა” ჯერ კიდევ მანამ გაითქვა სახელი საქართველოში, სანამ ძმები შპს „ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოებს” დააარსებდნენ 2009 წელს. ამ დროისათვის ისინი ორგანული ღვინის რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზეც მოხვდნენ, თავისი ღვინოებიც გაასინჯეს და სხვისიც გასინჯეს. მერე კი ნელ-ნელა დაიწყო ზარები გერმანიიდან, შვეციიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან… არა, დიდი შეკვეთები არ იყო (ყველაზე მეტი, 600 ბოთლი, იაპონიაში გაიყიდა), მაგრამ მზარდმა ინტერესმა მათს პროდუქტზე კიდევ უფრო გაუძლიერა ძმებს იმის შეგრძნება, რომ რასაც ისინი აკეთებდნენ, ნამდვილად ღირდა ძალისხმევად. ამის კიდევ ერთი, და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დასტური მზარდი ადგილობრივი გაყიდვებიც აღმოჩნდა. ეს თანხები, რა თქმა უნდა, ისევ ვენახსა და მარანს მიუბრუნდა. საქმე ძალიან ბევრია. ჯაყელები დარწმუნებულები არიან, რომ საუკეთესო ღვინო ჯერ კიდევ არ შეუქმნიათ…

ისევ პინა ბაუშს დავუბრუნდები: „მე არ მაინტერესებს, როგორ მოძრაობენ ადამიანები; მე მაინტერესებს თუ რ ა ამოძრავებთ მათ”, – თქვა მან ერთხელ და მისი ეს სიტყვები თითქოს ზედგამოჭრილია მათთვის, ძმები ჯაყელების ჩათვლით, ვინც სრულიად ახალი, განსხვავებული სივრცე გააჩინა ქართული ღვინის ბაზარზე. მე მათ „მესამე ძალას” ვუწოდებ, იმიტომ რომ ისინი, თუმცა კი ტრადიციაზე დაყრდნობით, მაგრამ მაინც ტრადიციისა და დიდი მწარმოებლების მიერ გაკვალულ გზებს მიღმა ეძებენ თავიანთ ღვინოს და რაც მთავარია, მათი ღვინის ფილოსოფია ადამიანისა და ღვინის ინტიმური ურთიერთობის დასაბრუნებლადაა მიმართული, რომლის დროსაც ორივე მხარეს ეძლევა შეკითხვის დასმის უფლება – ადამიანსაც და ღვინოსაც. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თუ ყურძენს აცლი თავისით გაიკვლიოს გზა ღვინის მიმართულებით, მაშინ ეს „საუბარიც” განსაკუთრებული იქნება. დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩემს ერთ ტექსტში ღვინოსა და ღვინის შემქმნელ მევენახეებზე, ასეთი რამ ვთქვი: „მიუხედავად იმისა, რომ ქართველები „ღვინი აკვანში” რწევა-რწევით მოვღონიერდით, ჩვენი ყველაზე დიდი სირცხვილი მაინც ღვინოსთან ურთიერთობაა. მასთან მიმართებაში ჩვენ ნამდვილად „ჩავიჭერით” და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ონიშჩენკომაც კი დაგვიწუნა ნახელავი. ამაზე შემაშფოთებელი სხვა რა უნდა ვთქვა?” ვფიქრობ, ახალი არაფერი მითქვამს, მაგრამ კონტექსტი, სადაც ეს ითქვა, იმ დინამიკას გულისხმობდა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა ღვინომ სხვა მიმართულებით გადადგა ნაბიჯი. ეს დინამიკა სწორედ ძმები ჯაყელების და სხვა „დილეტანტი” ღვინის შემქმნელი მევენახეების დამსახურებაა. რამაზ ნიკოლაძე, სოლიკო ცაიშვილი, ნიკი ანთაძე, ჯონ ვურდემანი, გიორგი მაყაშვილი, იაგო ბიტარიშვილი, დიდიმ მაღლაკელიძე, კახა ბერიშვილი, ნიკა ბახია, გაიოზ სოფრომაძე… სია ბევრად, ბევრად უფრო ვრცელია – ყველა ეს ღვინის შემქმნელი მევენახე ჯაყელებივით მოუხეშავად იწყებდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის აღმოჩნდა, თუ რა ამოძრავებდა მათ. ამ ადამიანებმა ქართული ღვინო ხიფათს მოაცილეს და ღვინოსა და მის მომხმარებელს შორის ახალი დისკურსი გააჩინეს. საკუთარ შეცდომებზე, ინტუიციაზე, ცოდნასა და განსაკუთრებულ ძალისხმევაზე დაყრდნობით მათ საკუთარი სიღრმეებიდან „ამოქაჩეს” თავიანთი ღვინოები და საკუთარ ენაზევე აალაპარაკეს ისინი. არ ვიცი, როგორ მოახერხეს მათ ეს…

ეს, თუ არ ვცდები, 2003 წელს მოხდა. ქუჩაში ვიდექი, როდესაც ჩემ წინ მანქანა გაჩერდა. მალხაზი იყო. მანქანიდან გადმოვიდა და ცოტა წავისაუბრეთ. მე და ზაზამ ვენახი ვიყიდეთ და ღვინის კეთება დავიწყეთო, მითხრა ოდნავ მორიდებული ღიმილით. წარმატებას გისურვებთ-მეთქი. თუ სწორად მახსოვს, ეს სიტყვები ისე, ზრდილობისათვის ვთქვი…