ფეხქვეშ მოძრავ ტორფიან ჭაობსა და ღრუბლებად დაჯგუფებული მკბენარა ბუზების გარემოცვაში სამი კილომეტრი გავიარეთ ნიუფაუნდლენდის პირქუში ჩრდილო ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ მდინარე-ნაკრძალის, კასტორის, ატლანტიკური ორაგულის გუბურებს. მე და აივონ ჩოუნარდი – სპორტული ტანსაცმლის კომპანიის, Patagonia-ის 63 წლის დამფუძნებელი – სისხამი დილის ნისლში გახვეულები თვითნაკეთ სატყუარას ვისვრით ტანინით შეფერილ წყალში.
ერთი საათის განმავლობაში ვერც ერთმა თევზი ვერ დავიჭირეთ – ორაგულები განწყობაზე არ იყვნენ – ასე რომ, მე დინებას უფრო ზევით ავუყევი. მთელი შუადღე გუბურიდან გუბურაზე დავხტოდი, შემდეგ უკან დავბრუნდი ბასკურ სათევზაო ბერეტში გამოწყობილი ჩოუნარდის მოსაძებნად. ისევ იქ დამხვდა, სადაც დავტოვე, ჯიუტად აგრძელებდა დაწყებულ საქმეს: სატყუარას ცვლიდა და კვლავ და კვლავ დაუღალავად, თითქმის დონკიხოტური შემართებით ისროდა ანკესს. ასე იჯდა, სანამ მზის ჩასვლისას ხელცარიელებმა არ დავტოვეთ იქაურობა.
წინა დღით ჩოუნარდი თავისი ადრეული ბავშვობის მოგონებებზე მესაუბრა. როგორც აღმოჩდა, მის ფრანგ-კანადელ მამას დანტისტები დიდად არ უყვარდა. ასე რომ, როდესაც მოხუცს კბილი ჰქონდა ამოსაღები, ის სამზარეულოს მაგიდას მიუჯდებოდა, ვისკის გადაჰკრავდა და თვითონვე იძრობდა კბილებს ელექტრიკოსის ბრტყელტუჩათი. აშკარაა, რომ მამის ეს ჯიუტი ხასიათი შვილს მემკვიდრეობით ერგო.
„თუ მართლა გინდა თევზის დაჭერა, მაშინ ჭიაყელით უნდა ითევზაო”, – მიხსნის ჩოუნარდი მოტელში ვირთევზათი სადილობისას და მუქ მწვანე თვალებს ჭუტავს, – „მაგრამ თევზაობა მხლოდ თევზის დაჭერა არ არის. თვითონ პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბოლოო მიზანი”. დაახლოებით $250-მილიონიანი ქონების მფლობელ, სპორტული ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის მეპატრონე ჩოუნარდს, 20 წლის წინანდელი Patagonia Synchilla-ის პულოვერი, გაცრეცილი ჯინსი და გაცვეთილი კედები აცვია. ეს მისი იმიჯის ნაწილია; კომპანია Patagonia-ის პოლიტიკის თანახმად, მისი შემოსავლების 1% გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრას ხმარდება.
„მწერებით თევზაობა თევზის დაჭერის იოლი და მარტივი გზა ნამდვილად არ არის. უნდა ისწავლო – უნდა გაიგო უამრავი რამ მწერების შესახებ, უნდა ისწავლო წყლის ენა და ანკესის სროლა. ამას მოაქვს სრულიად ახალი ემოციები და განცდები, რომელთა შესახებაც მანამდე წარმოდგენაც არ გქონდა; და ნელ-ნელა შენც შესაფერისი ადამიანი ხდები”. ბუნების წიაღში გატარებულმა დრომ მიიყვანა იგი ამ ფილოსოფიამდე და დაეხმარა – როგორც თავად უწოდებს საკუთარ თავს – „არარაობა” (ერთი პერიოდი იგი მიტოვებულ ინსინიატორში ცხოვრობდა) იმ ბრენდის მეთაურად ექცია,რომელიც დღეს Abercrombie & Fitch-სა და Eddie Bauer-ს უწევს მეტოქეობას.
ყველაფერი კი სიმაღლეების დაპყრობით დაიწყო. 1950 წელს ახალგაზრდა ჩოუნარდს, არმიის ვეტერანსა და ჰოვარდ ჰიუჯის ყოფილ კერძო დეტექტივს, მობეზრდა ბურბანკის (კალიფორნიის) პროვინციული ცხოვრება და გულმა მთებისაკენ გუწია.კლდეზე ცოცვა ძალიან მოეწონა – მხოლოდ კლდე, გონება და კუნთები. ჩოუნარდისათვის მწვერვალის დაპყრობა ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო, მისი მიღწევის პროცესი ხიბლავდა. მან ძალიან მალე გაითქვა სახელი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მცოცავმა. 1964 წელს მან განახორციელა პირველი ასვლა ჩრდილო ამერიკის კედელზე (North America Wall), იოსემიტის El Capitan-ზე, რომელიც იმ დროისათვის მსოფლიოს ყველაზე რთულად ასასველ კლდედ ითვლებოდა. მაშინ მხოლოდ 26 წლის იყო.
თუმცა ჩოუნარდი ცნობილი არა კლდეზე ცოცვამ, არამედ მეტალურგიამ გახადა. იგი უკმაყოფილო იყო კლდეზე ცოცვისას სხვა მთამსვლელების მიერ გამოყენებული ფოლადის კაუჭების სიმყიფით, ამიტომ თვითონ შეისწავლა სამჭედლო საქმე და შექმნა კაუჭი ქრომნიკელის ფოლადისაგან, რომელიც იმდენად ძლიერი და მსუბუქი იყო, რომ სრულიად შეცვალა სპორტის ეს სახეობა. 1969 წელს მან შექმნა ახალი მორკალური ყინულის წერაქვი Piolet, რომელმაც მთამსვლელებს უკეთესი ჩაჭიდების საშუალება მისცა – მაგალითად, გაყინული ჩანჩქერის გლუვ ზედაპირზე ასვლისას. „კლდესა და ყინულზე ცოცვისას ბევრ სირთულეს ვაწყდებოდი. ასე რომ, ავიღე არსებული პროდუქტები და გავაუმჯობესე ისინი, უფრო გამოსადეგი გავხადე”, – ამბობს იგი.
კომპანია Patagonia-ში, რომელიც 1972 წელს დააფუძნა, ის იმავე ფილოსოფიით მიუდგა სპორტული სამოსის დიზაინს. იქიდან გამომდინარე, რომ ტროპიკულ ადგილებში თევზაობისას მუდმივად ექმნებოდა ტანსაცმელში ოფლიანობის პრობლემა, ჩოუნარდს ახალი ქსოვილის შექმნის იდეა გაუჩნდა. 1998 წელს მან წარადგინა ქსოვილი Patagonia’s Puckerware, რომელიც კანის ზედაპირიდან სისველეს იწოვს. „თქვენს კანს მხოლოდ 25% ჰაერგამტარი პოლიესტერისა და კოტონის ნარევი ეხება, – მიხსნის იგი. – მას არ სჭირდება გაუთოება და ადვილად ირეცხება. ის ფუნქციურია და არა – მოდური”, – აქ იგი სათანადოდ არ აფასებს მსგავსი პროდუქციის გენიალობას: სწორედ მისი უაღრესი ფუნქციურობა განაპირობებს მის მოდურობას.
მთამსვლელობამ ჩოუნარდს სხვა რამეც ასწავლა: არ გადააჭარბოთ საკუთარ შესაძლებლობებს. „ალპინისტობა იგივე რისკის მენეჯმენტია, – ამბობს იგი. – თუ 5,10 (იგულისხმება სირთულის დონე) დონის მთამსვლელი ხარ, მაშინ არავითარ შემთხვევაში მარტო არ უნდა წახვიდე 5,11 სირთულის მწვერვალის დასალაშქრად – საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა იმოქმედო”. ეს არის მისი მანტრა Patagonia-შიც. როდესაც სპორტული ტანსაცმლის სხვა კომპანიებმა – მაგალითად, Columbia Sportwear-მა – აქციები ღია ბაზარზე გამოიტანეს, ჩოუნარდმა ცდუნებას გაუძლო. „მე ვცდილობ შევინარჩუნო კომპანიის ზრდის ბუნებრივი ტემპები, წელიწადში დაახლოებით 10%, რათა რეალური მოთხოვნა დავაკმაყოფილო, – ამბობს იგი. – როგორც მთამსვლელმა, ძალიან კარგად ვიცი, რა შემიძლია. იგივე ეხება კომპანიასაც”.
მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედება სრულიადაც არ გულისხმობს იმას, რომ უარი უნდა თქვა განვითარებასა და წინსვლაზე სპორტსა თუ ბიზნესში. მართალია, მისი შევერცხლილი თმა ამხელს მის ასაკს, მაგრამ 165 სმ-ს სიმაღლის სხეულს მშვენიერ ფორმაში ინარჩუნებს კლდეებზე ცოცვითა და თავგადაკლული თევზაობით. თუმცა ბოლო დროს ამ უკანასკნელით უფროა დაკავებული, შესაძლოა სატყუარათი თევზაობის რიტმულობის გამო – სატყუარას გადაგდებისა და მისი წყალზე მოძრაობის რიტმი მას სამჭედლო წარსულში აბრუნებს და მის მთავარ რწმენას უმტკიცებს: საშუალება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიზანი. „მდინარეში სატყუარას გადაგდებას განსაკუთრებულ სივრცეში გადაჰყავხარ”, – მითხრა მან. ის კი, რაც გამოტოვა, ასე ჟღერს: თუ ამ ყველაფერს კარგად გააკეთებ, მაშინ საბოლოოდ თევზსაც დაიჭერ.