QS World University Rankings-ის 2025 წლის სია გასაჯაროვდა, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებია თავმოყრილი. რეიტინგის სათავეში, უმაღლესი შეფასებით, კვლავ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტია (MIT), რომელიც აშშ-ში, კემბრიჯში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ MIT სიას ზედიზედ 13 წელია, ლიდერობს.
მეორე და მესამე პოზიციაზე დიდ ბრიტანეთში მდებარე უნივერსიტეტებია: ლონდონის იმპერიული კოლეჯი, რომელიც მე-6 პოზიციიდან მეორე ადგილზე გადავიდა და ოქსფორდის უნივერსიტეტი, რომელიც მესამე ადგილზეა. პირველს 98.5 ქულა აქვს, მეორეს კი – 96.9.
ჰარვარდის უნივერსიტეტი განახლებულ რეიტინგში კვლავ მეოთხე ადგილზეა 96.8 ქულით. მას მოჰყვება კემბრიჯის უნივერსიტეტი, რომელიც ხუთეულს 96.7 ქულით ასრულებს.
საუკეთესო უნივერსიტეტების გამოსავლენად 1500-ზე მეტი სასწავლებელი შეფასდა. შეფასება კი მილიონობით აკადემიურ კვლევასა და ექსპერტის ანალიზს ეყრდნობა. QS World University Rankings-ის შესადგენად შემდეგი ინდიკატორები გამოიყენეს: აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების რაოდენობის თანაფარდობა, ციტირების მაჩვენებელი, საერთაშორისო აკადემიური პერსონალისა და საერთაშორისო სტუდენტების წილი საერთო რაოდენობაში, მდგრადობა, დასაქმების მაჩვენებელი, დამსაქმებლის რეპუტაცია, საერთაშორისო კვლევითი ქსელი (კვლევების გლობალური მნიშვნელობა) და სხვა.
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები 2025 წლისთვის:
- მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ) – 100 ქულა
- ლონდონის იმპერიული კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი) – 98.5 ქულა
- ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) – 96.9 ქულა
- ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ) – 96.8 ქულა
- კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) – 96.7 ქულა
- სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ) – 96.1 ქულა
- ETH Zurich – ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (შვეიცარია) – 93.9 ქულა
- სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი (სინგაპური) – 93.7 ქულა
- UCL – ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (გაერთიანებული სამეფო) – 91.6 ქულა
- კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ) – 90.9 ქულა