სპორტის სამართლის სპეციალისტი, Transfermark-ის ექსპერტი

ახალი სტადიონი - საჭიროა?

რატი ახალია 2

ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელმა წარმატებამ და საფეხბურთო ნაკრებისადმი მოსახლეობის დიდი ნაწილის კეთილგანწყობამ, ხელისუფლებას ამ მიმართულებით პოპულისტური დაპირების გაცემის სტიმული გაუჩინა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ახალი არენა 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და უმაღლეს, თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს (ალბათ იგულისხმება უეფას IV კატეგორია – ავტ.). მოგვიანებით მან იგივე დაპირება პარლამენტში და ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების ცერემონიაზეც გააჟღერა.

როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები გულშემატკივრებში ყოველთვის მხარდაჭერას იმსახურებს. ასევე ნათელია, რომ ახალი, თანამედროვე სტადიონის მშენებლობა თბილისის ისეთ უბანში, რომელიც ქალაქის ცენტრისგან საკმაოდ შორსაა, გარკვეულწილად ხელს შეუწყობს მის განვითარებასაც, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საფეხბურთო ნაკრებსა თუ კლუბებს დამატებით კიდევ ერთი თანამედროვე არენის ალტერნატივა გაუჩნდებათ მნიშვნელოვანი მატჩების ჩასატარებლად.

თუმცა, თუკი ამ საკითხს ეკონომიკური და ასევე ფეხბურთის განვითარების კუთხით შევხედავთ, შეიძლება პროექტმა დანახარჯის შესაბამისი შედეგები ვერ მოიტანოს. ასევე უნდა დაისვას კითხვა – საერთოდ რამდენად საჭიროა ასეთი მასშტაბის სტადიონი?

საქართველოს ან მეზობელი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასახელოთ თანხა, რომლის გაღება გადასახადის გადამხდელებს მოუწევთ. მინიმალური რესურსი, რომელიც შესაძლოა საკმარისი იყოს მსგავსი სტადიონის ასაშენებლად, 250-300 მილიონი ლარის ფარგლებშია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა რამდენიმე მიზეზით არის ნაკარნახები: ახალი სტადიონი მოგვცემს საერთაშორისო მასშტაბის უმნიშვნელოვანესი მატჩების მასპინძლობის საშუალებას, რომლის შესაძლებლობასაც „დინამო არენა“ არ იძლევა; ასეთი შეიძლება იყოს 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას. ახალი სტადიონი იქნება ბრიტანული სტილის, რაც გულისხმობს იმას, რომ სარბენი ბილიკები არ გაკეთდება და ტრიბუნები საკმაოდ ახლოს იქნება მოედანთან. ეს კი, მთავრობის ხელმძღვანელის აზრით, „უზრუნველყოფს მაქსიმალურ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, სპორტული წარმატებისთვის“. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ ისიც, რომ ფეხბურთში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიქნებით და შეგვიძლია, ახალი არენა ამ ღონისძიებისთვისაც გამოვიყენოთ.

როდესაც საუბარია საერთაშორისო მასშტაბის მატჩებზე, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც „დინამო არენა“, ასევე ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ აკმაყოფილებს უეფას IV კატეგორიის მოთხოვნებს და, შესაბამისად, ნებისმიერი საკლუბო თუ სანაკრებო თამაშის გამართვა სავსებით შესაძლებელია. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ, რომ თუ საუბარია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, 2015 წელს იმავე დონის მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა და მისი განახლების შემთხვევაში, რაც გაცილებით ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, შესაძლოა მსგავსი საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალი სტადიონის ხარჯებს ასეთი დონის მატჩიდან მიღებული შემოსავალი ვერ დაფარავს. ასევე, სტადიონის მოვლისა და შენახვის ხარჯები არცთუ მცირე რესურსს მოითხოვს.

ახალი სპორტული არენის მშენებლობის მხარდამჭერებმა შესაძლოა არგუმენტად ისიც მოიშველიონ, რომ შესაძლებელია ახალი სტადიონის იჯარით გაცემა რომელიმე ადგილობრივ საფეხბურთო კლუბისთვის, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სტადიონის მოვლა-შენახვას. სამწუხაროდ, არცერთ ადგილობრივ კლუბს არ გააჩნია ამისთვის საკმარისი რესურსები და არც საჭიროება აქვს 70-ათასიანი სტადიონის იჯარით აღების. ევროსარბიელზე მოასპარეზე ქართულ კლუბებს გაცილებით ნაკლებ ფასად შეუძლიათ საკმარისი ტევადობის სტადიონის მოძებნა. მაგალითად, ასეთია „მიხეილ მესხის სტადიონი“ (თბილისი), „დინამო არენა“ (თბილისი), „დავით პეტრიაშვილის სტადიონი“ (თბილისი), „თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი“ (გორი).

არცთუ დამაჯერებელია ასევე მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ „ბრიტანული სტილის“ სტადიონი ხელს შეუწყობს სპორტული შედეგების გაუმჯობესებას. თუნდაც ასე იყოს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია „აჭარაბეთ არენას“ და „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის“ გამოყენება. ფაქტია, მათი ტევადობა 70 ათასზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და შესაძლოა, ზუსტად ისეთივე ატმოსფეროს შექმნა ვერ უზრუნველყოს, თუმცა, მეორე მხრივ, ამ მიზეზით 300 მილიონი ლარის ინვესტირება ახალ სტადიონში არცთუ გამართლებულია. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფეხბურთის განვითარებისთვის სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ბევრად უფრო პრიორიტეტულია და ამ თანხის ამ მიმართულებით დახარჯვა გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანი იქნება. ასევე ბუნდოვანია „დინამო არენას“ ფუნქცია ახალი სტადიონის პირობებში, რომელსაც თითქმის მთლიანად გაუქრება შემოსავლის წყარო, რადგან ნაკრების თამაშები უკვე სხვაგან ჩატარდება. თბილისის „დინამო“ დღეს არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია და ფინანსური კუთხით შეიძლება მეტადაც დაზარალდეს.

ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს ზომის ევროპული ქვეყნების მაგალითი, რომლებმაც ჯერჯერობით ჩვენზე უკეთესი საფეხბურთო შედეგები აჩვენეს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. ამას მოწმობს მათი რეიტინგებიც. ხორვატია, სლოვაკეთი, სლოვენია, დანია, ნორვეგია – თითოეული ამ ქვეყნის მოსახლეობა მეტია, ვიდრე საქართველოსი. თუმცა ამ ქვეყნებიდან არცერთში არ არსებობს ორი სტადიონი, რომლის ტევადობა 40 ათასს აღემატება. მეორე მხრივ, თითოეულ ამ ქვეყანაში საქართველოსთან შედარებით ბევრად მეტი საშუალოზე პატარა და საშუალო ზომის საფეხბურთო არენაა. იგივე შეიძლება ითქვას სპორტულ კომპლექსებსა თუ ბაზებზე, საფეხბურთო აკადემიებსა თუ მოსამზადებელ ცენტრებზე, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ზრდის დადებითი შედეგების მიღწევის ალბათობას, ვიდრე ერთი 70 ათასის ტევადობის სტადიონის აშენება, რომელსაც არცთუ ინტენსიურად გამოიყენებენ ჩვენი ნაკრები გუნდები თუ კლუბები და ასევე, რომლის მოვლა-შენახვაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოგვიწევს. შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ კუთხით, 70-იანმა სტადიონმაც Black Sea Arena-ს ბედი გაიზიაროს.

გააზიარე