2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-8 იყო, ანუ 7.5%-ზე მაღალი ზრდა მხოლოდ 7 ქვეყანაში დაფიქსირდა. გასულ წელს, როდესაც 2022 წელს დაფიქსირებული 11%-იანი ზრდა შევაფასე, ვწერდი, რომ პანდემიის დასრულებასთან ერთად, მაღალი ზრდის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი მეორე ფაქტორი რუსეთ-უკრაინის ომი იყო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ამ ომისგან ეკონომიკის მხრივ დანაკარგზე მეტი სარგებელი მიიღო. 2023 წელს რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტი შედარებით შესუსტდა, მაგრამ დაფიქსირებულ 7.5%-იან ზრდაში თვისი წვლილი მაინც შეიტანა.
საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა: გაიანას, რომელიც ნავთობით მდიდრდება; ლიბიას, რომელსაც 2022 წელს დიდი ვარდნა ჰქონდა და 2023-ში ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო; სამოასა და ფიჯის, რომლებიც ტურიზმზე დამოკიდებული პატარა ქვეყნებია – ინდოეთს, რომელსაც ბოლო წლებში სტაბილურად მაღალი ზრდა აქვს და სომხეთს (მე-3 ადგილი მსოფლიოში) და ტაჯიკეთს (მე-4 ადგილი მსოფლიოში) – რომლებმაც, საქართველოს მსგავსად, რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთთან გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობებით ისარგებლეს.
როდესაც ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობთ, ამაში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა იგულისხმება. რეალური მშპ-ის ზრდა უჩვენებს ერთი წლის განმავლობაში რამდენი პროცენტით გაიზარდა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობა. რეალური მშპ-ის ზრდა არ მოიცავს ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის ეფექტით გაზრდილ ბრუნვას.
უკვე ცნობილია საქართველოს 2023 წლის ეკონომიკის, იმავე მშპ-ის სხვადასხვა მეთოდით ჩაშლილი მაჩვენებლები, რაც გვეხმარება, ეკონომიკის ზრდის მიზეზებს ჩავწვდეთ. დავიწყოთ იმის გარკვევით, ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ყველაზე მეტად 2023 წელს.
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი
2023 წელს ყველაზე მეტად შემდეგი სექტორები გაიზარდა: ინფორმაცია (IT) და კომუნიკაცია – 27%, ადმინისტრაციული საქმიანობები – 26%, პროფესიული და ტექნიკური საქმიანობები – 19%, განათლება – 19% და მშენებლობა – 17%.
ზრდის ტემპთან ერთად მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია სეტორი, რადგან რაც უფრო დიდ სექტორშია მაღალი ზრდა, მით უფრო სწრაფად იზრდება ქვეყნის ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 7.5%-იან ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ვაჭრობამ და ავტომობილების რემონტმა შეიტანა – 1.8% პუნქტი. ეს სექტორი 2023 წელს 14%-ით გაიზარდა. მასზე მოდის ეკონომიკის 16%, რამაც ჯამურ ზრდაში სექტორის მაღალი წილი განაპირობა. ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოში დასახლებულმა 100 ათასამდე რუსმა ემიგრანტმა. ასევე, ომის გამო საქართველოს გავლით ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ, ავტომობილების რემონტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა.
ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილით მეორე ადგილზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორია 1.5% პუნქტით. ეს სექტორი 2022 წელს – 50%-ით, ხოლო 2023 წელს 27%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ზრდა საქართველოში ჩამოსულმა რუსმა, ბელარუსმა და უკრაინელმა ემიგრანტებმა განაპირობეს. საქსტატის ბიზნესრეგისტრის მონაცემებით, საქართველოში 8,000-მდე კომპანია საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სფეროში (ინდმეწარმეების ჩათვლით). აქედან 6,000-ზე მეტი 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არის რეგისტრირებული საქართველოში და მათი 90% რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის. საბოლოოდ გამოდის, რომ საქართველოში, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების 70%-მდე რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაა და ეს კომპანიები 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დარეგისტრირდნენ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ სხვა ქვეყნის რეზიდენტებისთვის კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების გაწევის ჯამურმა ღირებულებამ 2021 წელს – 153 მლნ აშშ დოლარი, 2022 წელს – 512 მლნ დოლარი, ხოლო 2023 წელს 784 მლნ დოლარი შეადგინა. ძირითადად ამან განაპირობა ამ სექტორის 27%-იანი ზრდა 2023 წელს.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორმა ზრდაში 1.3% პუნქტი შეიტანა. 2022 წელს ტრანსპორტის სექტორი 13%-ით გაიზარდა. ბოლო წლების მაღალი ზრდის მიზეზი ომის გამო რუსეთიდან და შუა აზიიდან მომავალი ტვირთების ნაწილის საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადმონაცვლებაა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წელს საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებიდან საქართველოს შემოსავალი 274 მლნ დოლარით (23%-ით) გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 47.4% რუსეთზე მოდიოდა.
საქართველოს ეკონომიკა საქმიანობის სახეების მიხედვით, 2023 წელი
ეკონომიკური საქმიანობის სახეები | მლნ ლარი | ზრდის ტემპი | წილი ეკონომიკურ ზრდაში |
ვაჭრობა და ავტომობილების რემონტი | 10,847 | 14% | 1.8% |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 4,116 | 27% | 1.5% |
ტრანსპორტი და დასაწყობება | 4,319 | 13% | 1.3% |
მშენებლობა | 5,524 | 17% | 1.0% |
განათლება | 3,513 | 19% | 0.9% |
სახელმწიფო მმართველობა | 4,815 | 14% | 0.8% |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | 3,628 | 7% | 0.4% |
პროფესიული და ტექნიკური საქმიანობები | 1,547 | 19% | 0.3% |
ხელოვნება, გართობა და დასვენება | 2,840 | 8% | 0.3% |
დამმუშავებელი მრეწველობა | 6,625 | 3% | 0.3% |
ადმინისტრაციული საქმიანობები | 862 | 26% | 0.2% |
სასტუმროები და რესტორნები სხვა | 2,694 | 5% | 0.2% |
სახის მომსახურება | 725 | 11% | 0.1% |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | 724 | -4% | -0.1% |
წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა | 457 | -11% | -0.1% |
ელექტროენერგიისა და აირის მიწოდება | 1,919 | -3% | -0.1% |
სოფლის მეურნეობა | 4,820 | -3% | -0.3% |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 7,125 | -2% | -0.3% |
ჯანდაცვა | 2,389 | -15% | -0.7% |
მონაცემთა წყარო: საქსტატი
რომ შევაჯამოთ, 7.5%-იანი ზრდიდან 4.6% პუნქტი ისეთ სექტორებზე მოდის, რომელთა ზრდას რუსეთ-უკრაინის ფაქტორმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. რომ არა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა, ეს სექტორები მაინც გაიზრდებოდა, მაგრამ დაფიქსირებული ბუმი აშკარად ომიდან გამომდინარე გარემოებებმა განაპირობა.
მთლიან შიდა პროდუქტს თუ დანახარჯების მიხედვით ჩაშლილს ვნახავთ, ჩანს, რომ ეკონომიკის ზრდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდამ და მთლიანი კაპიტალის ფორმირებამ (ინვესტიციებმა) განაპირობა. საქონლის ექსპორტი (რეალურ ფასებში) 11%-ით გაიზარდა, მომსახურების კი 4%-ით. მომსახურების ექსპორტის ზრდა ძირითადად მოდის ტურიზმსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. კაპიტალის ფორმირება 23%-ით გაიზარდა. ეკონომიკა არ გაზრდილა შიდა მოხმარების ზრდის ხარჯზე, რადგან შიდა მოხმარების ზრდას (3.6%) საქონლისა და მომსახურების იმპორტის ზრდამ (8.6%) გადააჭარბა.
საინტერესოა, რა იყო ის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ მშპ-ის სტრუქტურაში არ ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ეკონომიკაზე. ამ მხრივ ორი მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა 2023 წელს: ერთი – ეკონომიკის ზრდის და მეორე – კლების მიმართულებით:
- ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა 2022 წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა კი 76%-ით გაიზარდა. ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა 17%-ით გაიზარდა და 4.1 მლრდ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ზრდა ძირითადად თურქეთიდან და რუსეთიდან ვიზიტორების მატებამ განაპირობა.
- საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა (ფულადი გზავნილები) 2022 წელთან შედარებით 6%-ით (249 მლნ დოლარით) შემცირდა. ფულადი გზავნილები ქვეყნის შიგნით საქონელსა და მომსახურებაზე ზრდის მოთხოვნას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აჩქარებს. შესაბამისად, გზავნილების შემცირება საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპის კლების (11%-დან 7.5%-მდე) ერთ-ერთი მიზეზია.
ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი
რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ სარგებელი არ მოუტანია. მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტი უკრაინაში, შემცირდა უკრაინიდან ტურისტების შემოსვლა და ფულადი გზავნილების მიღება. ჯამში საქართველოს ეკონომიკამ უკრაინიდან, სულ მცირე, ნახევარ მილიარდ დოლარს კარგავს წლიურად. ასევე, უკრაინის ომის გარეშე მსოფლიოში და საქართველოს ზოგიერთ სავაჭრო-პარტნიორ ქვეყანაში უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად იმოქმედებდა. თუმცა ზემოთ აღწერილი გარემოებები ადასტურებს, რომ, საბოლოო ჯამში, ომით გამოწვეულმა ცვლილებებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა დააჩქარა. ამას ისიც მოწმობს, რომ 2021 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა, საბაზისო სცენარით, 2022 წელს ეკონომიკის 6%-ით, ხოლო 2023 წელს 5.5%-ით ზრდას პროგნოზირებდა. ოპტიმისტური სცენარით კი 2022 წელს ეკონომიკის ზრდას 6.3%-ით, ხოლო 2023 წელს 5.9%-ით ზრდას მოელოდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეალურად დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას.
მოსახლეობას ეკონომიკის ზრდის მიზეზებზე არანაკლებ აინტერესებს, თუ როგორ აისახება მათზე გაზრდილი ეკონომიკა. საქსტატის ინფორმაციით, 7.5%- იანი ეკონომიკური ზრდით მოტანილი დამატებითი შემოსავალი შემდეგნაირად გადანაწილდა: 2023 წელს ქვეყანაში გაცემული ხელფასების ჯამური თანხა 18%-ით გაიზარდა, 12%-ით გაიზარდა მთავრობის მიერ აკრეფილი გადასახადები, კომპანიების წმინდა მოგება კი 5%-ით გაიზარდა.