ომებში, რომლებიც საფრანგეთის რევოლუციას მოჰყვა და 1815 წლამდე, იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის საბოლოო გადადგომამდე გაგრძელდა, მრავალი ეროვნების ადამიანი მონაწილეობდა. ევროპის მასშტაბებში დაწყებული ეს სამხედრო დაპირისპირება გავრცელდა ამერიკასა და აზიაშიც და მთელი მსოფლიო მოიცვა. ნაპოლეონის არმიაში მებრძოლ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის იყვნენ ქართველებიც, რომლებიც ევროპის ისტორიის ამ გამორჩეულ ფიგურას პირველად ეგვიპტეში შეხვდნენ.
XVIII საუკუნის ბოლოს კავკასია წარმოადგენდა ადგილს, სადაც იკვეთებოდა რუსეთის, ოსმალეთისა და ირანის ინტერესები, ნაპოლეონის ეგვიპტური ექსპედიციის დროს კი საქართველოთი ფრანგებიც დაინტერესდნენ. ფრანგთა ეგვიპტური ლაშქრობის მიმართ ქართველებიც ამჟღავნებდნენ ინტერესს. ქართველები იმედოვნებდნენ, რომ საფრანგეთის არმიის წარმატების შემთხვევაში ისინი შეძლებდნენ ზოგიერთი ტერიტორიის დაბრუნებას და ოსმალეთისა და ირანის გავლენისაგან თავის დაღწევას. როდესაც ნაპოლეონი ეგვიპტეში შევიდა, ის უკეთ გაეცნო, თუ ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ მამლუქები, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მას მანამდეც უნდა ჰქონოდა. ეგვიპტის კამპანიის დროს ქართველებმაც გაიგეს, ვინ იყო ნაპოლეონ ბონაპარტი და მისი გეგმებითაც დაინტერესდნენ. 1799 წლის 3 სექტემბერს, ქართველი პოეტისა და კალიგრაფის, პეტრე ლარაძის მიერ გიორგი ბატონიშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღწერილია ნაპოლეონის გარეგნობა და ცხოვრების წესი – „სიგრძეს მოგახსენებენ სამს ჩარექს და ოცდაოთხ საათში ორს საათს ძილს მიყუდებით, და დღე-ღამე სასმლისა და საჭმლის მიღებას ოდენ სამის სტილისას”. ლარაძეს აქვს ცნობები ბონაპარტის კამპანიის შედეგების შესახებ, თუმცა მეტად გაზვიადებული. ის წერს, რომ ნაპოლეონმა აიღო ალექსანდრია, ეგვიპტე, იერუსალიმი, მექა და მედინა და მალე კონსტანტინოპოლსაც აიღებდა. ლარაძე იმედოვნებდა, რომ ნაპოლეონის მიერ ოსმალეთის დამარცხება საშუალებას მისცემდა ქართველებს, აღედგინათ ძალაუფლება სამცხე-საათაბაგოზე.
ეგვიპტეში ლაშქრობის შემდეგ, პირველმა კონსულმა რუსეთის იმპერატორ პავლე I-თან ერთად დაგეგმა ავღანეთის გავლით ინდოეთზე ლაშქრობა. საგულისხმოა, რომ რუსეთის ამიერკავკასიური პოლიტიკა სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდა. 1801 წლის 18 იანვარს პეტერბურგში გამოქვეყნდა მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ. ეს ლაშქრობა არ განხორციელდა პავლე I-ის მკვლელობის გამო. ირან-ავღანეთის ტერიტორიული სიახლოვის გათვალისწინებით, 1804 წლიდან ნაპოლეონმა ირანს მიანიჭა სამხედრო პლაცდარმის ფუნქცია. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაღდადში საფრანგეთის კონსულის, ჟან ფრანსუა რუსოს მიერ მოფიქრებული ინდოეთზე ლაშქრობის გეგმა, რომელშიც საფრანგეთის, ირანისა და ავღანეთის კოალიციურ ჯარს უნდა მიეღო მონაწილეობა.
აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლ-კახეთის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ნაპოლეონის ურთიერთობებში ირანთან მესამე კოალიციის ომის პერიოდში. ფათჰ ალი შაჰს სურდა საქართველოსა და აზერბაიჯანზე კონტროლის აღდგენა და იქიდან რუსების განდევნა, ნაპოლეონს კი რუსეთის წინააღმდეგ ირანის ამხედრება და აღმოსავლეთში პოზიციის განმტკიცება, ასევე ინგლისელთა დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭება ირანთან. რუსეთთან ტილზიტის ზავის დადებამდე ნაპოლეონმა რამდენიმე მისია გაგზავნა ირანში. მისიებში მონაწილეობდნენ ისეთი პირები, როგორებიც იყვნენ ნაპოლეონის პირადი მდივან-თარჯიმანი, აღმოსავლური ენების მცოდნე პიერ-ამედე ემილიან-პრობ ჟობერი, გენერალი ანტუან-ალექსანდრ რომიე და გენერალი კლოდ-მატიე გარდანი. შაჰმა ნაპოლეონთან თავისი ელჩი მირზა მოჰამედ რიზა ხანი გაგზავნა. 1807 წლის 4 მაისს, საფრანგეთსა და ირანს შორის ფინკენშტაინში დაიდო ხელშეკრულება. კლოდ მატიე გარდანის მისია 1807 წლის 4 დეკემბერს ჩავიდა თეირანში ფინკენშტაინის ხელშეკრულების რატიფიცირებისა და სავაჭრო კავშირზე მოლაპარაკებებისათვის. ფინკენშტაინის საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლით გათვალისწინებული იყო სპარსეთის ძალაუფლების აღდგენა საქართველოზე. ფინკენშტაინის ხელშეკრულება თავიდანვე განწირული იყო თავად ნაპოლეონის მიერ, რადგან მან ირანთან კავშირი 1807 წლის 7 ივლისს ტილზიტში რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას შესწირა. ნაპოლეონის პოლიტიკა რუსეთისა და სპარსეთის ურთიერთობასთან მიმართებით შეიცვალა და მან გარდანს დაავალა, მათ შორის მეგობრობის დამყარებისათვის ეზრუნა. ნამდვილი სიძნელეები სწორედ მაშინ დაიწყო. სპარსეთი მზად იყო, რუსეთთან ზავი დაედო, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რუსული სამხედრო ძალები დაცლიდნენ და სპარსეთს დაუთმობდნენ. მაგრამ მარშალ ივან გუდოვიჩს ნაბრძანები ჰქონდა მეფისაგან, არ დაეთმო არც ერთი ნაწილი დაპყრობილი ტერიტორიისა. გარდანისათვის ეს იყო დიპლომატიური თამაში, რომელშიც ყველა კოზირი მოწინააღმდეგეს ჰქონდა. 1810 წელს ნაპოლეონთან ურთიერთობის დამყარება სურდა იმერეთის უკანასკნელ მეფეს, სოლომონ II-ს, რომელმაც წერილიც გაუგზავნა მას. წერილში მეფე ნაპოლეონისადმი დიდ პატივისცემას გამოთქვამს, ატყობინებს, როგორ ემუქრება რუსეთისაგან საფრთხე და სთხოვს მფარველობას. ერთი წლით ადრე კი ნაპოლეონს წერილი მისწერეს რუსეთის მოწინააღმდეგე თეიმურაზ და ალექსანდრე ბატონიშვილებმა, რომლებიც ირანში იმყოფებოდნენ. ისინიც ითხოვდნენ იმპერატორისაგან, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიისათვის დახმარება გაეწია. „წარმოიდგინეთ აღებული მოსკოვი, დამარცხებული რუსეთი, შემორიგებული ან მკვდარი მეფე და მითხარით, განა გაუჭირდება საფრანგეთის დიდ არმიას, ტიფლისის დამატებით ნაწილებთან ერთად, განგამდე მისვლა, სადაც საკმარისი იქნება ფრანგული დაშნის შეხება იმისათვის, რომ მთელ ინდოეთში დაეცეს ის სავაჭრო ნაგებობა, რომელსაც ინგლისის ძლიერება ეყრდნობა” – ასეთ სურვილს გამოთქვამდა ნაპოლეონი. აქ ჩანს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას ინდოეთისაკენ მიმავალ გზაზე, ინდოეთისაკენ, რომელიც ბრიტანეთის ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენს წარმოადგენდა. აქტიური აღმოსავლური პოლიტიკა ნაპოლეონისათვის 1812 წლის კამპანიის შემდგომ დასრულდა, როდესაც მისთვის სასიცოცხლო გახდა ევროპაში დამყარებული მდგომარეობის შენარჩუნება და მის წინააღმდეგ შემდგარი კოალიციის დამარცხება, საქართველოს კი თითქმის ასეული წელი დასჭირდა დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად.
გვიანი შუა საუკუნეებიდან, ქართველი ტყვეების აღმოსავლეთში გადინების გზა, მეტად გავრცელებული პრაქტიკა „ტყვის სყიდვა” იყო. XVII საუკუნის დასაწყისიდან ირანი და ოსმალეთი მათზე დამოკიდებულ ქართველ მეფე-მთავართაგან კატეგორიულად მოითხოვდნენ, ტყვეებით ვაჭრობა არ აეკრძალათ, რადგანაც გაყიდული ვაჟები მამლუქთა, იანიჩართა და ყულის ჯარის რიგებს ავსებდნენ, ქალები კი ჰარამხანებში ხვდებოდნენ. ტყვის სყიდვას პოლიტიკურის გარდა ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა – იგი ფეოდალთა შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. მამლუქები ჯერ კიდევ XIII საუკუნიდან გამოჩნდნენ აღმოსავლეთში, აიუბიანების მმართველობის პერიოდში და ეგვიპტეში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და საკუთარი სასულთნოს შექმნა მოახერხეს. მამლუქები ითვლებოდნენ კარგ მეომრებად, რომლებიც ბავშვობიდანვე იწვრთნებოდნენ და მთელ აღმოსავლეთში იყვნენ განთქმულები სიმამაცითა და საბრძოლო ხელოვნების ცოდნით. მიუხედავად იმისა, რომ 1517 წლიდან ოსმალებმა დაიპყრეს ეგვიპტე, რეალურად ქვეყანას მამლუქები აკონტროლებდნენ. ისინი წარმომავლობით კავკასიიდან, საქართველოდან იყვნენ. მათი ბეგები (24 ბეგი) ეგვიპტელთა შორის არაპოპულარულები გახდნენ მათგან დაწესებული მაღალი გადასახადისა და უცხოური წარმომავლობის გამო. ისტორიოგრაფიაში მათ თავდაპირველად, ძირითადად ჩერქეზებად მიიჩნევდნენ, მაგრამ შემდგომში ტენდენცია შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ მამლუქთა უდიდესი ნაწილი ქართული წარმოშობის იყო. ამას მოწმობს ჯეზარ აჰმედ ფაშას Nizamname-i Misir-ც. ქართველმა მამლუქებმა განსაკუთრებით დიდი გავლენა მოიპოვეს XVIII საუკუნეში. 1798-99 წლებში, ნაპოლეონის ეგვიპტური კამპანიის დროს, ეგვიპტეს ფაქტობრივად ქართველი მამლუქები მურად ბეი და იბრაჰიმ ბეი განაგებდნენ. იმბაბასთან ბრძოლაში („ბრძოლა პირამიდებთან”) გამარჯვების შემდეგ, ფრანგები კაიროში შევიდნენ და დაიწყეს ქართული და ჩერქეზული წარმომავლობის მამლუქების განდევნა თანამდებობებიდან. მათი მიზანი იყო ეგვიპტური ელიტის „დემამლუქიზაცია”, მამლუქებისაგან გაწმენდა. ნაპოლეონი ცდილობდა გამოეყენებინა ეგვიპტელთა სიძულვილი მამლუქთა მიმართ და მამლუქების წინააღმდეგ აემხედრებინა მოსახლეობა. ნაპოლეონმა კარგად იცოდა, თუ ვინ იყვნენ მამლუქები და საიდან იყვნენ ისინი წარმოშობით. მის პროკლამაციაში ვკითხულობთ: „დიდზე დიდი ხანია, რაც საქართველოში და კავკასიაში ნაყიდი მონების ჯგუფი მსოფლიოს ამ უმშვენიერეს მხარეს მტარვალურად სტანჯავს, მაგრამ ყოველივეს გამგებელმა უზენაესმა უფალმა ბრძანა, დასრულდეს მათი მეუფება”. რიგი წარუმატებლობების შემდეგ პალესტინა-სირიაში, 1799 წლის აგვისტოში, ნაპოლეონმა ეგვიპტე დატოვა და ძალაუფლება გენერალ ჟან ბატისტ კლებერს დაუტოვა. მან თან არმიის მცირერიცხოვანი, მაგრამ საუკეთესო ნაწილი წაიყვანა, რომელთა შორის მასთან დაახლოებული გენერლები იყვნენ. „ბონაპარტმა თან წაიყვანა რამდენიმე მამლუქიც, რითაც საზოგადოება გააოცა და მამლუქებზე ერთგვარ ხიბლნარევ წარმოდგენას დაუდო საფუძველი”.
მამლუქთა შორის იყო შემდგომში განსაკუთრებით ცნობილი, ნაპოლეონის პირადი მცველი, რუსტამ რაზა. მისი წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობდა, თითქოს ის ქართველი, დაღესტნელი ან თურქი იყო, მაგრამ ეს მსჯელობები მოკლებული იყო საფუძვლიან არგუმენტებს. მართალია, რუსტამი დაიბადა თბილისში (1782 წ.), საქართველოში, მაგრამ წარმოშობით ის სომეხი იყო, სომეხი ვაჭრის რუსტამ ჰონანის ძე. მამლუქი მონა რუსტამი ნაპოლეონს კაიროს შეიხმა ელ-ბექრიმ აჩუქა ძვირფასი აღკაზმულობით მორთულ შავ, არაბულ ბედაურთან ერთად. რუსტამის სახელი ნაპოლეონის მამლუქებს შორის ყველაზე ცნობილია. მან დაწერა მემუარებიც (Souvenirs de Roustam, mamelouck de Napoléon), რომლითაც დამატებით ცნობებს ვიღებთ რუსტამის წარმომავლობისა და მისი ცხოვრების შესახებ ეგვიპტეში და ნაპოლეონის კარზე. მის მემუარებში კარგად ჩანს ისიც, რომ მამლუქთა შორის ქართველებს განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავათ და ქართველ ტყვეებს ანიჭებდნენ უპირატესობას მამლუქად აღსაზრდელად, ვიდრე სომხებს.
1801 წლის მიწურულს, ნაპოლეონმა ეგვიპტიდან ჩამოყვანილი მამლუქებისაგან ესკადრონის ჩამოყალიბება გადაწყვიტა, რომელსაც სათავეში გენერალ ჟან რაპი ჩაუყენა. ესკადრონში 150 მხედარი შედიოდა და იყოფოდა ორ ასეულად, თითოეულში ხუთი ოფიცრითა და 76 მამლუქით. 1804 წელს 125-კაციანი მამლუქთა ესკადრონი საიმპერატორო გვარდიის ნაწილი გახდა და მას მამლუქთა ასეული ეწოდა. ამ რაზმში ძირითადად კოპტები, არაბები, ბერძნები და სომხები მსახურობდნენ. მისი შემადგენლობა დროთა განმავლობაში შეიცვალა, რადგან მამლუქთა ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, ნაწილი ასაკის გამო ბრძოლებში აღარ მონაწილეობდა. 1814-15 წლებისათვის ეს შენაერთი თითქმის მხოლოდ ფრანგებისაგან შედგებოდა.
მამლუქთა ესკადრონში იყვნენ ქართველი მამლუქები. მათი სახელები მოხსენებულია საკონსულო და საიმპერატორო გვარდიის შემადგენლობის ამსახველ 1804 წლის სიაში. ეს სია შეისწავლა ისტორიკოსმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და იქიდან გამოყო ქართველი მამლუქების ჰასანისა და მუსაჰა-გიორგის სახელები. ამას გარდა აღმოჩნდა თბილისში დაბადებული მამლუქების სახელებიც – დაუდ გურჯი, გურჯი რუსტამი და გიორგი ჩერქეზი, ასევე მამლუქი ანანია. არიან მამლუქები, რომელთა სახელში შედის სიტყვა „გუირგუეს” ან „გიურგუეს” (გიურგი/გურჯი?), თუმცა ეს არ განაპირობებს აუცილებლად მათ ქართველობას. მამლუქთა ნაკადი არ შეწყვეტილა 1801 წელს და შემდგომ წლებშიც შეიმჩნევა თითო-ოროლა მამლუქის ჩამოსვლა საფრანგეთში. როგორც წესი, ესენი ხანდაზმული მამლუქები იყვნენ. მაგალითად, 1811 წელს ეგვიპტელ ლტოლვილებზე მომზადებულ მოხსენებაში ჩამოთვლილია სხვადასხვა პიროვნება, რომელთა შორის აღსანიშნავია „99 წლის” მამლუქი დაუდ კურჯი. მათგან მამლუქმა ჰასანმა ნაპოლეონის თითქმის ყველა კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და იმპერიის დაცემის შემდეგ ჟანდარმერიაშიც მუშაობდა. ანანიამ (Hanna Nia) თავი გამოიჩინა ესპანეთში 1810-1811 წლებში და 1812 წლის 20 ნოემბერს დაიღუპა რუსეთში ლაშქრობისას. ნაპოლეონის გვარდიის მამლუქთა შორის ყველაზე გამორჩეული სამხედრო კარიერა ჰქონდა თბილისში დაბადებულ მამლუქს, შაჰინს (Chahin), რომელიც დიდი ალბათობით ქართველი იყო. უსაფუძვლოა ის ვერსია, თითქოს „შაჰინი” სომხური გვარიდან „შაჰინიანიდან”/„შაგინიანიდან” მოდის, რადგან სიტყვა „შაჰინი” არაბულია (შევარდენს ნიშნავს) და, სავარაუდოდ, როგორც რუსტამ რაზას უწოდეს იაჰია ეგვიპტეში, ისე მიიღო მან ეს სახელი გამამლუქების შემდეგ. შაჰინი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმამაცით. მან მონაწილეობა მიიღო 1800 – 1815 წლების სამხედრო კამპანიებში. 1800 წელს ჰელიოპოლისთან ბრძოლაში ოცდათხუთმეტი ჭრილობა მიიღო და ლეიტენანტობა დაიმსახურა. 1805 წელს ის აუსტერლიცის ბრძოლაში მამლუქებს მიუძღოდა. მან სიკვდილისაგან იხსნა გენერალი, მამლუქთა ესკადრონის მეთაური გენერალი ჟან რაპი და მტრის ზარბაზანი იგდო ხელთ. შაჰინი რამდენჯერმე დაიჭრა ეილაუსთან ბრძოლაში 1807 წელს და კაპიტნის წოდებაც მიიღო. იბრძოდა ესპანეთშიც და მონაწილეობდა დოს-დე-მაიოს (1808 წ. 2 მაისი) აჯანყების ჩახშობაში. შაჰინი მონაწილეობდა გერმანიისა და საფრანგეთის კამპანიებშიც. ბურბონების რესტავრაციის დროს შაჰინს ხელისუფლება დევნიდა, მაგრამ შემდეგ სამხედრო სამსახურში კვლავ აღადგინეს და 1830 წელს მან ალჟირის დაპყრობაშიც კი მიიღო მონაწილეობა გენერალურ შტაბში მეორე რანგის თარჯიმნისა და მრჩევლის სტატუსით. განთქმული მეომარი 1838 წლის 12 მაისს მელუნში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ შაჰინი დაჯილდოებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენითაც. მისი სახელი სიაში აღნიშნულია როგორც Chaim, თუმცა ეს გასაკვირი ფაქტი არაა, რადგან მის სახელს სხვადასხვაგვარად იხსენიებდნენ.
ქართველი მამლუქების ასეული წლების მანძილზე წარმოადგენდა ნაპოლეონის არმიის ეგზოტიკურ ნაწილს, რომელსაც მხოლოდ სამხედრო დანიშნულება როდი ჰქონდა, არამედ დეკორატიულიც. მიუხედავად ეგვიპტური ექსპედიციის ძირითადი მიზნების შეუსრულებლობისა, ნაპოლეონი აღმოსავლეთში მოპოვებული გამარჯვებებით და ლეგენდარული მამლუქების ბრძოლის ველზე ძლევით ძალიან ამაყობდა. უცხოური გარეგნობის მამლუქებისა და მათი აღმოსავლური სამოსის საშუალებით, იმპერატორი ქმნიდა დიდი მხედართმთავრის იმიჯს, რომელსაც დალაშქრული ჰქონდა არა მხოლოდ ევროპა, არამედ აღმოსავლეთიც – ყველა დიდი სარდლის სანუკვარი სურვილი, შედარებოდა ალექსანდრე მაკედონელს. ქართველები, რომლებიც აზია-აფრიკის კვეთაზე მდებარე უძველესი ეგვიპტიდან მოულოდნელად აღმოჩნდნენ თავიანთი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული პერსონის სამსახურში, მრავალი წელი, ნაპოლეონის აღზევებიდან საფრანგეთის პირველი იმპერიის უკანასკნელ დღეებამდე, ერთგულად იბრძოლეს მისთვის, ისევე როგორც მანამდე, სხვა დიდ იმპერიათა დროშების ქვეშ.