1,000 დღის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან შეტევას, კიევზე დღეში 1,000-მდე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტით თავდასხმას უკრაინა რამდენიმე თვეში გაუმკლავდა და კონფლიქტმა სრულად აღმოსავლეთში გადაინაცვლა. თუმცა ბოლო წლის განმავლობაში უკრაინის კონტრშეტევა შეჩერდა და ომი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს.
ომის დაწყებიდან 1,000 დღის შემდეგ, მისი დასრულების პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია. აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებამ, ერთი შეხედვით, სტატუს კვოს შეცლის წინაპირობა გამოკვეთა, თუმცა ომის დამთავრებაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. ეს მეტწილად დონალდ ტრამპის ოფისში შესვლის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ტრამპის მცდელობების მიუხედავად, პუტინმა მოლაპარაკებებზე უარი თქვას და ომის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღოს.
გუშინ, ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისათვის ამერიკული რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლების მინიჭებამ საზოგადოებაში დადებითი მოლოდინები გააჩინა. უკრაინის მიერ რუსულ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე წერტილოვანი დარტყმების მიყენებამ შესაძლოა, რუსეთის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეასუსტოს. თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები რაკეტების მცირე მარაგის გამო გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი კონფლიქტი პოლიტიკური საკითხების გარდა ჰუმანიტარულ პრობლემად იქცა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ომს ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 6 მილიონამდე უკრაინელს კი საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია მეტწილად საიდუმლოა, ომს სხვადასხვა მონაცემით ასი ათასზე მეტი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი გაყინვის პირასაა. მას სხვადასხვა დროს ესკალაციას პოლიტიკური გადაწყვეტილებები თუ სამხედრო სიახლეები სძენს. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ირანის მიერ რუსეთისათვის დრონების გადაცემამ ომის მიმდინარეობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ასეთივე ეფექტი ჰქონდა ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისათვის საარტილერიო ჭურვებისა და ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას, მოგვიანებით კი ფრონტის ხაზზე 11,000-მდე ჩრდილოკორეელი სამხედროს გამოჩენას. მსგავს მცირე წარმატებას აღწევდა უკრაინაც დასავლური სახელმწიფოების მიერ სხვადასხვა დროს გამანადგურებლებისა თუ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების შედეგად. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში კონფლიქტი გაყინვას მიუახლოვდა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს.
სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ დონალდ ტრამპის ოფისში შესვლამდე და კონკრეტული ზომების მიღებამდე, მოლაპარაკებების მაგიდაზე უპირატესობის მოსაპოვებლად მხარეებმა კონტრშეტევებისთვის ძალების მობილიზება დაიწყონ და მცირე სამხედრო წარმატებას მიაღწიონ.
აშკარაა ისიც, რომ მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება. მხარეების მიერ საჯარო განცხადებებში მრავალჯერ გამოთქმული წინაპირობების თანახმად, უკრაინის ნატოს წევრობა და ოკუპირებული ტერიტორიები, დიდი ალბათობით, წყალგამყოფი ფაქტორი იქნება. მიუხედავად ამისა, წინასწარი დასკვნების გაკეთება ნაადრევია და კონკრეტული შედეგების მისაღებად, სჯობს დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესვლას დაველოდოთ.