ვინ მიაწოდა უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო შეიარაღება?

ვინ მიაწოდა უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო შეიარაღება?

უკრაინაში ომის დაწყებიდან 1,000 დღის გასვლის შემდეგ, ქვეყნისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების საკითხი კვლავ აქტუალურია. ჯო ბაიდენის მიერ უკრაინელებისათვის ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლების მინიჭებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ გადაცემული იარაღის სახეობა, არამედ მისი გამოყენებისთვის შესაბამისი ნებართვის გაცემაა.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას შეიარაღებას რეგულარულად 20-ზე მეტი სახელმწიფო აწვდის. მინიმუმ ერთჯერადად კი უკრაინისთვის იარაღის გადამცემი სახელმწიფოების ჩამონათვალი ბევრად დიდია. Kiel Institute-მა იმ სახელმწიფოების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც უკრაინას სხვადასხვა სახის შეიარაღება ყველაზე დიდი რაოდენობით მიაწოდა. რეიტინგი შეიარაღების რაოდენობის მიხედვითაა შედგენილი და ისეთი ტიპის შეიარაღებას ითვალისწინებს, როგორებიცაა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ჰაუბიცები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ტანკები. მონაცემები 2022 წლის 24 იანვრიდან 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით არის დათვლილი.

უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკელებმა უკრაინელებს 700 ერთეულამდე ზემოთ აღნიშნული ტიპის შეიარაღება გადასცეს. მეორე-მესამე პოზიციებს თითქმის თანაბარი, 400-მდე ერთეული შეიარაღებით ნიდერლანდები და პოლონეთი ინაწილებენ. უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი გერმანია რეიტინგში 300-ზე მეტი ერთეული გადაცემული სამხედრო ტექნიკით მეოთხე პოზიციაზე, მეხუთე ადგილი კი ჩეხეთს უკავია (250 ერთეული).

გარდა ძირითადი სამხედრო პარტნიორებისა, უკრაინისთვის შეიარაღება ისეთ ქვეყნებსაც აქვთ გადაცემული, როგორებიცაა: სლოვენია, შვედეთი, კანადა, პორტუგალია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ესტონეთი, ავსტრალია, ლატვია და ლუქსემბურგი.