ბესო ნამჩავაძეს აქვს 12-წლიანი სამუშაო გამოცდილება ეკონომიკაში, სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტსა და კვლევებში. ის საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს უფროსი ანალიტიკოსია. კითხულობს ლექციებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.
რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2024 წლის პირველ ნახევარში?
2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოიმატა და 2024 წლის პირველ ნახევარში, 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9.1%-ით გაიზარდა.
როდესაც ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამაში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა იგულისხმება. რეალური მშპ-ის ზრდა უჩვენებს, რამდენი პროცენტით გაიზარდა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობა. რეალური მშპ-ის ზრდა არ მოიცავს ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის ეფექტით გაზრდილ ბრუნვას.
2024 წლის პირველი ნახევრის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები უკვე ცნობილია და შეგვიძლია გავაანალიზოთ, რამ გამოიწვია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის 9.1%-ით ზრდა.
დავიწყოთ იმის გარკვევით, ეკონომიკის რომელ სექტორებში იყო ყველაზე მაღალი ზრდა 2024 წლის იანვარ-ივნისში. ყველაზე მაღალი ზრდა – 25% – განათლების სექტორში დაფიქსირდა. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ტრანსპორტში – 13.2%, სახელმწიფო მმართველობაში – 13.1%. ყველაზე დიდი კლება ელექტროენერგიისა და აირის მიწოდებაში დაფიქსირდა -9%.
ზრდის ტემპთან ერთად მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია სექტორი, რადგან რაც უფრო დიდ სექტორშია მაღალი ზრდა, მით უფრო სწრაფად იზრდება ქვეყნის ეკონომიკა. 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკის 9.1%-იან ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი განათლებამ შეიტანა – 1.4% პუნქტი. განათლების სექტორის ზრდა ძირითადად საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულმა სტუდენტებმა და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულმა იმიგრაციამ განაპირობა.
ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილით (1.3% პუნქტი) მეორე ადგილზე ტრანსპორტია, რომლის ზრდა (13.2%-ით) ასევე მნიშვნელოვნად უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს გაზრდილ სატრანსპორტო ფუნქციას.
მესამე ადგილზე 0.9% პუნქტის წილით სახელმწიფო მმართველობაა, რაც ბიუროკრატიის ზრდაზე მიანიშნებს. 2024 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო სექტორმა 13.1%-ით მეტი მომსახურება გასწია, ვიდრე 2023 წლის პირველ ნახევარში.
ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზრდაში ვაჭრობის, ავტომობილების რემონტის, უძრავი ქონების, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში ზრდამ, რაც უკრაინა-რუსეთის ომის ეფექტთან ერთად ტურიზმის ზრდითაც არის განპირობებული.
მშპ-ს თუ დანახარჯების მიხედვით ჩაშლილს ვნახავთ, ჩანს, რომ 2024 წლის იანვარ-ივნისში ეკონომიკის ზრდა შიდა მოხმარებისა და მომსახურების ექსპორტის ზრდამ განაპირობა. 6 თვეში შიდა მოხმარება (იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების გამოკლებით) 66%-ით გაიზარდა, რამაც 9.1%-იან ზრდაში 12.4 პროცენტული პუნქტის წილი შეიტანა. მომსახურების ექსპორტი (ძირითადად ტურიზმი) 6.2%-ით გაიზარდა, რამაც ჯამურ ზრდაში 1.5 პროცენტული პუნქტის წილი შეიტანა. კაპიტალის ფორმირება, ანუ დანაზოგები 13%-ით შემცირდა და ჯამურ ზრდაში -3.5 პროცენტული პუნქტის წილი შეიტანა. შემცირდა საქონლის ექსპორტიც – 5%-ით, რამაც ჯამური ზრდა -1.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. შეიძლება ითქვას, მომსახურების ექსპორტის ზრდამ საქონლის ექსპორტის კლება დააბალანსა.
საინტერესოა, რა იყო ის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ მშპ-ის სტრუქტურაში არ ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა როგორც საქართველოში წარმოების ზრდაზე (მიწოდების მხარე), ასევე წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოხმარების ზრდაზე (მოთხოვნის მხარე). ამ მხრივ 2023 წლის პირველ ნახევარში 3 მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა: :
- 2024 წლის 6 თვეში, ნომინალურ გამოსახულებაში მომსახურების ექსპორტი 10.5%-ით გაიზარდა. ზრდის მთავარი მიზეზი ტურიზმისა და საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების ზრდაა, ჯამში 221 მლნ დოლარით (9%-ით);
- ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით და 3 მლნ შეადგინა. ცალკე აღებული ტურისტების რაოდენობა (ვიზიტორები, რომლებიც, სულ მცირე, 24 საათს გაჩერდნენ საქართველოში) 10%-ით გაიზარდა. რაოდენობრივად ყველაზე მეტად თურქი ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა – 41 ათასით და 624 ათასი შეადგინა. ინდოეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 23 ათასით გაიზარდა (64%-ით), ხოლო ჩინეთიდან 20 ათასით (160%-ით). ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა 5.2%-ით გაიზარდა და 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა;
- შიდა მომხმარების ზრდას (66%-იანი ზრდა იმპორტის გარეშე) საბანკო სესხების 21%-ით ზრდამ შეუწყო ხელი. თავად საბანკო სესხების ზრდა კი ძირითადად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებამ განაპირობა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2023 წლის იანვარ-ივნისში 11% იყო, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში – 9%, რომელიც მარტიდან 8%-მდე შემცირდა.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.2%-ია. ამ ეტაპისთვის, ცნობილია 8 თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგი, რაც 10%-ია. აქედან გამომდინარე, წლიური 8.2%-ის მიღწევა რეალურია. სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ია.
შეჯამებისთვის, შეიძლება ვთქვათ, რომ გასული წლების მსგავსად, 2023 წელსაც ეკონომიკის ზრდაში რუსეთიდან შემოსულ ფულს და უკრაინა-რუსეთის ომის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებს ჯერ კიდევ მაღალი წვლილი შეაქვს. იგივე ხდება საქართველოს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, სადაც 2022 წელს ეკონომიკა 12.6%-ით გაიზარდა, 2023 წელს – 8.3%-ით, ხოლო 2024 წელს, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on დეკემბერი 23, 2024