"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა არაბთა გაერთიანებული საამიროები?
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 50,000 დოლარია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 21-ე ადგილს იკავებს, ხოლო ფულის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლით გაერთიანებული საამიროები მსოფლიოში მე-14 ადგილზეა 77,000 PPP დოლარით. უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ბელგია, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ფინეთი, კანადა და სხვა. საამიროები ტერიტორიით პატარა ქვეყანაა. მისი ფართობი 84 ათასი კვადრატული კილომეტრია, სადაც 10 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
არაბთა გაერთიანებული საამიროები ისტორიულად სხვადასხვა იმპერიას მიეკუთვნებოდა. მისი ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული დიდი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ ყოფნასთან, როცა მე-19 საუკუნეში ბრიტანეთმა სხვადასხვა საამირო თავის პროტექტორატში მოაქცია. საამიროები სრულად თავისუფალი სახელმწიფო 1971 წელს გახდა. ამ დროს მისი მოსახლეობა 200 ათასამდე იყო.
საამიროების სიმდიდრის მთავარი წყარო ნავთობის მოპოვებაა, თუმცა ბოლო ათწლეულებში ეკონომიკის სხვა დარგებიც სწრაფად ვითარდება.
ნავთობი საამიროებში 1930-იან წლებში აღმოაჩინეს, თუმცა 1971 წლამდე ის ღარიბი ქვეყანა იყო. ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მარგალიტის მოპოვებაზე, სოფლის მეურნეობასა და მეთევზეობაზე, რადგან ნავთობის ფასი მაღალი არ იყო. ნავთობის ფასმა სწრაფად ზრდა 1973 წელს დაიწყო, როცა ფასი 4-ჯერ გაიზარდა, რაც რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით იყო განპირობებული. 1979 წელს ნავთობის ფასი კიდევ რამდენიმეჯერ გაიზარდა და ერთი ბარელის ფასმა 40 დოლარს მიაღწია, როცა 1973 წლამდე 3-4 დოლარის ფარგლებში იყო.
1970-იან წლებში საამიროების ეკონომიკის 60% და ქვეყნის ექსპორტის 80% მოდიოდა ნავთობის დარგზე. დღეს ნავთობის ინდუსტრიის წილი ეკონომიკაში 30%-მდეა. ამის მიზეზი საამიროების ეკონომიკის დივერსიფიცირება იყო. სწორედ ამით არის გამორჩეული არაბთა გაერთიანებული საამიროები – ქვეყანა მხოლოდ ნავთობის იმედზე არ არის და იმ დარგებს ავითარებს, რომლებიც მომავალში ნავთობის გარეშეც კონკურენტუნარიანი იქნება.
ნავთობის ფასის ზრდამ საამიროებს დიდი კაპიტალის დაგროვების საშუალება მისცა. მისი საგარეო სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად დადებითი იყო და არის. აკუმულირებული კაპიტალით ძირითადად ტურიზმის, სავაჭრო და საფინანსო სექტორების განვითარება დაიწყო. 1970-იანი წლებიდან იწყება ახალი დუბაის მშენებლობა, რომელიც დღეს მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო, საფინანსო და ტურისტული ცენტრია. გამორჩეულია თავისი არქიტექტურით და თამამი პროექტებით, როგორიცაა, მაგალითად, ბურჯ ხალიფა – მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა და პალმის ფორმის კუნძული. დუბაიზე საამიროების ეკონომიკის მეოთხედზე მეტი მოდის.
1980-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც ნავთობის მსოფლიო ფასი შემცირდა, საამიროებში კრიზისი დაიწყო და მისი ეკონომიკა 20%-ით შემცირდა. თუმცა 1989 წლიდან 2008 წლის ჩათვლით მისი ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 7%-ით იზრდებოდა და აღნიშნულ 20 წელიწადში 3.5-ჯერ გაიზარდა. ამ პერიოდში ნავთობის ფასს ზრდის ტენდენცია ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ საამიროების მოსახლეობის რიცხვიც სწრაფად იზრდებოდა, ერთ მოსახლეზე შემოსავალი (აშშ დოლარში) 2-ჯერ გაიზარდა და 40,000 დოლარს მიაღწია.
2009 წელს მისი ეკონომიკა 5%-ით შემცირდა. 2010 წლიდან კი ზრდას დაუბრუნდა და პანდემიამდე (2020 წლამდე) წელიწადში საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა. 2020 წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა, 2021-2024 წლებში კი ჯამში 22%-ით გაიზარდა.
2000-იანი წლებიდან ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორებია: ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა და უძრავი ქონება. ტურიზმის წილმა ეკონომიკაში 15%-ს მიაღწია. ქვეყანაში წლიურად 20 მლნ-ზე მეტი მაღალბიუჯეტიანი ტურისტი სტუმრობს.
გამომდინარე იქიდან, რომ საამიროების ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს ნავთობის ექსპორტით, გადასახადები დაბალია, რაც ინვესტირებასა და ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.
საამიროების ეკონომიკაში დღეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს დუბაის საფონდო ბირჟა. ქვეყანაში გამოყოფილია სპეციალური (თავისუფალი) ეკონომიკური ზონები, სადაც სხვადასხვა სფეროს კომპანიები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, განსაკუთრებით – საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და მედიის. აქედან გამომდინარე, ბევრმა კომპანიამ გახსნა ოფისი დუბაისა და აბუ-დაბიში. საამიროებს ეკუთვნის ორი მსხვილი ავიაკომპანია: Emirates-ი და Etihad Airways-ი. 2020 წელს აქ აშენდა არაბულ ქვეყნებში პირველი ატომური ელექტროსადგური.
გაერთიანებული საამიროების ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანი დღესაც იგივეა, რაც ბოლო 20 წელზე მეტია, აქვს – რაც შეიძლება ნაკლები დამოკიდებულება ნავთობის ინდუსტრიაზე.
საამიროებში კორუფცია დაბალია. ქვეყანა კორუფციის მსოფლიო რეიტინგში (CPI 2023) 26-ე ადგილზეა (შედარებისთვის საქართველო 49-ე ადგილზეა). თუმცა დემოკრატიის ინდექსში (EIU 2024) 125-ე ადგილზეა და სუსტ ავტორიტარულ რეჟიმებს მიეკუთვნება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on იანვარი 28, 2025
- on ნოემბერი 20, 2024
- on ნოემბერი 13, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 11, 2024
- on სექტემბერი 27, 2024
- on სექტემბერი 18, 2024