“ობიექტური მედიის” აუცილებლობის შესახებ რიტორიკა აქტიურად იყო გამოყენებული რუსეთში ოპოზიციური აზრის ჩასახშობად. 2012 წელს მიღებული “უცხოელი აგენტების შესახებ კანონი” ავტორიტარული კონტროლის თანდათანობით გაფართოების ნათელი მაგალითია. თავდაპირველად კანონი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, მაგრამ 2017 წელს მედიასაშუალებებზეც გავრცელდა. ამან ხელისუფლებას საშუალება მისცა, კონკრეტული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ამოეღო სამიზნეში.
შედეგი: Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL), Voice of America და სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები იძულებულები გახდნენ, “უცხოელ აგენტებად” დარეგისტრირებულიყვნენ. რამდენიმე მედიასაშუალებას დახურვა, სხვებს კი ქვეყნის დატოვება მოუწიათ.
2019 წელს რუსეთში Fake News-ებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფის კანონი მიიღეს, რომელმაც მთავრობას საშუალება მისცა, დაეხურა მედიასაშუალებების ვებსაიტები ან წაეშალა კონტენტი, რომელსაც ის “დეზინფორმაციად ჩათვლიდა”. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ისედაც რეპრესიული კანონი კიდევ უფრო გამკაცრდა და პარლამენტმა ოფიციალურად განსაზღვრა იმ ორგანოების ჩამონათვალი, რომელთა “დისკრედიტაციაც” არალეგალური იქნებოდა. რუსეთის არმიის გარდა, სიაში ნახავთ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხედრო დანაყოფებს, მაგალითად, ვაგნერის ჯგუფის წევრებს.
შედეგი: კანონი გამოყენებულ იქნა კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დისკდრედიტაციისა და ჩახშობისათვის. შეიზღუდა უკრაინის ომისა და კორუფციული სქემების გაშუქება. კანონი კრიტიკული მედიის გასაჩუმებელ ინსტრუმენტად იქცა.
მედიისა და ექსტრემიზმის კანონი: ამ კანონის თანახმად, მედიასაშუალებებს, რომლებიც ექსტრემისტული შინაარსის მატარებელ მასალებს გამოაქვეყნებენ, ჯარიმები ან დახურვა ელით.
დამოუკიდებელი ტელეკომპანია Дождь იძულებული გახდა, უკრაინაში მიმდინარე ომის კრიტიკული გაშუქების გამო მაუწყებლობა სხვა ქვეყნიდან გაეგრძელებინა. დაიხურა Echo of Moscow და Novaya Gazeta. კრემლი ამ მოქმედებებს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებითა და უცხოური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით ხსნიდა. პუტინის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი მედია და ოპოზიციური ჯგუფები დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებდნენ, რათა რუსეთში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ.
საინტერესოა თურქეთის მაგალითიც: 2007 წელს თურქეთის მთავრობას კანონით მიენიჭა უფლება, გაეუქმებინა კონკრეტული ვებსაიტები ან შეეზღუდა იმ უცხოურ პლატფორმებზე წვდომა, რომლებიც ადგილობრივ კანონებს არ ემორჩილებოდნენ. ერდოღანის მთავრობა კრიტიკული აზრის ჩასახშობად იყენებს “ანტიტერორისტულ კანონს”, რომლის თანახმადაც ჟურნალისტები შეიძლება “ტერორისტული” გზავნილების გავრცელების გამო დააკავონ. 2016 წელს თურქეთის ხელისუფლებამ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მედია Zaman დახურა და ნელ-ნელა სრული კონტროლი მოიპოვა ქვეყანაში მოქმედ მედიასაშუალებებზე. Reporters Without Borders-ის ანგარიშის თანახმად, თურქეთი ერთ-ერთი “წამყვანი” ქვეყანაა დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით.
ისევე, როგორც რუსეთში, მსგავს მოქმედებებს თურქეთშიც “ეროვნული ინტერესების დაცვით”, ტერორიზმთან ბრძოლითა და მედიის ობიექტურობის უზრუნველყოფით ხსნიან.
ამ მაგალითების საპირწონედ, გერმანია მედიის სფეროში ძლიერი თვითრეგულაციის სისტემით გამოირჩევა. მედიაორგანიზაციები ეთიკურ კოდექსს მკაცრად ემორჩილებიან, მაგრამ ეს სისტემა დამოუკიდებელია. მას მთავრობა არ ქმნის.
უცხოური წყაროებიდან მედიის დაფინანსების შეზღუდვის შესახებ
საქართველოში მედია მოგებიანი ბიზნესი არაა. დაფინანსების სიმწირე, არასტაბილური შემოსავლები, ადამიანური და ტექნიკური რესურსების ნაკლებობა, საკანონმდებლო თვალსაზრისით არსებული ხარვეზები – მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რაც საქართველოში დამოუკიდებელ მედიას აწუხებს. ინიციირებული კანონი შეასუსტებს იმ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც ფუნქციონირებისათვის უცხოურ გრანტებზე არიან დამოკიდებულები.
უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ მსგავსი ზომა ოფიციალურად “უცხოურ გავლენასთან” საბრძოლველად გამოიყენა, თუმცა კანონის მთავარი მიზანი კრიტიკული მედიისათვის დაფინანსების შეზღუდვა იყო. კანონი განსაკუთრებული სიმკაცრით იმ მედიასაშუალებებს შეეხო, რომლებიც მთავრობის კორუფციასა და ძალაუფლების გადამეტებაზე ამზადებდნენ მასალებს.
დიდ ბრიტანეთში, რომლის მაგალითიც მამუკა მდინარაძემ მოიყვანა, მედიის ფუნქციონირებას Ofcom (კომუნიკაციების ბიურო) არეგულირებს, მაგრამ ის მთავრობისგან სრულიად დამოუკიდებელია. როცა მთავრობა განსაზღვრავს, რა არის “ობიექტური” და “ეთიკური” ჟურნალისტიკა, ცხადი ხდება, რომ საუბარია მედიის კონტროლზე.
კანონი იმ სახით, როგორითაც მასზე მდინარაძემ ისაუბრა, ჰგავს რუსეთის, თურქეთის, უნგრეთის, ჩინეთისა და ვენესუელის გამოცდილებას. ყველა ამ ქვეყანაში ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს მედიას, რათა დამოუკიდებელი ჟურნალისტები გააჩუმოს.
ცხადი ხდება, რომ დაანონსებული კანონი ქართული ოცნების ხელისუფლების ხელში სადამსჯელო ზომად შეიძლება იქცეს. მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც, ალბათ, უახლოეს მომავალში დაზუსტდება: რა საკანონმდებლო მექანიზმები იქნება გამოყენებული “ობიექტურობის” გასაკონტროლებლად, ვინ მოახდენს მედიასაშუალებების მონიტორინგს და ერთნაირი ზომა შეეხება თუ არა ქვეყანაში მოქმედ ყველა მედიასაშუალებას.