ელექტრონულ სატრანსპორტო საშუალებებს უამრავი დადებითი თვისება და ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა აქვთ — ლითიუმის ბატარეები ხანდახან სპონტანურად ალდება. ქართულ-ამერიკულ კომპანია ELVEN TECHNOLOGIES-ს ამ გამოწვევასთან გამკლავება შეუძლია. მის მიერ შექმნილი მატერია საათების განმავლობაში უძლებს 2000°C ტემპერატურის ცეცხლს და წარმატებით ახერხებს ლითიუმის ბატარეის აალებით გამოწვეული ხანძრის სრულ ლოკალიზებას. კომპანია ახლა ესტონეთში განაგრძობს საკუთარ პროდუქტებზე მუშაობას, მის მიერ ნაჩვენებ შედეგებს კი მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლები ელიან.
“ნებისმიერი ჯადოქრობა, რომელიც წიგნში ან ეკრანზე შეგვხვედრია, ტექნოლოგიაა, უბრალოდ, იმდენად მაღალგანვითარებულია, რომ ტექნოლოგიად ვერ აღიქმება”, — მეუბნება ვამეხ ხერხეულიძე, Elven Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორი. კომპანიის სახელი სწორედ ელფებითა და ფენტეზის სამყაროთია შთაგონებული. ძნელია, არ დაეთანხმო ვამეხს, რომ ტექნოლოგიების სათანადოდ დახვეწის შემთხვევაში ნებისმიერი მაგიის რეპლიკაციაა შესაძლებელი. მაგალითად, Elven-ის პირველი პროდუქტი — მეხანძრის უნიფორმა ყველა იმ ზღაპრის გმირს გამო ადგებოდა, ვინც გამოქვაბულში ცეცხლისმფრქვეველი დრაკონის დასამარცხებლად შედის.
ვამეხმა და მისმა მეგობრებმა დრეკად და მსუბუქ ცეცხლგამძლე მატერიაზე მუშაობა 2019 წელს დაიწყეს. “თავიდან ვფიქრობდით, რომ ახალი ტიპის კოსმოსური სკაფანდრი უნდა შეგვექმნა, მაგრამ მუშაობისას მივხვდით, რომ ჩვენი ინჟინრული შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული პირობები ახლოსაც არ იყო იმასთან, რაც ამის გასაკეთებლად გვჭირდებოდა”, — იხსენებს ვამეხი. მიზანსა და საშუალებას შორის არსებული მანძილი კიდევ უფრო საგრძნობი გახდება, თუ წარმოიდგენთ, რომ კომპანიის დამფუძნებლები პირველ პროტოტიპს 15მ2 ზომის დაბალჭერიან, გაყინულ ავტოფარეხში ქმნიდნენ. ექვსთვიანი თავდაუზოგავი მუშაობისა და უამრავი ტესტის შემდეგ სტარტაპმა რამდენიმე განსხვავებული მატერიის ისეთ კომბინაციას მიაგნო, რომელიც არსებულ უნიფორმებთან შედარებით ორჯერ უფრო მსუბუქი იყო და პირდაპირ ცეცხლს ხუთჯერ უფრო დიდხანს უძლებდა. რომ არა ეს მუშა პროტოტიპი, Elven Technologies სასიცოცხლოდ აუცილებელი თანხების მოზიდვას ვერ შეძლებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვამეხი აშშ-ში ვერ წავიდოდა და იქაური მეხანძრეებისგან ვერ შეიტყობდა, რამდენად რთულია ლითიუმის ბატარეებით გამოწვეული ხანძრის ჩაქრობა.
ვამეხ ხერხეულიძე პროფესიით ექიმია, მოწოდებით კი — ინჟინერი. სტარტაპ-ეკოსისტემით ჯერ კიდევ ექიმობისას დაინტერესდა და პირველი გრანტი ქირურგებისათვის ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული სიმულატორის შესაქმნელად მოიპოვა. ბავშვობაში ფეხსახსრიანების გადაადგილების პატერნებზე დაკვირვება მოსწონდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ხვდება, რომ რობოტიკისკენ მიუწევდა გული, რადგან დახვეწილი თანამედროვე რობოტები სწორედ ბუნებაში გავრცელებულ დიზაინს იმეორებენ. მედიცინამდე ადამიანების დახმარების სურვილმა მიიყვანა, თუმცა დადგა დრო და მიხვდა, რომ ახალი გამოწვევა სჭირდებოდა. “ზუსტად არც ვიცოდი, რას ვეძებდი, მაგრამ იმხელა სურვილი მქონდა რაიმეს შექმნის, რომ სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი”, — იხსენებს ის. ისრაელში სწავლისას სიცხისგან ძალიან შეწუხებულმა კათეტერის მილებით კუსტარულად გამაგრილებელი ტანსაცმელი შექმნა და სწორედ მაშინ დაიწყო აქტიურად ფიქრი თბომედეგი კოსტიუმის გამოგონებაზე. მალევე გააცნობიერა, რომ ამას მარტო ვერ შეძლებდა და თბილისში დაბრუნებისას ჩანა ფიქრი ყოფილ სტუდენტს, სანდრო ჩუბინიძესა (ახლა უკვე Elven Technologies-ის კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელს) და გამოცდილ ინჟინერს, გიორგი გაბარაშვილს (ტექნოლოგიურ დი რექტორს) გაუზიარა. ამ ორი ადამიანის თვალთახედვა ამბიციური იდეების რეალობად გარდასაქმნელად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ვამეხის თქმით, სანდროს საუკეთესოდ გამოსდის საჭირო ადამიანების პოვნა და სტარტაპის თითოეულ ნაბიჯს დიდი სტრატეგიის ნაწილად აღიქვამს, გაბარა კი რთული ტექნოლოგიური ამოცანების შემოქმედებითად გადაჭრის დიდოსტატია — MIT-მკვლევრებთან მხარდამხარ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებითა და უნიკალური პერსპექტივით ცხოვრების თითოეული ასპექტის შესახებ.

სანდროს, გაბარასა და ვამეხის გუნდს თითქმის ყველაფერი ჰქონდა მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმის შესაქმნელად: რობოტიკისა და ანატომიის ღრმა ცოდნა, ცნობისმოყვარეობა, ენთუზიაზმი, მაგრამ… არცერთმა არ იცოდა, რა არის საჭირო კოსტიუმის შესაკერად, მით უფრო ისეთი ინოვაციური მატერიისაგან, რომელთანაც აქამდე არავის ჰქონია შეხება. ასე შემოუერთდა გუნდს ბელა ბუცხრიკიძე, ტანსაცმლის კონსტრუქტორი და კოსტიუმების დიზაინერი.
“ბელამდე უნიფორმას მე ვკერავდი ბებიაჩემის ნაქონი „ზინგერით“ და სანდრო სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი, ასე აუცილებლად დავიღუპებითო, — იხსენებს სიცილით ვამეხი. — ბელა დაახლოებით ისე გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, ანიმეში ბრძოლისგან ძალიან დასუსტებულ გუნდს რომ დაადგება ახალი პერსონაჟი და თვალის ერთ მოძრაობაზეც რომ ეტყობა, რომ რაღაც მაგარი იცის”. ბელას თქმით, ელვენის შექმნილ კომპოზიტთან მუშაობა მარტივი არ ყოფილა: “მასალა თავისი მახასიათებლებით იმდენად უცხო იყო, რომ თავიდან უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ იდეამ და ამ საოცარმა გუნდმა გადამაწყვეტინა, რომ მეცადა”. ბელამ მრავალშრიანი მატერიისაგან საოცრად დეტალიზებული კოსტიუმი შექმნა და ასე გაუჩნდა Elven Technologies-ს პირველი ხელშესახები პროდუქტი, რომლის დაწვის (უფრო სწორად, ვერდაწვის) ჩვენებაც პოტენციური ინვესტორებისთვის შეიძლებოდა.
“Elven-ამდე ვთვლიდი, რომ ჩემი საუკეთესო უნარი დაგეგმვა იყო, — ამბობს ვამეხი ღიმილით, — საკუთარი სტარტაპის შენებამ კი მიმახვედრა, რომ დაგეგმვაზე უფრო მნიშვნელოვანი ცვალებად გარემოებებზე უსწრაფესი რეაგირებაა”. კრიტიკულ მომენტებში გამბედავი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა სანდროსაც კარგად ესმის: „პანდემიის დასაწყისში, როცა თანხა ამოგვეწურა და ოფი სი დავკარგეთ, გადავწყვიტეთ, დარჩენილი თანხით ავტოფარეხში გადავსულიყავით და სანამ პირველ პროტოტიპს შევქმნიდით, უხელფასოდ გვემუშავა. მახსოვს, აბსოლუტურად დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენი წამოწყება გაამართლებდა”. ახალ იდეაზე რთულ პირობებში მუშაობამ გუნდის წევრები სულ სხვა ძალით დააკავშირა ერთმანეთთან. “Elven-ში მუშაობის მთავარი სიამოვნება გუნდი და ჩვენი ერთობლივად “დანთებული” ტესტებია, — აღნიშნავს გაბარა. — გუნდის თითოეული წევრი გამორჩეული პერსონაჟია და ყოველთვის იპოვი მათთან ურთიერთობისას თუ მუშაობისას რაღაც საინტერესოს”.

Elven-ის თავგადასავალმა ამჟამინდელი ტრაექტორია მას შემდეგ შეიძინა, რაც ვამეხმა ნიადაგის მოსასინჯად ორი ცეცხლგამძლე კოსტიუმი აშშ-ში წაიღო. “უცნაური დამთხვევა იყო: ჯერ მანქანით მოგზაურობისას შემხვდა გზიდან გადაყენებული ტესლა, რომელიც იწვოდა, ცოტა ხნის შემდეგ კი მეხანძრეებმა შეხვედრაზე მითხრეს, რომ ყველაზე მეტად ელექტრობატარეის აფეთქებით გამოწვეული ხანძრის ჩაქრობა უჭირთ, რადგან ამ დროს ძალიან მაღალი ტემპერატურა იქმნება და ალმოდებული მანქანა დრო დადრო გავარვარებულ მეტალის ნამსხვრევებს ისვრის”. ვამეხმა ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება დაიწყო და ცოტა შეცბა, როცა აღმოაჩინა, რომ ლითიუმის ბატარეის ხანძრისას ტემ პერატურამ შეიძლება 2000 გრადუსს მიაღწიოს. ელვენის ყველა ტესტი მანამდე მაქსიმუმ 1200 გრადუსზე იყო გათვლილი (როგორც წესი, სტანდარტული ხანძრის ტემპერატურა ამაზე მაღლა არ ადის ხოლმე). ამ ამბიდან გუნდმა ორი დასკვნა გამოიტანა: 1. აუცილებელი იყო, ამ კომპოზიტში შეფუთული ელექტრობატარეა აეფეთქებინათ და 2. ლითიუმის ბატარეების უსაფრთხოების ბაზარი 400-ჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე პერსონალური აღჭურვილობის ბაზარი.
პირველადმა ექსპერიმენტმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. ახალგაზრდა ინოვატორების მიერ შექმნილ ფლაგმან პროდუქტს ნამდვილად შეეძლო განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის ხანძრის გაძლებაც კი. “ლითიუმის ბატარეის წვის შესაჩერებელი ტექნოლოგია მსოფლიოში არ არსებობს და მსგავსი პრობლემის წინაშე არაერთი საერთაშორისო კომპანია დგას. ამ კუთხით მართლა უნიკალურ ნიშს მივაგენით”, — ამბობს ვამეხი. ელექტროტრანსპორტზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად ასეთი ინოვაციური გადაწყვეტის საჭიროებაც სულ უფრო აქტუალური ხდება, განსა კუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ სტატისტიკურად ყოველი 10,000 Tesla-დან 25 მოულოდნელად ფეთქდება.
“ჩვენი მიზანი არ არის ელექტრობატარეების აალების პრობლემის გადაჭრა, ამ მიმართულებით სხვა კომპანიები უკვე მუშაობენ. ჩვენ ვქმნით შეფუთვას, რომელიც ადამიანის სიცოცხლესა და საკუთრებას იმ შემთხვევაში დაიცავს, თუ ბატარეას ცეცხლი მაინც წაეკიდა”, — განმარტავს ვამეხი.
ელექტრომობილების ინდუსტრიისაკენ ფოკუსის გადანაცვლების შემდეგ სტარტაპმა სწრაფად მიიპყრო ინვესტორებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის სხვა მოთამაშეების ყურადღება. Axel-ის მმართველი დირექტორის, ირო ცაგარეიშვილის თქმით, დღეს ელვენი მათ პორტფოლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპია: “Elven Technologies ჩვენთვის თავიდანვე გამორჩეული სტარტაპი იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ Hardware, Deep Tech-პროდუქტს ქმნიან, რაც საქართველოში ძალიან იშვიათია. ინვესტორებმა ადრეულ ეტაპზევე ირწმუნეს ამ იდეის, რაც გუნდის დაუღალავი შრომისა და მტკიცე სულისკვეთების დამსახურებაა”, — აღნიშნავს ირო.
კომპანიამ 2024 წელს Startup Tour-ზე 37 ქვეყნის სტარტაპს შორის მეორე ადგილი დაიკავა, გლობალურ სამიტ Hello Tomorrow-ზე კი Deep Tech Pioneer-ად დასახელდა. პარალელურად, წამოიწყო მოლაპარაკებები მსოფლიო ავტოინდუსტრიის მსხვილ მოთამაშეებთან, მათ შორის Tesla-სა და General Motors-თან. კომპანია ამჟამად ესტონეთიდან ოპერირებს, სადაც თვითმართვადი შატლების მწარმოებელი Auve Tech-ისათვის საპილოტე პროდუქტს ქმნის. “ყველა თანხმდება, რომ ლითიუმ-იონური ბატარეის აფეთქება სერიოზული პრობლემაა, ასე რომ, ჩვენ მიერ შეთავაზებული გამოსავალიც ბევრს აინტერესებს”, — აღნიშნავს ვამეხი.
ბოლო წლებში Elven Technologies-მა თავისი ბიზნესი ორ ნაწილად გაყო: ერთი მიმართულება ელექტრომობილების ან ნებისმიერი სხვა ტიპის ელექტროტრანსპორტის ბატარეის შეფუთვის, ანუ თითოეული ტრანსპორტის სპეციფიკაციაზე მორგებული პროდუქტის შექმნაა. მეორე კი — მზა გადაწყვეტის შეთავაზება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ბატარეების გადაზიდვის ჯაჭვში არიან ჩართულები: “სანამ ბატარეა ქარხნიდან მწარმოებლამდე მიაღწევს, 10 რგოლს მაინც გადის და თითოეულ ამ ეტაპზე არსებობს ხანძრის გაჩენის საშიშროება”. ამ ტიპის თანამშრომლობის შემთხვევაში ელვენს შეუძლია, საკუთარი მასალით შეფუთოს გადასატანი კონტეინერები, რაც შიპინგის პროცესს სრულიად უსაფრთხოს ხდის. დიდ ავტომწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში სანდო ლაბორატორიული ტესტების ჩატარების საჭიროებაც გამოიკვეთა. თუ თბილისში მეხანძრის უნიფორმას კუსტარულად, ტემპერატურული სენსორებით აღჭურვილი მანეკენის დახმარებით ცდიდნენ, თანდათან ახალ საფეხურზე გადასვლის დრო დადგა.
Elven-ს ამჟამად სამი სხვადასხვა ტიპის კომპოზიტი აქვს და სამივე შემოწმებულია აშშ-ში, Underwriters Laboratories-ში (UL): “ლითიუმიონური ბატარეების ხანძრის მიმართ მედეგობის შესამოწმებლად 10-ციკლიანი წვის ტესტი არსებობს. ამოწმებენ არა მხოლოდ ტემ პერატურის მიმართ გამძლეობას, არამედ იმასაც, როგორ უძლებს მასალა ნამსხვრევებით დაფლეთის საფრთხეს. კომპოზიტის ექვსი განსხვავებული მოდელიდან ყველაზე სუსტმაც კი წვის მესამე ციკლზე 40-წამიანი გამძლეობა აჩვენა. ყველაზე მდგრადი ვერსიების შემთხვევაში კი ცეცხლმა მეათე ციკლზეც ვერ გააღწია”, — ამბობს ვამეხი. ასეთი მდგრადობა გავრცელებული მასალებიდან მხოლოდ ბეტონს აქვს. ვამეხი აღნიშნავს, რომ შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, პროდუქტის გაუმჯობესებაზე მუშაობას არასდროს წყვეტენ: “2025 წლის გაზაფხულზე ორი ახალი პატენტის რეგისტრაციას ვგეგმავთ. პატენტზე განაცხადის შეტანის შემდეგ დაახლოებით ორწლიანი პერიოდი გაქვს, სანამ ის საჯარო გახდება და შენი კონკურენტი ნახავს, რას როგორ აკეთებ. ამ დროს უნდა მოახერხო, რომ კიდევ უფრო დახვეწო შენი ტექნოლოგია და ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით იყო წინ”.
ელვენის უნიკალური ცეცხლგამძლე ტექნოლოგია არა მხოლოდ აკავებს ლითიუმ-იონური ბატარეის ხანძრებს, არამედ პოტენციურად კატასტროფულ შემთხვევებს მართვად მოვლენებად გარდაქმნის. ამ ეტაპზე კომპანიისათვის მთავარი გამოწვევა პარტნიორების პოვნა და საწარმოო ხაზების გამართვაა იმ რამდენიმე პროდუქტისთვის, რომლებზეც უკვე დიდი მოთხოვნა არსებობს. ვამეხის სიტყვებით, სტარტაპის ცხოვრებაში ეს ეტაპი ბუდიდან პირველ გადმოხტომას ჰგავს: “დგება მომენტი, როცა ჩიტი პირველად უნდა გაფრინდეს. აქამდე არ უფრენია, მაგრამ აქვს შეგრძნება, რომ დროა, გადახტეს. გადახტომა ერთია, მაგრამ მერე როგორ მართავ ამ ნახტომს და შეძლებ თუ არა სიმაღლის აკრეფას — ეგ სხვა საკითხია”.
Elven-ის გუნდის წევრებს გამბედაობა და თავდაჯერებულობა ნამდვილად არ აკლიათ. ესეც გამოცდილებამ მოიტანა. ვამეხი იხსენებს, რომ უკვე შვიდჯერ მაინც იყვნენ არსებობის შეწყვეტის პირას. თუ პირველ ჯერზე ამ მდგომარეობამ ძალიან შეაშინა, ახლა უკვე იცის, რომ უბრალოდ გუნდის წევრებსა და მოვლენების განვითარებას უნდა მიენდოს: “ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდებით. თუ ახლა ვერ ვხედავთ მომდევნო ნაბიჯს, დავიძინებთ, გავიღვიძებთ და გვეცოდინება”.
“ხანდახან ისეც მომხდარა, რომ თვეობით გვიფიქრია რომელიმე ტექნოლოგიური პრობლემის გადაჭრაზე, — იხსენებს გაბარა, — ასეთ დროს უბრალოდ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო და გამოსა ვალი აუცილებლად გამოჩნდება. ამ პროცესის მიმართ 100%-იანი ნდობა მაქვს”. ვამეხისათვის სტარტაპ-ცხოვრების ექვსწლიანი გამოცდილების მანძილზე მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ ერთნაირად უნდა გჯეროდეს საკუთარი პროდუქტის, საკუთარი თავისა და გუნდის წევრების: “ნდობის გამოცხადება მნიშვნელოვანია. ის განცდა ნამდვილად მაქვს, რომ ჩემი გუნდის თითოეული წევრი პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის საქმეს და დამატებითი ჩარევის გარეშეც ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც საჭიროა”.
“როგორც გუნდი, ორ მთავარ დებულებაზე ვთანხმდებით და სწორედ ეს გვაძლევს წინსვლის მოტივაციას, — ამბობს სანდრო. — პირველი ისაა, რომ კაცობრიობის მომავლისთვის ტექნოლოგი ური წინსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე — მართლა არ არსებობს ტექნოლოგიური პრობლემა, რომელსაც ვერ გადავჭრით”. მისი თქმით, Elven-ის დამფუძნებლებისათვის ფინანსური წარმატება მთავარი ფაქტორი არასდროს ყოფილა, “უბრალოდ რთულ საქმეებთან შეჭიდება გვიყვარს”
არსებობის ხუთი წლის განმავლობაში სტარტაპმა შეიცვალა ტრაექტორია, ბიზნესმოდელი და ქვეყანა, მაგრამ არ შეუცვლია მთავარი პრინციპი — ინოვაცია საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს. ვამეხის, სანდროს, გიორგისა და ბელას ისტორია იმის მაგალითია, რომ თუ შენი იდეის საკმარისად გჯერა და ეს რწმენა ცოდნითაც არის გამყარებული, გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს. როგორც ჩანს, ერთადერთი ცეცხლი, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა აუცილებელი არაა, ის ცეცხლია, რომელიც შიგნიდან მოდის.