ყველაზე პერსპექტიული ქართული სტარტაპები | Forbes Georgia x Axel

ყველაზე პერსპექტიული ქართული სტარტაპები | Forbes Georgia x Axel

ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება, რაც ნათლად ჩანს იმ კომპანიების წარმატებაში, რომლებიც ინოვაციური იდეებით და მასშტაბური პროექტებით საერთაშორისო ბაზრებზეც იმკვიდრებენ ადგილს. Forbes Georgia-მ და Axel-მა ერთობლივად შეიმუშავეს სია, რომელიც ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპებს წარმოადგენს. ეს სია ასახავს ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი კომპანიების პოტენციალს, რომლებიც ფინანსური მიღწევებით, ტექნოლოგიური ინოვაციებით და გლობალური ექსპანსიის პერსპექტივით გამოირჩევიან.


Helio.AI 

Helio.AI რეკრუტინგის მართვის სისტემაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კომპანიებს პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება. ის კონკრეტულ პოზიციაზე შესაბამისი ადამიანების შერჩევის პროცესს ამარტივებს და აჩქარებს.
სისტემას შეუძლია, სულ რამდენიმე წამში ასობით ქართული და ინგლისური რეზიუმე გადაარჩიოს, ბაზა მოამზადოს და მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით დაალაგოს. Helio უკვე ექვს ქვეყანაში ოპერირებს.


Amadeo

Amadeo არის B2B Saas ფინტექ-პლატფორმა, რომელიც აწვდის ფინანსურ ანალიტიკას, მარეგულირებელ ანგარიშგებას და სესხის განაცხადის ავტომატიზებულ პროცესებს მცირე და საშუალო ბიზნესებს. Amadeo ინტეგრირდება სტანდარტულ სააღრიცხვო ინსტრუმენტებთან, ქმნის დაფებს, სქემებსა და ანგარიშებს ფინანსური ანალიზის გასაუმჯობესებლად. Amadeo 2024 წლის აგვისტოში დაარსდა და მას ამ ეტაპამდე ჯამური 240,000 ლარის ინვესტიცია აქვს მოზიდული  ანგელოზი ინვესტორებისგან და საგრანტო პროგრამიდან. პროდუქტი სექტემბერში გაეშვა და ყოველთვიური 100%-იანი ზრდა აქვს. ამადეო საქართველოს ბაზრის ათვისებასთან ერთად, კავკასიის რეგიონში გასვლაზეც მუშაობს. მოლაპარაკებები სომხურ ფინანსურ ინსტიტუტებთან უკვე დაწყებული აქვთ. გარდა ამისა, თანამშრომლობენ საბუღალტრო და ფინანსურ კომპანიებთან, რათა ყოველი პლატფორმის მომხმარებელმა მარტივად შეძლოს ინტეგრაცია.


DataMind

DataMind მონაცემთა კოდის-გარეშე გადაწყვეტას სთავაზობს ბანკებს, რაც რამდენიმეწლიან პროცესს 2 თვემდე ამცირებს. DataMind-ზე დაფუძნებული ხელმისაწვდომი სერვისებით, მონაცემთა მენეჯმენტი და ინფორმაციის GDPR-ფორმატში მოყვანაა შესაძლებელი. გუნდმა ამ ეტაპამდე მოიზიდა $700,000 ინვესტიცია და $1-მილიონიანი წლიური საშუალო თრექშენი აქვს. DataMind-ი საქართველოს გარდა, ბალტიისპირეთის რეგიონში ოპერირებს და მათი პოტენციური  ბაზარი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი, აღმოსავლეთი ევროპა და ამერიკაა. DataMind-ი საქართველოში არსებულ საბანკო სექტორის 70%-თან თანამშრომლობს და ამ ეტაპზე მუშაობს ახალ პროდუქტზე, რომლის აქტიური გაყიდვებიც 2025 წლის მეორე კვარტალში დაიწყება.


Elven Technologies

Elven არის მაღალტექნოლოგიური hardware-კომპანია, რომელიც ქმნის ხანძარუსაფრთხოების ინოვაციურ პროდუქტებს ელექტრომობილების, ლითიუმის ბატარეების სასაწყობე და სატრანსპორტო კომპანიებისთვის. Elven-ის პროდუქტები ხასიათდება 100%-ით ეფექტიანი გამძლეობით ლითიუმის ბატარეის ხანძრის მიმართ, რაც უზრუნველყოფს ადამიანებისა და საკუთრების სრულყოფილ დაცვას. ამჟამად „ელვენი“ ოპერირებს ესტონეთში, გერმანიაში, ამერიკასა და მექსიკაში; მუშაობს ექვს საპილოტე პროექტზე, აქედან ორი – ელექტრომობილის, ერთი – ელექტრონული საფრენი აპარატის და სამი – ბატარეების სატრანსპორტო კომპანიასთან. ამ ეტაპამდე ჯამური აწეული ინვესტიცია $1,5 მილიონ ლარს შეადგენს, საგრანტო პროგრამებით, ანგელოზი ინვესტიციებითა და ვენჩურული კაპიტალის ფონდით.


Kings International

Kings International-ი აკადემიურ კონკურსებს აციფრულებს, ქმნის ონლაინპლატფორმას, რომელიც ამარტივებს რეგისტრაციას, ტესტირებასა და უკუკავშირს. არსებული პლატფორმა ზოგავს მასწავლებლების დროს და ზრდის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომობას. Kings International-ს  Freemium-მოდელით ჰყავს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე (ინდოეთი, ლიტვა, ბულგარეთი, აზერბაიჯანი) 300,000-მდე მომხმარებელი. აღსანიშნავია, რომ კომპანია მოგებიანია თითოეულ ქვეყანაში. მათი 2025 წლის გეგმები მოიცავს ექსპანსიას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ბანგლადეში, ყაზახეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი და პაკისტანი. Kings International 500 Eurasia-ს გამარჯვებულია და მათგან $100,000-იანი ინვესტიცია მოიზიდა.


Printomato

Printomato მაღალი ტრეფიკის ლოკაციებისთვის განკუთვნილი უფასო ფოტობეჭდვის აპარატია, რომელიც მიზნობრივი რეკლამებით და QR-კოდის კამპანიებით წარმოაჩენს ბრენდებს. კომპანიამ ოპერირება 2024 წელს დაიწყო და 2025 წლის იანვრიდან ბელგიაშიც ჩაეშვება. ამ ეტაპამდე კომპანიას 25,000-მდე დაბეჭდილი ფოტო და მოზიდული ჯამური 430,000 ლარის ინვესტიცია აქვს. აღსანიშნავია, რომ გუნდმა ინვესტიცია ანგელოზი ინვესტორებისგან და 1 საგრანტო პროგრამიდან მოიზიდა. კომპანიის ამჟამინდელი ძირითადი კლიენტები არიან: Heineken-ი, Visa და სხვ.


Promofy

Promofy გემიფიკაციის მეშვეობით მომხმარებელთან დაკავშირების გზებს ცვლის, ის ბიზნესებს No-code-ინსტრუმენტებს სთავაზობს, რაც მათ საშუალებას აძლევს, შექმნან და გაუშვან გემიფიცირებული პრომოაქციები 30 წუთში. ინვესტიცია: 1.2 მილიონი დოლარი, ოპერაციას იწყებს კლიენტებთან CIS-ის, ევროპისა, ლათინური ამერიკის ქვეყნებში. Promofy-ის იდეა გაჩნდა იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ მომხმარებელთა ჩართულობის ტრადიციული მეთოდი ახალ, ინოვაციურ პერსპექტივას საჭიროებდა. მსგავს სისტემებში გემიფიკაციის ინტეგრირებით, Promofy მომხმარებლებთან კავშირის სრულიად ახალ მეთოდს ქმნის.


Quickshipper

Quickshipper არის SaaS-პლატფორმა, რომელიც ეხმარება ბიზნესებს, მართონ შიდა კურიერები ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა მარშრუტების ოპტიმიზაცია, შეკვეთების მიღება და გარე საკურიერო კომპანიების შეუფერხებლად დაკავშირება. პლატფორმა მუშაობს თითოეული შეკვეთის საფასურის მოდელით და პარტნიორობს არსებულ მიწოდების კომპანიებთან. $450,000-მდე მოზიდული თანხა როგორც VC-ფონდებისგან, ასევე ანგელოზი ინვესტორებისა და გრანტებისგან. აქტიური მომხმარებლები სტარტაპს ჰყავს შემდეგი ქვეყნებიდან: ბულგარეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, განა. სტარტაპი 2025 წელს გეგმავს შემდეგ ქვეყნებში ექსპანსიას: ლატვია, ლიეტუვა, უნგრეთი, ესპანეთი, რუმინეთი, ქუვეითი, ყაზახეთი და მოლდავეთი. Quickshipper-ს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს Glovo-სთან და Wolt-თან HQ-ებით, რაც მათ უცხოურ ბაზრებზე გაძლიერებული ექსპანსიის საშუალებას აძლევს.


Theneo

Theneo მოწინავე ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც API-დოკუმენტაციის შექმნის, მართვისა და გაუმჯობესების პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს. მისი ინტუიციური დიზაინი და ავტომატიზაციის ფუნქციები დეველოპერებსა და გუნდებს საშუალებას აძლევს, სწრაფად და ეფექტიანად შექმნან ხარისხიანი დოკუმენტაცია, გააუმჯობესონ კომუნიკაცია და უზრუნველყონ პროექტების გამჭვირვალობა. $2 მილიონზე მეტი ინვესტიცია, 14,000 კომპანია მსოფლიო მასშტაბით, უმეტესწილად ამერიკაში, რომლებიც იყენებს თენეოს.


Wempler

ვემპლერი არის პლატფორმა, რომელიც, ერთი მხრივ,  ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარება. მეორე მხრივ კი მოგცემს საშუალებას, შენი უნარებით სხვას დაეხმარო და გქონდეს დამატებითი შემოსავალი. ვემპლერი აერთიანებს 70,000-ზე მეტ შესრულებულ დავალებას 30,000-მდე ინდივიდუალური მომხმარებლისგან და 9,500 ვერიფიცირებულ ექსპერტს 70-ზე მეტ კატეგორიაში. პლატფორმას B2B-მიმართულებით 60-ზე მეტი კონტრაქტორი კომპანია ჰყავს. ამ ეტაპამდე ჯამურად $400,000 ინვესტიცია აქვთ მოზიდული ჩეხური ვენჩურული კაპიტალის ფონდიდან, სამი ანგელოზი ინვესტორისგან და ერთი საგრანტო პროგრამიდან.


Widgera

Widgera არის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, დეველოპერების გარეშე შექმნან ვებსაიტები, no-code-ფუნქციების გამოყენებით. Widgera 2024 წელს დაარსდა და ამ ეტაპამდე 30 სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელი ჰყავს, რომლებმაც 2,000-ზე მეტი აპლიკაცია შექმნეს. სტარტაპს მოზიდული აქვს როგორც ანგელოზი ინვესტორებისგან, ასევე გრანტით $100,000-მდე და მონაწილეობს 500 Eurasia-ს ბოლო batch-ში.


მეთოდოლოგია

Forbes Georgia-მ და Axel-მა ერთობლივად შეადგინეს საქართველოს ტოპ-10 სტარტაპის სია, რომელიც აერთიანებს ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ და პერსპექტიულ ტექნოლოგიურ კომპანიებს. სია დალაგებულია ანბანური ქრონოლოგიით და აერთიანებს სტარტაპებს, რომლებიც შერჩეულია მათი მიღწევების, ბაზარზე გავლენისა და ზრდის პოტენციალის გათვალისწინებით.

სტარტაპების შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემები, რომლებიც მოიცავს GITA-ს გრანტების კონკურსში ბოლო სამი წლის განმავლობაში მონაწილე სტარტაპებს, Axel-ის საინვესტიციო ბაზაში წარმოდგენილ კომპანიებს და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიღებულ ინფორმაციას. 

შერჩევის პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობდა საინვესტიციო საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს ყველაზე აქტიური ანგელოზი ინვესტორებისგან. მათ აქვთ 20-ზე მეტი ინვესტიცია განხორციელებული ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებში. ისინი რეგულარულად აფასებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებს. სწორედ ამ საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩა საქართველოს ტოპ-10 სტარტაპი.

სტარტაპების შეფასება მოხდა როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კრიტერიუმების საფუძველზე, რათა უზრუნველყოფილიყო  კომპანიების საქმიანობის, მასშტაბურობისა და ინოვაციების სრულყოფილი შეფასება. შერჩევის პროცესში ძირითადი ყურადღება გამახვილდა შემდეგ ასპექტებზე: მიღებული ინვესტიციები, კერძოდ, ჯამური დაფინანსების ოდენობა და ინვესტორების მრავალფეროვნება, ადგილობრივი თუ საერთაშორისო წარმოშობის ჩათვლით. ასევე, გათვალისწინებული იყო კომპანიების მომხმარებელთა ბაზა, ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე მათი აქტიურობა და შემოსავლების პოტენციალი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტარტაპების საერთაშორისო მასშტაბზე გასვლის პოტენციალს და მათ ტექნოლოგიურ ინოვაციებს, რაც ხელს უწყობს ოპერაციების ავტომატიზაციას და ეფექტიანობის ზრდას.