მაღალი რანგის რუსი დიპლომატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები უკრაინის საკითხზე მოსალაპარაკებლად მიმდინარე კვირას კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. მისივე ცნობით, შეხვედრის საგანი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამოსწორება იქნება, რომელიც ახლა ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
შეგახსენებთ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა პირველი სატელეფონო საუბარი 12 თებერვალს გამართეს. 18 თებერვალს კი საუდის არაბეთში უკვე აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს.
დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართობასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის მეოთხე წელს კი რუსეთი უკრაინის თითქმის 20%-ს აკონტროლებს. 2014 წელს ანექსირებული ყირიმის გარდა, ომით რუსეთმა უკრაინის რეგიონების – დონეცკის, ზაპოროჟიასა და ხერსონის 75% და ლუგანსკის 99% დაიკავა. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეთის განცხადებით, უკრაინის 2014 წლის საზღვრებში დაბრუნება არარეალისტურია. გარდა ამისა, აშშ-ის მთავრობა უკრაინის ნატოს წევრობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
პუტინის განცხადებით, უკრაინაში დაკავებულ ტერიტორიებზე უკვე ვრცელდება რუსული კანონები და აღნიშნული ტერიტორიები რუსული ბირთვული ქოლგის დაცვის ქვეშაა. გასული წლის ივნისში ვლადიმირ პუტინმა ომის დასრულების მკაფიო წინაპირობებიც გამოაცხადა. მისი განმარტებით, უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოს წევრობის პერსპექტივაზე და ზემოთ აღნიშნული ოთხი რეგიონიდან საკუთარი სამხედრო შენაერთები უნდა გაიყვანოს.
თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად პუტინის პირობები კიდევ უფრო მკაცრია. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ დონალდ ტრამპი ომის დასასრულებლად დათმობების გაკეთებისაკენ არა რუსეთს, არამედ უკრაინას მოუწოდებს.