Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი
როგორ განვითარდა ჩინეთის ეკონომიკა?

ჩინეთის ეკონომიკა 19 ტრილიონი აშშ დოლარია და სიდიდით მხოლოდ აშშ-ისას ჩამორჩება. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მეთოდით კი ჩინეთის ეკონომიკა უფრო დიდია (37 ტრილიონი დოლარი), ვიდრე აშშ-ის (29 ტრილიონი დოლარი). მიუხედავად ეკონომიკის სიდიდით ლიდერობისა, ჩინეთი ერთ მოსახლეზე შემოსავლით მდიდარი ქვეყნების ჯგუფში ვერ ხვდება. ამის მიზეზი 1.4-მილიარდიანი მოსახლეობაა. ნომინალურ გამოსახულებაში ჩინეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 13,000 დოლარია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 70-ე ადგილზეა. PPP-მეთოდით ჩინეთში ერთ მოსახლეზე შემოსავალი გაცილებით მეტი – 28,000 დოლარია, თუმცა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 73-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ბანკი მდიდრებს იმ ქვეყნებს მიაკუთვნებს, სადაც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 14,000 დოლარზე მეტია. ჩინეთს ამ ნიშნულამდე რამდენიმე წელი აშორებს.
1978 წლამდე ჩინეთი მსოფლიოს უღარიბესი ქვეყანა იყო. დასაქმებულთა 69% სოფლის მეურნეობაში მუშაობდა. ეკონომიკური განვითარების ბედი მნიშვნელოვნად განაპირობა მაო ძედუნის გარდაცვალებამ და მის ნაცვლად ჩინეთის სათავეში დენ სიაოპინის მოსვლამ. სიაოპინის რეფორმების მთავარი აზრი სოციალისტურ ეკონომიკაში საბაზრო ეკონომიკის ელემენტების შემოტანა და ავტარკიის ნაცვლად ქვეყნის ეკონომიკის გახსნა იყო. 1980 წელს ჩინეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 300 დოლარი იყო.
სიაოპინმა ერთ-ერთი პირველი საკუთრების რეფორმა გაატარა, დაუშვა მიწისა და კომპანიების კერძო საკუთრებაში ქონა და სოფლის მეურნეობის პროდუქტის კომერციალიზაცია. სწრაფი ეკონომიკური ზრდის დასაწყებად ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში დასავლური კაპიტალის დაშვება იყო. თავდაპირველად, ამ მიზნით შეიქმნა 4 თავისუფალი ინდუსტრიულიო ზონა (შენზენის, ჩუნჰაის, შანტოს და სიამინის). დაიწყო სწრაფი ურბანიზაცია. 1980 წელს ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 20% ცხოვრობდა ქალაქში, რაც მომდევნო 10 წელიწადში 30%-მდე გაიზარდა. 1980-იან წლებში ჩინეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 9%-ით იზრდებოდა.
სიაოპინმა შემოიღო 1979 წელს „ერთი შვილის პოლიტიკა“, რომელიც 2015 წლამდე იყო ძალაში. მრავალშვილიანობის აკრძალვამ ჩინეთის მოსახლეობის ზრდის ტემპი შეანელა და ქვეყნის სიღარიბიდან გამოსვლაში თავისი როლი ითამაშა.
1990-იან წლებში ჩინეთში უკვე მასობრივად იყო განვითარებული კერძო ბიზნესი, რაც პრივატიზაციის შედეგი იყო. ასევე აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ვაჭრობაში. ქვეყნის სავაჭრო ბალანსი დადებითი გახდა, რასაც დღემდე ინარჩუნებს. 1980-იან წლებში ჩინეთში წლიურად რამდენიმე მილიარდი დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შედიოდა, რაც 1990-იან წლებში უკვე ათეულობით მილიარდი იყო. ჩინეთის მთავარი პრიორიტეტი დასავლური ტექნოლოგიების მოზიდვა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა იყო. სწორედ ამას ემსახურებოდა სპეციალიზებული ეკონომიკური ზონები, სადაც უცხოურ ინვესტიციებს შეღავათიანი ბიზნესგარემო ხვდებოდა. 1990 წელს დაარსდა შანხაის საფონდო ბირჟა, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია. 1990-იან წლებში ჩინეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 11%-ით იზრდებოდა.
მიუხედავად პრივატიზაციისა და უცხოური კერძო კომპანიების შემოშვებისა, ჩინეთში სახელმწიფოს ხელში მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივები დარჩა – ძირითადად, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და დიდი ბანკები. მიუხედავად ამისა, 2002 წლიდან ჩინეთის ეკონომიკის (მშპ-ის) ნახევარზე მეტს უკვე კერძო სექტორი ქმნიდა. ერთ წელიწადში მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 100 მილიარდ დოლარს პირველად 2008 წელს გადასცდა. 2000-იან წლებში ჩინეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 10.5%-ით იზრდებოდა. მისი ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს – 2009 წელსაც კი 9%-ით გაიზარდა. სამრეწველო პროდუქციის გამოშვებით (ინდუსტრიით) ჩინეთმა 2006 წელს იაპონიას გადაუსწრო, ხოლო 2010 წელს – აშშ-ს.
2011 წელს პირველად ჩინეთში ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვმა სოფლის მოსახლეობას გადააჭარბა, რაც ეკონომიკური განვითარების ლოგიკური შედეგია. ჩინეთის ეკონომიკური განვითარება ინდუსტრიისა და მომსახურების სექტორის ზრდაზე დგას, რაც სამუშაო ადგილებს ძირითადად ქალაქში ქმნის. 2013 წელს ჩინეთი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა გახდა. 2010-იან წლებამდე, სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩინეთის მთავარი უპირატესობა შედარებით იაფი სამუშაო ძალა იყო. აღსანიშნავია, რომ შედარებით იაფი იყო საშუალო და მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ძალაც.
2012 წელს ჩინეთის სათავეში სი ძინპინი მოვიდა, რომელმაც 3 მთავარი მიზანი დაისახა: ინოვაციების განვითარება, შიდა ბაზრების გაძლიერება და საერთო კეთილდღეობა. თუმცა მიუხედავად ასეთი მიზნისა და ქვეყნის სათავეში უცვლელად კომუნისტური პარტიის ყოფნისა, ჩინეთში დღეს უფრო არათანაბრად არის გადანაწილებული სიმდიდრე, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში.
2010-იან წლებში ჩინეთის ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური ტემპი 7.7%-მდე შემცირდა, რაც პირველ რიგში საბაზისო ეფექტით იყო განპირობებული. ეკონომიკა რაც უფრო დიდია, მისი მაღალი პროცენტით ზრდა უფრო რთულდება. ამას თან ერთოდა აშშ-ისა და ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მიერ ჩინეთის ტექნოლოგიური სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები.
2020 წელს, მიუხედავად პანდემიისა, რომელიც სწორედ ჩინეთიდან დაიწყო, ეკონომიკა 2%-ით გაიზარდა, 2021-ში კი – 8%-ით.
ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად 2022-2024 წლებში დაეცა, საშუალოდ 4.3%-მდე. ამის მთავარი მიზეზი მაღალი ინფლაციისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები იყო.
ბოლო 45 წელიწადში ჩინეთის ეკონომიკას რამდენიმე გარდამავალი ეტაპი ახასიათებდა: აგრარული, ღარიბი ქვეყანა ჯერ მსუბუქი მრეწველობის ბუმის ადგილი გახდა (მაგალითად, ტანსაცმლის წარმოება), შემდეგ თანდათან მძიმე მრეწველობაც განვითარდა. დასავლური კომპანიების ინვესტიციების დახმარებით თანდათან ელექტრონული და ციფრული ტექნიკის წარმოება დაიწყო. დღეს კი პრეტენზია აქვს, საკუთარი ტექნოლოგიური ბრენდებით კონკურენცია გაუწიოს დასავლურ კომპანიებს, ეს იქნება საკომუნიკაციო, საოჯახო და ციფრული ტექნიკა თუ ელექტრომობილები. ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა განათლების სექტორის განვითარებამ, განსაკუთრებით მათემატიკისა და მეცნიერების პოპულარიზაციამ. 2018 წელს, PISA-ს კვლევებით, საუკეთესო სასკოლო განათლება (მათემატიკა და მეცნიერებები) ჩინეთში იყო. 2022 წელს კვლევაში ჩინეთი არ იყო, მაგრამ იყო ჩინეთის ავტონომიური ერთეული მაკაო, რომელიც სინგაპურის შემდეგ მე-2 ადგილზე გავიდა.
საშუალო წლიური შემოსავალი ერთ მოსახლეზე ჩინეთში, აშშ დოლარი

გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on თებერვალი 25, 2025
- on თებერვალი 3, 2025
- on იანვარი 15, 2025
- on იანვარი 13, 2025
- on ოქტომბერი 17, 2023
- on აპრილი 11, 2023
- on დეკემბერი 15, 2021
- on დეკემბერი 8, 2021