უკრაინამ კანადისგან $1.7 მილიარდი მიიღო

უკრაინამ კანადისგან $1.7 მილიარდი მიიღო

უკრაინამ, G7-ის საგანგებო შემოსავლების დაჩქარების (ERA) ინიციატივის ფარგლებში, კანადისგან პირველი ტრანში, 2.5 მილიარდი კანადური დოლარი (დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი) მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.

ERA უკრაინისთვის სესხის სახით საერთო ჯამში 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენებით უნდა დაიფაროს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ინიციატივაში კანადის წვლილი 3.5 მილიარდი აშშ დოლარია და სესხი 30 წლით გაიცემა.

„კანადა უკრაინის საიმედო და მტკიცე პარტნიორია. მადლობელი ვარ ERA-ს ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ეს არის სამართლიანი და აუცილებელი ინსტრუმენტი უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის რუსეთის ფინანსური პასუხისგებისთვის,“ – განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, G7-ის ქვეყნებმა დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული სუვერენული აქტივები გაყინეს. ERA-ს ინიციატივა ამ გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად გამოყენებას ისახავს მიზნად.

კანადის გარდა, კიევმა უკვე მიიღო 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 970 მილიონი აშშ დოლარი), როგორც G7-ის სესხში დიდი ბრიტანეთის პირველი შენატანი.