როგორია ტრამპის „საბოლოო შეთავაზება“ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად?

როგორია ტრამპის „საბოლოო შეთავაზება“ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად?

მედიასააგენტო Axios-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების პირობებთან დაკავშირებით „საბოლოო შეთავაზება“ წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას მედიასააგენტოს საკითხთან დაახლოებული პირები ანონიმურად აწვდიან. აშშ უკრაინისაგან შეთავაზებაზე პასუხს დღეს ელოდება.

ცნობილია, რომ დონალდ ტრამპის შეთავაზება უკრაინულ მხარეს ამერიკულმა დელეგაციამ გასულ კვირას პარიზში წარუდგინა და პირობები „საბოლოო შეთავაზებად“ აღწერა. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში აშშ მოლაპარაკებებიდან გასვლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

რას მიიღებს რუსეთი ტრამპის შეთავაზების თანახმად:

  1. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის აშშ-ის მხრიდან დე-იურე აღიარებას.
  2. რუსეთის მიერ ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების აშშ-ის მხრიდან დე-ფაქტო აღიარებას.
  3. პირობას, რომ უკრაინა ნატოს წევრი ქვეყანა არ გახდება. თუმცა უკრაინას ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობა ექნება.
  4. 2014 წლის შემდეგ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას.
  5. აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ენერგო და ინდუსტრიულ სექტორებში.

რას მიიღებს უკრაინა ტრამპის შეთავაზების თანახმად:

  1. „უსაფრთხოების მტკიცე გარანტიას“, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები და, სურვილის შემთხვევაში, რამდენიმე არაევროპული სახელმწიფო უზრუნველყოფს. თუმცა არ არის განმარტებული, თუ როგორ იფუნქციონირებს აღნიშნული სამშვიდობო ოპერაცია და რა როლი ექნება მასში აშშ-ს.
  2. რუსეთის მიერ ოკუპირებული ხარკოვის რეგიონიდან უკრაინისთვის მცირე ნაწილის დაბრუნებას.
  3. მდინარე დნეპრის შეუფერხებელად და უსაფრთხოდ გამოყენების გარანტიას.
  4. აღმშენებლობისთვის საჭირო კომპენსაციასა და დახმარებას. თუმცა დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, რა იქნება დაფინანსების წყარო.

საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპის შეთავაზება ევროპის ტერიტორიაზე უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების პერსპექტივასაც ეხება. დოკუმენტის თანახმად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ტერიტორიულ კუთვნილებად ჩაითვლება, თუმცა მის ფუნქციონირებას აშშ უზრუნველყოფს. გამომუშავებული ელექტროენერგია კი როგორც უკრაინას, ისე რუსეთს გადაეცემა.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე უარი განაცხადა. ამის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ლონდონში ვიზიტი გააუქმა, სადაც უკრაინა-რუსეთის ომის სამშვიდობო პროცესის დასკვნითი მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო. პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვლადიმირ პუტინთან მეოთხე შეხვედრისთვის ემზადება, სადაც ტრამპის „საბოლოო შეთავაზებას“ განიხილავენ.

მიუხედავად მარკო რუბიოს ლონდონში გაუქმებული ვიზიტისა, დიდ ბრიტანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ჩართულობით გაგრძელდება. ამერიკულ დელეგაციას უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უხელმძღვანელებს.