"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა ტაივანი?

2 (10)

ტაივანში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 35,000 აშშ დოლარია, თუმცა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (PPP) 82,000 დოლარს უტოლდება. ტაივანი მსოფლიოში მე-11 ქვეყანაა სიმდიდრით. უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ბელგია, ავსტრია, შვედეთი, გერმანია, კანადა და სხვა.

ტაივანის განვითარების გზა ე.წ. „ეკონომიკურ სასწაულებს“ მიეკუთვნება და სწორედ ამ განვლილი გზის გამო, ტაივანს „აზიური ვეფხვი“ უწოდეს. 1952-დან 1982 წლამდე ტაივანის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 9%-ით იზრდებოდა და აღნიშნულ 30 წელიწადში, ჯამში, 130ჯერ გაიზარდა, გახდა მდიდარი ქვეყანა.

ტაივანის ეკონომიკურ განვითარებაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ ტაივანური კომპანიებია TSMC, ASUS, ACER და HTC.

დღევანდელი ტაივანის ისტორია 1949 წლიდან იწყება, როდესაც ჩინეთის სამოქალაქო ომში დამარცხებული სოციალისტების ლიდერი ჩან კაიში თავის ჯარისკაცებთან, მათი ოჯახის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად კუნძულ ტაივანზე გადასახლდა. მათ თან წაიღეს შანხაის ცენტრალური ბანკის ოქროს მთელი მარაგი. სამოქალაქო ომში გამარჯვებული, კომუნისტური პარტიის ლიდერი მაო ძედუნი, საბჭოთა კავშირის დახმარებით, ტაივანის ასაღებად ემზადებოდა. ჩან კაიშიც ომისთვის ემზადებოდა. ამ დროს დაიწყო ომი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახა, რომ როგორც სამხრეთ კორეას, ასევე ტაივანს დახმარება სჭირდებოდა, რომ კომუნიზმის გავრცელება შეეჩერებინათ. კორეის ომის დაწყებიდან მეორე დღესვე პრეზიდენტმა ტრუმენმა მეშვიდე ფლოტის ტაივანის სრუტეში გაგზავნისა და ტაივანის გარე აგრესიისგან დაცვის ბრძანება გასცა. 1954 წლის 2 დეკემბერს აშშ-ის მთავრობამ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები დაამყარა ტაივანის ხელისუფლებასთან. აშშ-ის მთავრობა დღემდე იცავს ტაივანს ჩინეთის შესაძლო თავდასხმისგან.

ტაივანს საშუალება მიეცა, შედარებით მშვიდობიან გარემოში გაეგრძელებინა არსებობა. გარდა უსაფრთხოებაში გაწეული დახმარებისა, აშშ-მა ტაივანს 4 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარებაც გაუწია.

1950-იანი წლების დასაწყისში ტაივანში მიწის რეფორმა გატარდა. მიწა ჩამოართვეს ფაქტობრივ ფეოდალებს და გლეხებს გადაუნაწილეს, რამაც მოსავლიანობა გაზარდა. გაიხსნა სკოლები და ყველა ტაივანელს მიეცა საშუალება, განათლება მიეღო.

1950 წლიდან ტაივანმა იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია აირჩია და უცხოური საწარმოო ტექნოლოგიების შემოტანა დაიწყო, რაშიც აშშ და იაპონია ეხმარებოდა. თუმცა 1959 წლიდან მთავრობამ გადაწყვიტა, ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა შეექმნა, რადგან გამდიდრების მეტი პერსპექტივა ჰქონოდათ. დაიწყო ეკონომიკის ლიბერალიზაცია, რომ უცხოური კომპანიები შემოსულიყვნენ. რამდენიმე წელიწადში იაპონური კომპანიები შედიან ტაივანში, მათ ხიბლავთ იაფი, მაგრამ კარგი განათლების მქონე სამუშაო ძალა, მარტივი რეგულაციები და მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა. თუმცა წარმოება ძირითადად ადგილობრივ საშუალო ზომის კომპანიებს ეფუძნებოდა, რომლებიც ადგილობრივი დანაზოგებით შეიქმნა. ტაივანელებს ფულის დაზოგვისადმი და ინვესტიციად ქცევისადმი მაღალი მიდრეკილება ჰქონდათ.

უცხოური ინვესტიციები ძირითადად ელექტროტექნიკის წარმოების სექტორში შევიდა. ეკონომიკის მხოლოდ 14% მოდიოდა უცხოურ კომპანიებზე, თუმცა მათი პროდუქციის წილი ექსპორტში 26%-მდე იყო. ტექნოლოგიების წარმოების ხელშესაწყობად 1970-იან წლებში ორი ტექნოლოგიური პარკი დაარსდა: სინჩუ და ტაიბეი.

1980-იან წლებში ტაივანი უკვე ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა, უცხოურ ბაზრებზე სოლიდურად წარმოდგენილი და მნიშვნელოვანი უცხოური ვალუტის რეზერვებით. ტაივანური კომპანიები საზღვარგარეთ ინვესტირებასაც იწყებენ, მათ შორის ჩინეთში, სადაც უკვე დაშვებულია უცხოური კერძო კაპიტალის შესვლა. ამ პერიოდში ისიც ეხმარება ტაივანს, რომ ჩინეთის და ასევე აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ტაივანურ პროდუქციაზეც.

მიწის რეფორმით დაწყებულ ეკონომიკური აღმავლობის ქვეყანაში დღეს ურბანიზაციის დონე 80%-მდეა, სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში 1%-ია, მრეწველობის – 32%, მომსახურების კი – 67%.

ცალკე აღსანიშნავია ყველაზე დიდი ტაივანური კომპანია TSMC, რომელიც 1987 წელს დაარსდა და ელექტროჩიპებს აწარმოებს. მსოფლიოში მე-10 ადგილზეა საბაზრო კაპიტალიზაციით. მისი კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარამდეა. მაგალითად, 2022 წელს TSMC-მა 184 მლნ დოლარის საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც ტაივანის ექსპორტის 25% იყო. მსოფლიო მასშტაბით ჩიპების ექსპორტში TSMC-ის წილი 65%-მდეა. აღნიშნულ კომპანიას დღეს დიდი წილი შეაქვს როგორც ტაივანის ეკონომიკაში, ასევე ტაივანის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ტაივანის მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა, 1952 წელს ერთი ტაივანელის წლიური შემოსავალი 170 დოლარი იყო, დღეს კი 200-ჯერ მეტია. დღეს ტაივანში 23 მლნ ადამიანი ცხოვრობს. არის დემოკრატიული ქვეყანა. დემოკრატიის ინდექსში მსოფლიოში მე-12 ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა გერმანია, კანადა, ავსტრია, ესტონეთი, ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა.

გააზიარე