პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, მეწარმე
რა არის და როგორ დავძლიოთ აკუმულირებული ცოდნის ფენომენი?

ყველა პროფესიასა და ინდუსტრიაში ყალიბდება ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დროთა განმავლობაში სტანდარტად იქცევა. სტანდარტიზებული ცოდნა კი პერიოდულად ინოვატორი და თანამედროვე ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იცვლება: განიცდის განახლებასა და გაჯანსაღებას. ახალი ცოდნის სხვა ადგილობრივ კომპანიებში გავრცელებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამშრომლების როტაციას – ისინი ერთიკომპანიიდან მეორეში გადასვლით ავრცელებენ ახალ ცოდნას და პრაქტიკაში ნერგავენ.
ამის მიუხედავად, ნელი განვითარებისა და სტაგნაციის დროც დგება, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად:
- მენეჯმენტის მიერ თანამშრომლების პროფესიული განვითარების საჭიროების იგნორირებით;
- მოუქნელი ორგანიზაციული იერარქიითა და ნელი გადაწყვეტილებებით, რაც ახალი ცოდნის დანერგვას ხელს უშლის;
- სიახლეებისადმი პროფესიონალების რეზისტენტულობით, რომლებიც თვლიან, რომ არსებული სტანდარტები საკმარისად კარგია.
საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შემდეგ პროფესიონალები ხშირად აცნობიერებენ ცოდნის დეფიციტს, რომელიც ამ სტაგნაციის მიერ იყო გამოწვეული ადგილობრივ ბაზარზე.
მოვლენას, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ინდუსტრიაში სტანდარტიზებული ცოდნა და გამოცდილება გვხვდება – აკუმულირებული ცოდნის ფენომენი შეგვიძლია ვუწოდოთ.
ყველა ქვეყანაში ცოდნის გავრცელების სამი ძირითადი არხი გვხვდება, რომლებსაც, გარემოებებიდან გამომდინარე,როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვთ:
ტრადიციული სასწავლო დაწესებულებები – განვითარებად ქვეყნებში ისინი ხშირად ნელა ადაპტირდებიან ცვლილებებთან და სიახლეების დანერგვაში მოუქნელები არიან, მაგრამ განვითარებად ქვეყნებში კარგ ფუნდამენტს წარმოადგენენ კარიერის საწყის ეტაპზე.
კერძო კომპანიები – ადგილობრივი კომპანიები ძირითადად ეფუძნებიან ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას, და ეტაპობრივად ვითარდებიან სხვა კომპანიებთან ერთად. აღნიშნული ცოდნის რელევანტურობა და თანამედროვეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უშუალოდ ბაზარზე რა დონის კომპანიები გვხვდება. საერთაშორისო კომპანიების ბაზარზე არსებობა ან შემოსვლა კი აკუმულირებული ცოდნის აქსელერაციას, განახლებასა და გაჯანსაღებას ახდენს, რაც კომპანიების წარმატებისა და დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
ციფრული პლატფორმები – ინტერნეტი უახლეს ცოდნასთან გვაკავშირებს, ხშირად უფასოდ. ციფრული პლატფორმები უზრუნველყოფენ თანამედროვე ცოდნის პირველწყაროდან სწრაფად მიღების შესაძლებლობას, რაც ეფექტიანი საშუალებაა პროფესიული განვითარებისა და კომპანიის მოდერნიზებისთვის. ენობრივი ბარიერის, პროფესიული განვითარების სურვილის ნაკლებობისა და კომპანიის არასწორი პოლიტიკის გამო შესაძლოა, არ ხდებოდეს ციფრული პლატფორმების გამოყენება. სპეციალისტები ქვეყნის შიგნით, რომლებიც არეცნობიან პროფესიულ საერთაშორისო სიახლეებს, ზოგჯერ ვერ აცნობიერებენ, რომ სტაგნაციას განიცდიან.
აკუმულირებული ცოდნის განახლებასა და გაღრმავებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა ქვეყანაში. ისინი ნერგავენ ახალ სტანდარტებსა და პრაქტიკებს, ახდენენ ადგილობრივი პროფესიონალების გადამზადებას თანამედროვე მიდგომებისა და ცოდნის შესაბამისად. პროფესიონალების ნაწილი გარკვეული დროის შემდეგ ადგილობრივ კომპანიებს უბრუნდება უფრო მაღალ პოზიციაზე, სადაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ნერგავენ ორგანიზაციაში.
საქართველოში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლისა და ინდუსტრიის განვითარების რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეგვიძლია:
2003 წელს საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია EY-ს შემოსვლამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ფინანსურ სექტორზე, რამაც განაპირობა მომდევნო წლებში ადგილობრივი კომპანიების მიერ მსგავსი, მაღალი სტანდარტებით ოპერირება.
2016 წელს მომხმარებელთა მხარდაჭერის აუტსორსინგის საერთაშორისო კომპანია, Arvato Bertelsmann-ი შემოვიდა (მოგვიანებითMajorel Georgia დაერქვა, ახლა კი – Teleperformance-ია). ამ დროს მოხდა ქართულ ბაზარზე არსებული მოძველებული სტანდარტების გადაფასება და ახლით ჩანაცვლება, რამაც აღნიშნულ ინდუსტრიაში ცოდნის გაჯანსაღებასა და მოდერნიზებას შეუწყო ხელი.
2020 წელს ქართულ ბაზარზე საერთაშორისო საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია EPAM-ი შემოვიდა, რომელმაც ქართული IT-სექტორი განავითარა და სხვა საერთაშორისო კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა განაპირობა EPAM-ის ორგანიზებით არა მხოლოდ მათთან დაქირავებული პროფესიონალები გადამზადდნენ, არამედ სასწავლო ონლაინკურსები უფასოდ შესთავაზესდამწყებ სპეციალისტებსაც.
ამავე პერიოდს უკავშირდება სასწავლო ციფრული პლატფორმების შექმნა და პოპულარიზება, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების გარდა სხვა მიმართულებით პროფესიულ განვითარებასაც სთავაზობს დაინტერესებულ სპეციალისტებს, ეს კი დადებითად აისახება ქვეყანაზე.
აკუმულირებული ცოდნის გაღრმავება და განვითარება შესაძლებელია რამდენიმე გზით: ახალი საერთაშორისო კომპანიების რეგულარული შემოსვლითა და არსებულის ხელშეწყობით ადგილობრივ ბაზარზე; უცხო ენების სწავლით, პირველწყაროდან ცოდნის ონლაინ მიღებითა და ადგილობრივ ბაზარზე დანერგვა-გავრცელებით; დისტანციური სამუშაო გამოცდილების მიღებით გლობალურ კომპანიებში; ყველა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულების მუდმივი განახლებით და მათი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობით.
ამ მიდგომების ერთობლიობა თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკების სისტემური გავრცელებით ქვეყანაში პროფესიული გარემოს გაჯანსაღების საფუძველს ქმნის.
პუბლიკაციები
Harvard Business Review Press-ის მიერ გამოცემულ ორ წიგნში ვხვდებით ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგ მოსაზრებებს:
ინფორმაციის სოციალური ცხოვრება (2000)
„როდესაც საერთაშორისო კომპანიებიდან გამოცდილი პროფესიონალები ადგილობრივ კომპანიებში გადადიან, მათ გადააქვთ ახალი ინფორმაციის გარდა აზროვნებისა და თანამშრომლობის ახალი გზები, რაც ახდენს ადგილობრივი ცოდნის გამდიდრებას”.
– ჯონ სილი ბრაუნი და პოლ დუგუიდ
The Social Life of Information (2000)
“When professionals trained in international firms move to local companies, they bring not just new information but also new ways of thinking and collaborating, enriching the local knowledge base.”
– John Seely Brown and Paul Duguid
კრიტიკული ცოდნის გადაცემა (2014)
„მენტორობა და თხრობის კარგი უნარი ეფექტიანი მეთოდებია კრიტიკული ცოდნის გადასაცემად. საერთაშორისო კომპანიებიდან ადგილობრივ კომპანიებში გადასულ პროფესიონალებს შეუძლიათ იყვნენ მენტორები, გააზიარონ თავიანთი გამოცდილება და პრაქტიკები, რაც ადგილობრივ ეკოსისტემას განსხვავებული ცოდნით გაამდიდრებს“.
– დოროთი ლეონარდი, ვოლტერ სვაპი და გევინ ბარტონი
Critical Knowledge Transfer (2014)
“Mentoring and storytelling are effective methods for transferring critical knowledge. Professionals moving from international to local companies can serve as mentors, sharing their experiences and practices, thus enriching the local knowledge ecosystem.”
– Dorothy Leonard, Walter Swap, and Gavin Barton
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on აპრილი 24, 2025