Reuters: ტრამპი საუდის არაბეთისთვის $100-მილიარდიანი შეიარაღების პაკეტის შეთავაზებას გეგმავს

Reuters: ტრამპი საუდის არაბეთისთვის $100-მილიარდიანი შეიარაღების პაკეტის შეთავაზებას გეგმავს

მედიასააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საუდის არაბეთისთვის 100 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღების პაკეტის შეთავაზებას გეგმავს. მისივე ცნობით, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი ამ წინადადებას მაისში, სამეფოში დაგეგმილი ვიზიტის დროს გააჟღერებს.

შეთავაზების მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საუდის არაბეთთან თავდაცვის პაქტის ფინალიზება უშედეგოდა სცადა. ეს იყო ფართო შეთანხმების ნაწილი, რომელიც საუდის არაბეთის ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებასაც ითვალისწინებდა.

ბაიდენის წინადადება გულისხმობდა ქვეყნისთვის აშშ-ის მოწინავე შეიარაღების გაცემას იმ პირობით, რომ საუდის არაბეთი შეწყვეტდა ჩინური შეიარაღების შეძენას და სამეფოში პეკინის ინვესტიციებს შეზღუდავდა. როგორც Reuters-ი წერს, მან ვერ დაადგინა, მოიცავს თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის შეთავაზება მსგავს მოთხოვნებს.

„პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით თავდაცვის სფეროში ურთიერთობები საუდის არაბეთის სამეფოსთან უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორობის შენარჩუნება ამ მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება და ჩვენ გავაგრძელებთ საუდის არაბეთთან თანამშრომლობას მათი თავდაცვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

რამდენიმე წყაროს ცნობით, შეთავაზების მიღების შემთხვევაში, Lockheed Martin Corp-მა შესაძლოა საუდის არაბეთისთვის მოწინავე იარაღის სისტემების, მათ შორის C-130 თვითმფრინავების, რაკეტებისა და რადარების მიწოდება უზრუნველყოს.

სხვა წყაროებზე დაყრდნობით კი, RTX Corp-ი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პაკეტის შევსებაში, რომელიც ასევე მოიცავს შეიარაღებას აშშ-ის თავდაცვის სხვა მსხვილი კონტრაქტორებისგან – Boeing Co-სგან, Northrop Grumman Corp-ისგან და General Atomics-ისგან. კომპანიებს ქვეყნებს შორის შეთანხმებაში მათი პოტენციური მონაწილეობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აშშ უკვე დიდი ხანია, საუდის არაბეთს შეიარაღებას აწვდის. 2017 წელს ტრამპმა მას დაახლოებით $110-მილიარდიანი პაკეტი შესთავაზა. 2018 წლის მდგომარეობით, მხოლოდ $14.5 მილიარდის შეიარაღების გაყიდვები იყო დაწყებული, ამის შემდეგ კი კონგრესმა, საუდის არაბეთის ჟურნალისტ ჯამალ ხაშოჯის მკვლელობის ფონზე, გარიგებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.