Reuters-მა მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც უკრაინასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას შორის შეთანხმებულ ალტერნატიულ სამშვიდობო წინადადებებს შეიცავს. ის ოთხშაბათს ლონდონში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-ის წარმომადგენლებს გადაეცათ. მედიასააგენტომ დოკუმენტი უცვლელი სახით გამოაქვეყნა.
რა წერია უკრაინის ალტერნატიულ სამშვიდობო წინადადებაში?
ცეცხლის შეწყვეტა:
- აღებულ იქნას ვალდებულება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცაში, ხმელეთსა და ზღვაში.
- ორივე მხარემ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით. ეს უნდა მოხდეს სრული სამშვიდობო შეთანხმების დღის წესრიგისა და მექანიზმების შემუშავების პარალელურად.
- ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს უხელმძღვანელებს აშშ და მას მხარს დაუჭერენ მესამე მხარის ქვეყნები.
- რუსეთმა უპირობოდ უნდა დააბრუნოს ყველა უკანონოდ იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვი; უზრუნველყოს ყველა სამხედრო ტყვის გაცვლა; გაათავისუფლოს ყველა მშვიდობიანი მოქალაქე.
უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის:
- უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები, მათ შორის აშშ-ისგან, იმ პირობებში, როდესაც მოკავშირეებს შორის არ არსებობს კონსენსუსი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
- უკრაინის თავდაცვის ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს.
- გარანტორი იქნება ევროპული ქვეყნებისა და არაევროპული ქვეყნების სპეციალურად შექმნილი ჯგუფი. არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს მეგობრული უცხოური ძალების ყოფნაზე, იარაღსა და ოპერაციებზე უკრაინის ტერიტორიაზე.
- უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა უნდა გააგრძელოს.
ტერიტორია:
- ტერიტორიული საკითხები განიხილება და გადაწყდება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
- ტერიტორიული მოლაპარაკებები კონტროლის ხაზის საფუძველზე დაიწყება.
- უკრაინა აშშ-ის მონაწილეობით აღადგენს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე კახოვკის კაშხალზე.
- უკრაინას უნდა ჰქონდეს შეუფერხებელი გადასასვლელები მდინარე დნეპრზე და კონტროლი კინბერნ-სპიტზე.
ეკონომიკა:
- აშშ და უკრაინა ეკონომიკური თანამშრომლობის/მინერალების შესახებ შეთანხმებას შეასრულებენ.
- უკრაინა სრულად აღდგება და ფინანსურად კომპენსაციას მიიღებს, მათ შორის რუსეთის სუვერენული აქტივების მეშვეობით, რომლებიც გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს.
- 2014 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები შესაძლოა თანდათანობით შემსუბუქდეს მდგრადი მშვიდობის მიღწევის შემდეგ და განახლდეს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში.