ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებით საგანგაშო ტენდენცია იკვეთება – საქართველოში გამოხატვის თავისუფლება ოფიციალურად ფასიანი გახდა. ამის ყველაზე თვალსაჩინო დადასტურება საპროტესტო აქციის დროს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დემონსტრანტების მასობრივი დაჯარიმებაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოს სტანდარტით, საპროტესტო აქციაზე დგომის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიკაციისთვისა და ადმინისტრაციული სახდელის შესაფარდებლად, მხოლოდ სატრანსპორტო გზაზე დგომის ფაქტის არსებობაც კი საკმარისად მიიჩნევა.
ტანდემში მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისა და მოსამართლისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანი ორი წამით, ორი წუთით თუ ორი საათით დგას გზის სავალ ნაწილზე, ნებისმიერ შემთხვევაში ჯარიმა ფიქსირებულია და ის 5 000 ლარს შეადგენს.
სამართალდარღვევის ფაქტის დასადგენად აუცილებელია იმის დამტკიცება, რომ მონაწილეთა რაოდენობა არ იყო საკმარისი პერიმეტრის ბუნებრივად გადასაკეტად. თუმცა რეჟიმის არითმეტიკისთვის გამოწვევას არც მონაწილეთა რაოდენობა წარმოადგენს.
სასამართლო უბრალოდ არ შედის იმის სიღრმისეულ განხილვაში, იყო თუ არა აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ობიექტურად წარმოჩენილ, თუმცა ამისგან შორს მყოფ მოსაზრებებს, დადასტურებულ ფაქტად იღებს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კი, ცხადია, მონაწილეთა რაოდენობა არასდროსაა საკმარისი.
ჩემთვის, როგორც არაერთ მსგავს საქმეში აქციის მონაწილეთა წარმომადგენლისათვის, ყველაზე წარუშლელ შთაბეჭდილებად მაინც ის კადრი რჩება, თუ როგორი ხელოვნური შეშფოთებით ხსნიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, თუ რამხელა ზიანი მიადგა საზოგადოებას ერთ-ერთი აქცია-პერფორმანსის დროს, რომელზეც 6 წუთითა და 15 წამით (საიდანაც დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში შუქნიშანი ავტომობილებს უთმობდა გზას), ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა.
წარმომადგენელი დაჟინებით ცდილობდა, მოსამართლეში გამოეწვია თანაგრძნობა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც მოულოდნელ საცობში აღმოჩნდნენ. თუმცა საცობში ექვსი წუთით შეყოვნების წარმოდგენა, როცა ეს ხშირად ნორმაა და არა – გამონაკლისი, განსაკუთრებული ემპათიის უნარს არ საჭიროებს.
პრობლემა სწორედ ისაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არა აქვს მნიშვნელობა ქმედების ხანგრძლივობას, მის ბუნებას და დამდგარ შედეგს. აქციის მონაწილეთათვის ისეთი სისხლისსამართლებრივი ბუნების სახდელის შეფარდებისას, როგორიცაა 5 000-ლარიანი ჯარიმა ან პატიმრობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ხელმძღვანელობს უფლებაში ჩარევის სტანდარტით, არ აფასებს საპირწონედ არსებულ სიკეთეს, ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს და იმას, თუ რამდენად წარმოადგენს ამგვარი ჩარევა მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.
ამ მსჯელობას ვერც სასამართლოს დადგენილებაში შევხვდებით, რომელშიც მოსამართლე მეტი დამაჯერებლობისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მისთვის მოსაწონ წინადადებებს შერჩევითად ციტირებს. მაგალითად, ზებრა-გადასასვლელის რამდენიმე წუთით დაკავების ეპიზოდზე მოსამართლემ 5 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრება Kudrevičius and others v. Lithuania საქმეზე ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებით გაამართლა და მოცემულ შემთხვევაში გზის გადაკეტვისთვის სისხლისსამართლებრივი ბუნების სანქციის გამოყენება მართებულად მიიჩნია.
თუმცა ამავე მოსამართლემ არ ახსენა ყველაზე მთავარი, ის გარემოებები, რომელთა ერთობლიობამაც ევროპული სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. ევროპულმა სასამართლომ 3 მაგისტრალის 48 საათით, ტრაქტორებით გადაკეტვისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მხრიდან ჩვეულებრივი ცხოვრების ან სხვების მიერ კანონიერად განხორციელებული საქმიანობის განზრახ სერიოზულ შეფერხებას, რომელიც გადაწონიდა საჯარო სივრცეში შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობას.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისთვის სახდელის პროპორციულობის განსაზღვრისას მნიშვნელობა არც პირის მატერიალურ მდგომარეობას და სხვა ინდივიდუალურ გარმეოებებს აქვს. ზემოთ ხსენებულ საქმეზე, სტუდენტი ზებრა-გადასასვლელზე 2 წუთითა და 47 წამით (აქციის მთლიანი ხანგრძლივობის 40%) დგომისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა. შესაბამისად, წუთში 2 024 ლარით, რაც თითქმის მისი ერთი წლის სწავლის საფასურია. მეტიც, ათეულობით საქმეზე დაკვირვება გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ მიზანში სწორედ ჯარიმის მიმართ მოწყვლადი ადამიანები არიან ამოღებულნი, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება სანქციის წნეხი და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის მსუსხავი ეფექტი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც, სიმბოლურად, სწორედ საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ნორმატიული აქტია, ადმინისტრაციული სახდელის მიზნად პრევენციასა და სამართალდამრღვევის კანონებისა და საერთო ცხოვრების წესების დამცველად აღზრდას განსაზღვრავს.
სინამდვილეში, ბოლო თვეებში, ფორსირებული წესით გატარებული ცვლილებებით, გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით ბუნდოვანი წესის დარღვევისთვის 10-ჯერ გაზრდილი ჯარიმა აბსოლუტურად შეუსაბამოა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიზნებთან. ფიქსირებულ 5 000-ლარიან ჯარიმას, რომელიც თავად მოსამართლესაც კი ზღუდავს, არ იძლევა პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, ცალსახად სადამსჯელო ხასიათი აქვს.
ჯარიმა, რომელიც 2.5-ჯერ აღემატება საშუალო ხელფასს, 4-ჯერ მედიანურს და ამასთან აღემატება თავად ჯარიმის შემფარდებელი მოსამართლეების კანონით დადგენილ ხელფასსაც კი (პირველი ინსტანციის მოსამართლის შრომის ანაზღაურება 4 000 ლარია), სრულად მოწყვეტილია რეალურ მდგომარეობას და არ ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონს. შესაბამისად, ამგვარი ჯარიმა, მისი აშკარა არაპროპორციულობის გათვალისწინებით, ვერ აკმაყოფილებს უფლებაში ჩარევის სტანდარტს.
მეტიც, ასეთი არაპროპორციული ჯარიმა ქმნის არასწორ სტიმულებს, როგორც მინიმუმ იმისგან განსხვავებულს, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის გათვალისწინებული. აქციის მონაწილე, რომელსაც უკვე ერთი ან ორი ჯარიმა აქვს გამოწერილი, რასაც ისედაც ვერ დაფარავს, ინდიფერენტული ხდება შემდგომი, თუნდაც ათეულობით ჯარიმის მიმართ. შესაბამისად, მისთვის ჯარიმას აღარ აქვს გადათქმევინების ეფექტი.
ასევე, აქციის მონაწილე, რომელმაც იცის, რომ მისი ერთწუთიანი მონაწილეობაც და ერთდღიანიც ერთნაირად დაჯარიმდება (თუკი არ გაუმართლებს და იმ დღეს მასზე გასწორდება 112-ის კამერების ფოკუსი), წახალისდება უფრო დიდხანს დაიკავოს გზის სავალი ნაწილი, რაც, წესით, საჯარო წესრიგის ინტერესების საწინააღმდეგო უნდა იყოს.
თითო აქციაზე ნებისმიერ შემთხვევაში ჯარიმდება რამდენიმე ათეული პირი მაინც. თუმცა მათ სხვადასხვა დროს ბარდებათ ოქმები. ამ რეალობაში აქციის თითო დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის „საიჯარო ღირებულება“ შეიძლება 50 000 ლარიდან დაიწყოს და გაცილებით უფრო დიდ თანხამდეც ავიდეს. ერთ დღეს ერთ ათეულ-ოცეულს ეკისრება ამ თანხის გადახდა, მეორე დღეს სხვას, თუმცა არიან მუდმივი „გადამხდელებიც“, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ საჯარიმო ქვითრებს.
საინტერესოა, რომ აქციის ტერიტორიაზე მყოფი ათეულობით პოლიციელი, რომელთა უპირველესი მოვალეობა სწორედ საჯარო წესრიგის დაცვა და მისი დარღვევის თავიდან აცილებაა, ადგილზე რეაგირების ნაცვლად, სრულ თავისუფლებას აძლევენ აქციის მონაწილეებს და ხშირად თავადაც მიუძღვებიან გზის სავალი ნაწილის დასაკავებლად.
მეტიც, განსაკუთრებით ფრთხილი დემონსტრანტების კითხვაზე, შეუძლიათ თუ-არა მათ გზის გადაკეტვა, დამაჯერებელ დასტურს იძლევიან. პარალელურად კი, დიდი ალბათობით, პირდაპირ რეჟიმში, 112-ის კამერებით მაღალი გარჩევადობის ფოტო- და ვიდეომტკიცებულებებს აგროვებენ და კანონის გვერდის ავლით მოპოვებულ მტკიცებულებებზე ხელმოსაწერად, პატრულ-ინსპექტორებს არჩევენ.
შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგია ასეთია: ადგილზე მყოფი პოლიციელი უარს არ ეუბნება მონაწილეებს გზის გადაკეტვაზე, თუმცა არც იმას უკონკრეტებს, რომ ამისთვის უშუალოდ მას, ან მის რომელიმე თანამოაზრეს, საფასურის გადახდა მოუწევს, რომლის ქვითარსაც მოგვიანებით გამოუწერენ. ამით კი გრძელვადიან ბიუროკრატიულ ხაფანგში შეიტყუებენ. პროცესში, რომელშიც საქმიანად არიან ჩართულნი პატრულ-ინსპექტორები, კამერებთან მსხდომი ადამიანები, ფოსტის თანამშრომლები, სასამართლოს აპარატი და მოსამართლეები, სამართალდარღვევის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები და მათი წარმომადგენლები. პროცესში, რომელიც საბოლოოდ მაინც პირის სამართალდამრღვევად გამოცხადებით და უმეტეს შემთხვევაში, მის მიერ ჯარიმის – აქციაზე დგომის გადასახადის გადახდით სრულდება.