ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა იმატებს | ორი ქვეყანა ომის ზღვარზეა

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა იმატებს | ორი ქვეყანა ომის ზღვარზეა

ინდოეთის მართვის ქვეშ მყოფი ქაშმირის რეგიონში, პაჰალგამში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალები სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი, სამხედრო ნაწილები სახელმწიფოებმა საზღვრებთან განალაგეს, დაფიქსირდა შეტაკებების რამდენიმე ლოკალური შემთხვევაც. ორმხრივმა კონფრონტაციამ 2019 წლის შემდეგ ყველაზე დაძაბულ მომენტს მიაღწია, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობა შეაჩერეს და საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთვის ემზადებიან. რეგიონის ორი ძლიერი, ბირთვული სახელმწიფო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა.

ორ ქვეყანას შორის პერიოდული დაძაბულობის მორიგი ესკალაციის საბაბი 22 აპრილს, ქაშმირის რეგიონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმაა, რომელსაც ინდოეთის 25 და ნეპალის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. ინდოეთის მთავრობამ პაკისტანი ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში დაადანაშაულა და ორი პაკისტანელი ეჭვმიტანილი დააკავა. პაკისტანის მთავრობამ ინდური მხარის ბრალდება უარყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა პარამილიტარისტულმა დაჯგუფებამ, „ქაშმირის წინააღმდეგობამ“ აიღო.

ინდურმა მხარემ მომხდარის საპასუხოდ პაკისტანთან უვიზო მიმოსვლა შეაჩერა და ატარის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა, ქვეყანაში მყოფ პაკისტანელებს კი ინდოეთის დატოვებისაკენ მოუწოდა. გარდა ამისა, პაკისტანისთვის მდინარე ინდის დინების გადაკეტვით დაიმუქრა, რასაც პაკისტანის მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა, რომ მსგავს ქმედებას ომის გამოცხადებად ჩათვლიდა. თავის მხრივ, პაკისტანმა საკუთარი საჰაერო სივრცე ინდური კომერციული ფრენებისთვის დახურა და სპეციალური სავიზო რეჟიმი შემოიღო, გარდა ამისა შეაჩერა ინდოეთთან ორმხრივი ვაჭრობაც.

სხვადასხვა მედიასააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე მცირე მასშტაბის, ლოკალური სროლები მიმდინარეობს. როგორც ინდოეთის, ისე პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრებთან საზენიტო და საარტილერიო ბატარეები გადაისროლეს, რაც ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გარდაუვალობაზე შეიძლება მიანიშნებდეს. ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფრონტაცია განსაკუთრებით დიდ კრიზისს იმ მიზეზით გამოიწვევს, რომ ორივე მხარე ბირთვულ შეიარაღებას ფლობს.

მხარეებს დიალოგისა და საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრისაკენ მოუწოდეს როგორც შეერთებულმა შტატებმა, ისე ჩინეთმაც.