Forbes: არსებული ტემპით, რუსეთს უკრაინის დასაპყრობად საუკუნეები დასჭირდება

Forbes: არსებული ტემპით, რუსეთს უკრაინის დასაპყრობად საუკუნეები დასჭირდება

რუსეთის სამხედრო ძალებმა მხოლოდ აპრილის თვეში უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 180 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. თუმცა სტატისტიკოსის ცნობით, რომელიც ინფორმაციას უკრაინული წყაროებიდან, მათ შორის კიევში მოქმედი გენერალური შტაბიდან იღებს, ტერიტორიის დაკავება რუსეთს 4,800 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებად და 36,000-ზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცის ფასად დაუჯდა. პოლონეთში დაფუძნებული Rochan Consulting-ის ანალიტიკოს კონრად მუზიკას შეფასებით, იმავე თვეში უკრაინელთა დანაკარგები „მინიმალური“ იყო.

უკრაინის საერთო ფართობი 603,628 კვადრატული კილომეტრია, რომლის 19% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, არსებული წინსვლისა და დანაკარგების ამჟამინდელი ტემპით, რუსები უკრაინის დანარჩენ ნაწილს 2256 წელს, 101 მილიონი პირის მსხვერპლის ფასად დაიკავებს. ხოლო რუსეთის ამჟამინდელი მოსახლეობა 144 მილიონია.

კრემლი თავის ძალებს ათასობით სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებით ამარაგებს, მათ შორის სკუტერებით, კომპაქტური მანქანებით და ავტობუსებით. სამ აპრილს, ამერიკელ კანონმდებლებთან სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა, რომ რუსეთი არმიაში ყოველთვიურად 30,000 ჯარისკაცს იღებს. და გამომდინარე იქიდან, რომ ომში დაჭრილი ჯარისკაცების უმრავლესობა კვლავ ფრონტის ხაზზე ბრუნდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები ყოველთვიურად იმაზე მეტი ჯარისკაცის რეკრუტირებას ახერხებს, ვიდრე კარგავს.

ამას ემატება ბონუსები და არმიაში გაწევრიანებისთვის მოტივაცია. „რუსეთის ჯარში გაწვევების მაღალი რაოდენობა განპირობებულია მაღალი ბონუსებით და დაპირებით, რომ ომი მალე დასრულდება“, – განმარტა იანის კლუგემ, გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ.

შედეგად, უკრაინაში რუსული ძალების რაოდენობა რეალურად იზრდება. გენერალ კავოლის თქმით, ამჟამინდელი გათვლებით მათი რიცხვი 600,000 ჯარისკაცს ითვლის, რაც „ომის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და თითქმის ორჯერ აღემატება 2022 წლის თებერვალში თავდაპირველი შემოჭრის ძალის ზომას“. გარდა ამისა, კავოლის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი მთავრობის ყველა ხარჯის 40%-ს შეადგენს. გამოდის, რომ რუსეთისთვის თავდაცვის ბიუჯეტი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზეა, მაშინ როდესაც შეერთებული შტატები ფედერალური ბიუჯეტის მხოლოდ 13%-ს ხარჯავს სამხედრო ხარჯებზე.

ხარჯებმა გააძლიერა რუსების პოზიტიური დამოკიდებულება ომის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 800,000-ს გადააჭარბა. „თავდაცვის ხარჯების პირდაპირი შედეგია ის, რომ რუსეთის ინვესტიციებმა მის სამრეწველო ბაზაზე ეროვნული უმუშევრობა 2.4%-მდე შეამცირა“, – თქვა კავოლიმ. აშშ-ის გენერალის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა ომზეა ორიენტირებული და ასე დარჩება დიდი ხნის განმავლობაში.

თუმცა ომზე ორიენტირება ყოველთვის წარმატებული ვერ იქნება. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს სამხედრო ხარჯებს მაღალი მაჩვენებლით, მაშინაც კი, როდესაც ნავთობის ფასების ვარდნა და უკრაინის დრონებით თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი ენერგიის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს აზარალებს. ეს შედეგი კი რუსეთში ეკონომიკურ ზრდას ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით ნახევარზე მეტით ამცირებს.

ომის დროს ხარჯების ზრდის გასაგრძელებლად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადი და კორპორაციული გადასახადებიც გაზარდა. „რუსეთის ხელმძღვანელობა არა მხოლოდ მზადაა რუსებისთვის საგადასახადო ტვირთის გასაზრდელად, არამედ ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებსაც ცვლის“, – განმარტა ალექსანდერ კოლიანდრმა, ვაშინგტონში მდებარე ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ანალიტიკოსმა. ცხადია, პრიორიტეტი სამხედრო ინდუსტრიაა.

კავოლის თქმით, პუტინი, მისი მინისტრები და გენერლები ხანგრძლივი ომისკენ არიან მიმართულნი – ისეთი ომისკენ, რომელიც შეიძლება უკრაინის ფარგლებს გასცდეს. „რუსეთის რეჟიმმა თავისი სამხედრო, ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურები გადააკეთა, რათა შეენარჩუნებინა ის, რასაც ის დასავლეთთან გრძელვადიან დაპირისპირებას უწოდებს – სისტემური ცვლილებები, რომლებიც რუსეთის ჩვენთან დაპირისპირების განზრახვას ასახავს“, – აცხადებს კავოლი.