აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ორშაბათს 4-დღიანი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში რამდენიმე ღია კონფლიქტი მიმდინარეობს, ტრამპის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფოკუსი რეგიონთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტის საუდის არაბეთში ვიზიტის პარალელურად, საზოგადოების ნაწილი აქტიურად აპელირებს ტრამპის ინტერესთა კონფლიქტზე, რადგან პრეზიდენტის ოჯახი რეგიონში სხვადასხვა სახის ბიზნესს ფლობს. ამას ემთხვევა ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ კატარის სამეფო ოჯახმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას $400 მილიონის ღირებულების სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 747 აჩუქა.
როგორც აღვნიშნეთ, დონალდ ტრამპის ახლოაღმოსავლური ტურნე საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყება, სადაც ის საუდის არაბეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმს დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას ისეთი კომპანიები იღებენ, როგორებიცაა: Blackrock-ი, Citigroup-ი, IBM-ი, Boeing-ი, Delta, American Airlines-ი, United Airlines-ი, Palantir-ი და სხვა. საინტერესოა, რომ ღონისძიებაზე ილონ მასკსაც ელოდებიან.
საუდის არაბეთის შემდეგ დონალდ ტრამპი კატარში გაემგზავრება, სადაც შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-სანის შეხვდება. ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრეზიდენტ მუჰამად ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანთან შეხვედრით დასრულდება.
დონალდ ტრამპთან ერთად რეგიონში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების გარდა, ტრამპის აჯენდაში პირადი ბიზნესშეთანხმებების განხილვაც იქნება. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში უძრავი ქონების ბიზნესში აქტიურად საქმიანობს. მაგალითად, ის კატარში საკუთარი სახელობის გოლფის რეზორტს, დუბაისა და ჯედაში კი საცხოვრებელ კომპლექსებს ხსნის.
მიმდინარე წლის იანვარში გავრცელებული განცხადებით, საუდის არაბეთი აშშ-ში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში $600 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. მარტის ბოლოს კი აშშ-ში მომდევნო ათი წლის განმავლობაში $1.4-ტრილიონიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც განაცხადა. საამიროების ინვესტიცია აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის, ნახევარგამტარების, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროების განვითარებას მოხმარდება. თავის მხრივ, აშშ-მა შარშან კატართან სამხედრო შეთანხმებას მიაღწია და ალ-უდეიდის საავიაციო ბაზაზე ოპერირების უფლება 10 წლით გაიხანგრძლივა. მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპის ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი ყურის ქვეყნების ხელმძღვანელობასთან ნავთობის წარმოებისა და ფასის საკითხებსაც განიხილავს.