ტოპ-20 ქვეყანა 2024 წელს სამხედრო დანახარჯების მიხედვით

ტოპ-20 ქვეყანა 2024 წელს სამხედრო დანახარჯების მიხედვით

2024 წელს გლობალურმა სამხედრო დანახარჯებმა 2.7 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდულ ნიშნულს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სამ ქვეყანაზე მთლიანი ხარჯების ნახევარზე მეტი მოდის. სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა იმ ქვეყნების სია შემოგვთავაზა, რომლებიც ყველაზე დიდ სამხედრო ხარჯებს წევენ.

მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო დანახარჯებით 2024 წელს კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობდა. გასულ წელს ქვეყანამ თავდაცვაზე თითქმის 1 ტრილიონი დოლარი ანუ მშპ-ის 3.4% დახარჯა. აშშ-ის სამხედრო ხარჯები გლობალური დანახარჯების ერთ მესამედზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, მას მსოფლიოში თავდაცვის ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს.

ტოპ-20 ქვეყანა სამხედრო დანახარჯების მიხედვით (2024 წელი):

ადგილიქვეყანასამხედრო ხარჯიგლობალური წილი
1აშშ$997 მლრდ36.7%
2ჩინეთი$314 მლრდ11.6%
3რუსეთი$149 მლრდ5.5%
4გერმანია$88.5 მლრდ3.3%
5ინდოეთი$86.1 მლრდ3.2%
6დიდი ბრიტანეთი$81.8 მლრდ3.0%
7საუდის არაბეთი$80.3 მლრდ3.0%
8უკრაინა$64.7 მლრდ2.4%
9საფრანგეთი$64.7 მლრდ2.4%
10იაპონია$55.3 მლრდ2.0%
11სამხრეთ კორეა$47.6 მლრდ1.8%
12ისრაელი$46.5 მლრდ1.7%
13პოლონეთი$38.0 მლრდ1.4%
14იტალია$38.0 მლრდ1.4%
15ავსტრალია$33.8 მლრდ1.2%
16კანადა$29.3 მლრდ1.1%
17თურქეთი$25.0 მლრდ0.9%
18ესპანეთი$24.6 მლრდ0.9%
19ნიდერლანდები$23.2 მლრდ0.9%
20ალჟირი$21.8 მლრდ0.8%

მსოფლიოს დანარჩენი ნაწილის სამხედრო ხარჯები $408.8 მილიარდს შეადგენს, რაც მთლიანი დანახარჯების 15%-ია.

როგორც ხედავთ, ჩამონათვალში აშშ-ს ჩინეთი მოსდევს, რომლის სამხედრო ხარჯები დაახლოებით 314 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს 2023 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. ცნობისთვის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში (2015-2024) ჩინეთის სამხედრო დანახარჯები 59%-ით გაიზარდა.

სიაში მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან უკრაინასთან ომს აწარმოებს. მონაცემების თანახმად, რუსეთის ხარჯები წლიურად 38%-ით გაიზარდა და 2024 წელს თითქმის 150 მილიარდი დოლარი შეადგინა. შეერთებულ შტატებზე, ჩინეთსა და რუსეთზე – რომლებსაც ხშირად ერთმანეთის სტრატეგიულ კონკურენტებად მიიჩნევენ – 2024 წელს გლობალური სამხედრო დანახარჯების ნახევარზე მეტი, 54% მოდის.

ხუთეულს გერმანია და ინდოეთი ავსებენ, რომლებიც ბოლო წლებში მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით, სამხედრო ხარჯებს ზრდიან. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ინდოეთმა პაკისტანზე საჰაერო იერიში მიიტანა. ქვეყნებს შორის დაძაბულობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩართულობით განიმუხტა.

რაც შეეხება გერმანიას, მისი – როგორც ნატოს მთავარი წევრის – ხარჯების ზრდა ნაწილობრივ რუსეთსა და უკრაინას შორის ომით არის განპირობებული. აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ნატოს ქვეყნებზე გლობალური სამხედრო დანახარჯების 55% მოდის.

სიაში მერვე ადგილზე მყოფმა უკრაინამ ბოლო წლებში სამხედრო ხარჯების ყველაზე დიდი ზრდა განიცადა – მისი 2024 წლის დანახარჯები თითქმის 10-ჯერ მეტი იყო 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2024 წელს თავდაცვაზე ქვეყანამ მშპ-ის 34.5% დახარჯა.