რომელი ქვეყნების ბირთვული არსენალი იზრდება ყველაზე სწრაფად?

რომელი ქვეყნების ბირთვული არსენალი იზრდება ყველაზე სწრაფად?

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ექსპერტების შეფასებით, ატომური განიარაღების ერა დასასრულს უახლოვდება. SIPRI-ის მკვლევრების ინფორმაციით, არსებული ფართომასშტაბიანი გლობალური დაძაბულობისა და რეგიონული კონფლიქტების ფონზე, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, ბირთვული იარაღის რაოდენობა გაზრდილია.

უახლესი მონაცემებით, გლობალურად სამხედრო მარაგებში 9,614 ოპერაციული ბირთვული ქობინი ინახება – 0.3%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს. იმ ქობინების ჩათვლით კი, რომლებიც სამხედრო ოპერაციული მარაგიდან ამოღებულია და ექსპლუატაციაში აღარ არის, მათი რაოდენობა 12,241-მდე იზრდება. „2024 წლის ბოლოსთვის, ბირთვული განიარაღება იმაზე რთულად მისაღწევი ჩანდა, ვიდრე ცივი ომის დასრულების შემდგომ, ნებისმიერ პერიოდში. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რუსეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული დიალოგი ფაქტობრივად შეწყდა“, – აცხადებს SIPRI.

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის  ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიო ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად ჩინეთის ბირთვული პროგრამა იზრდება. ჩინეთის შემთხვევაში სწრაფი ზრდა „მასშტაბური მოდერნიზაციისა და გაფართოების სამუშაოების“ დამსახურებაა. პეკინი ამჟამად ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სამ დიდ საბადოზე, ასევე ცენტრალური აღმოსავლეთის სამ მთიან რაიონში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის (IBM) ახალ სილოსებს აშენებს.

საინტერესოა, რომ ჩინეთის ბირთვული არსენალი მხოლოდ 2023 წლიდან მოყოლებული წლიურად 100 ახალი ბირთვული ქობინით გაიზარდა და 2025 წელს 600-ს მიაღწია. შედეგად, ჩინეთს მსოფლიოში სიდიდით მესამე უდიდესი ბირთვული მარაგი აქვს. თუმცა ჩინეთის ქობინების დიდი უმრავლესობა, სავარაუდოდ, გამშვები მოწყობილობებისგან განცალკევებით ინახება.

ჩინეთის ბირთვული შეიარაღების სწრაფი ზრდის მიუხედავადაც, რეალურად, ბირთვული მარაგის თითქმის 90% რუსეთსა და აშშ-ზე მოდის. ყველაზე დიდი არსენალი – 4,309 ბირთვული ქობინი რუსეთს აქვს, შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები – 3,700 ბირთვული ქობინით. „ორივე სახელმწიფო ფართომასშტაბიან მოდერნიზაციის პროგრამებს ახორციელებს, რამაც მომავალში შესაძლოა მათი არსენალების ზომა და მრავალფეროვნება გაზარდოს“, – აცხადებს SIPRI.

ინსტიტუტის შეფასებით, თუ მარაგების შეზღუდვების შესახებ ახალი შეთანხმება არ იქნება მიღწეული, სტრატეგიულ რაკეტებზე მათ მიერ განლაგებული ქობინების რაოდენობა, სავარაუდოდ, სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება. ზრდა კი, 2026 წლის თებერვალშია მოსალოდნელი, როდესაც აშშ-სა და რუსეთს შორის 2010 წელს გაფორმებულ ორმხრივ ხელშეკრულებას ბირთვული მარაგის შეზღუდვის შესახებ, New Start-ს, მოქმედების ვადა ამოეწურება.

ნებისმიერ შემთხვევაში, SIPRI-ის ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთის ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის, „სარმატის“ ტესტირებებმა წარუმატებლად ჩაიარა, რამაც რუსეთის ბირთვული მოდერნიზაციაც შეაფერხა. პარალელურად, ჩინეთთან კონკურენციისთვის, აშშ-მა შესაძლოა ბირთვული სიმძლავრის გაზრდაზე იმუშაოს – ქობინების დამატებით ან ძველი გამშვები სისტემების ხელახლა გააქტიურებით.

რაც შეეხება ევროპას, SIPRI-ის მონაცემებით, რეგიონში ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი საფრანგეთს აქვს. საფრანგეთის მარაგში 290 ბირთვული ქობინია და თითქმის ყველა მათგანი საბრძოლო მზადყოფნაშია. 2024 წელს საფრანგეთმა მესამე თაობის ბირთვული ქობინების წარმოების პროგრამა განაახლა. ცნობისთვის, საფრანგეთის ბირთვული ქობინები ხმელეთთან ერთად ატომურ წყალქვეშა ნავსა და საჰაერო-კოსმოსურ ძალებშია განაწილებული.

ოთხი ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავის წარმოებით, საფრანგეთის მსგავსად, საზღვაო ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერების ვალდებულება აიღო გაერთიანებულმა სამეფომაც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას, გასულ წელს სავარაუდოდ ბირთვული არსენალი არ გაუზრდია (225 ქობინი), AUKUS-ის პროგრამის ფარგლებში, კიდევ 12-მდე ბირთვულ წყალქვეშა ნავში ინვესტიცია უკვე დააანონსა. ხელისუფლების განცხადებით, გადაწყვეტილება სწრაფად მზარდი საფრთხეების საპასუხოდ იქნა მიღებული.

უდიდესი ბირთვული არსენალის მქონე ქვეყნები მსოფლიოში:

  • რუსეთი – 4,309 ბირთვული ქობინი
  • აშშ – 3,700 ბირთვული ქობინი
  • ჩინეთი – 600 ბირთვული ქობინი
  • საფრანგეთი – 290 ბირთვული ქობინი
  • გაერთიანებული სამეფო – 225 ბირთვული ქობინი
  • ინდოეთი – 180 ბირთვული ქობინი
  • პაკისტანი – 170 ბირთვული ქობინი
  • ისრაელი – 90 ბირთვული ქობინი
  • ჩრდილოეთი კორეა – 50 ბირთვული ქობინი