ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. მის მიღებას მხარი 490-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 147 წინააღმდეგი იყო, 49-მ კი თავი შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტი ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 32-გვერდიანი დოკუმენტი ევროკომისიის 2023-24 წლების ანგარიშებზე დაყრდნობითაა შედგენილი. მასში აღნიშნულია, რომ 2024 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში ვითარება მნიშვნელოვან გაუარესდა. რეზოლუციაში ევროპარლამენტი ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლასთან, კანონის უზენაესობის უარყოფასა და ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

„სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა. საქართველოს ხელისუფლებამ 2028 წლამდე ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეჩერება გამოაცხადა, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლებსაც სასტიკი ძალადობა და შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება მოჰყვა.

ქვეყანა პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისშია, რაც ხანგრძლივ პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო ამწვავებს. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ მანიპულაციური ნარატივებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას აგრძელებს. სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია კვლავაც აწყდებიან მუქარას, დაშინებას და ძალადობას, ასევე მათი საქმიანობისთვის სულ უფრო შემზღუდავ გარემოს. მასობრივი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან შეუფერხებლად გრძელდება, აქციის მონაწილეები კი მოითხოვენ ახალი გამჭვირვალე დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის აღებას და პროევროპულ გზაზე დაბრუნებას.

ანგარიში ხაზს უსვამს ევროკავშირის როლსა და პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოებისა და მისი ლეგიტიმური კონსტიტუციური პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაში. ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა სასწრაფოდ უნდა გადააფასონ თავიანთი ურთიერთობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეჟიმთან და მიიღონ კონკრეტული ზომები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად, მათ შორის კოორდინირებული ორმხრივი სანქციების განხორციელებით, არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებისგან თავის შეკავებით, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაზრდით და ახალი არჩევნებისკენ მიმავალ გზაზე შუამავლობით.

ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს პარლამენტის პოზიციას, რომ არსებული კრიზისის დასაძლევად, ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი იყოს უზრუნველყოფილი“ – ნათქვამია რეზოლუციის განმარტებით განცხადებაში.