უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უარყვეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ომის დასრულების სანაცვლოდ რუსეთისთვის უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად Wall Street Journal-მა გაავრცელა.
სანაცვლოდ, ევროკავშირის და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის ოფიციალურ პირებს 15 აგვისტოს ალასკაში დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ საპასუხო წინადადება შესთავაზეს.
შეგახსენებთ, პუტინმა 6 აგვისტოს შეხვედრის დროს აშშ-ის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, განუცხადა, რომ რუსეთი ცეცხლის სრულ შეწყვეტას იმ პირობით დათანხმდებოდა, თუ კიევი დონეცკის ოლქიდან თავის ძალებს გაიყვანდა, რაც მოსკოვს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე, ასევე ყირიმზე სრულ კონტროლს მიანიჭებდა.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიების გაცვლის იდეა დონალდ ტრამპმაც გააჟღერა. პარასკევს, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მიწების გარკვეულ გაცვლას გულისხმობს. „ტერიტორიების გარკვეული გაცვლა ორივე მხარის საკეთილდღეოდ მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა.
საპასუხოდ, 9 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მიერ ნებისმიერი ტერიტორიის დათმობის იდეა რუსეთის ომის დასასრულებლად კატეგორიულად გამორიცხა. ამ წინადადებაზე მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთში აშშ-ის, უკრაინისა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან ამავე დღეს დაიწყო.
მოლაპარაკებებში ჩართულმა ორმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა WSJ-ს განუცხადა, რომ ევროპა უკრაინასთან ერთად ერთიანი წითელი ხაზის გავლებას ისახავს მიზნად, რაც ევროკავშირის ოფიციალური პირების რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. მან დასძინა, რომ უკრაინის მომავლის განხილვა კიევის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალ მოლაპარაკებებში უკრაინას მხოლოდ პუტინთან საწყისი შეხვედრის შემდეგ ჩართავს.
ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, უკრაინის საკითხებში ტრამპის წარმომადგენლის, კიტ კელოგისა და სტივ უიტკოფისთვის წარდგენილი კონტრწინადადება ასევე მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედებას შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე და დასძენს, რომ ტერიტორიების გაცვლა მხოლოდ ორმხრივი გზით შეიძლება.
ევროპელმა ოფიციალურმა პირმა WSJ-ს განუცხადა, რომ „[პუტინის] წინადადება გაცილებით უარესია, ვიდრე ტრამპმა სატელეფონო საუბრისას თქვა“, ხოლო მეორე წყარომ დასძინა, რომ ეს წინადადება „პუტინს ყველაფერს აძლევს, რაც არაფრის სანაცვლოდ სურს“.
ზელენსკიმ, რომელიც აღნიშნულ დისკუსიებში პირადად არ მონაწილეობდა, მთელი დღის განმავლობაში სატელეფონო საუბრები გამართა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ესპანეთის, დანიისა და ესტონეთის ლიდერებთან, რათა კონრტწინადადებასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა შეემუშავებინათ.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც უკვე სამ წელზე მეტია, თავიანთი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან“, და დასძინა, რომ „ევროპელებიც აუცილებლად იქნებიან გადაწყვეტის ნაწილი, რადგან ეს მათ უსაფრთხოებასაც ეხება“.
კიევმა და მოსკოვმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების სამი რაუნდი ჩაატარეს, რომელთაგან საომარი მოქმედებების შეჩერების გარანტი ვერცერთი გახდა, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულებაზე უარის თქმის ფონზე.
რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ მაქსიმალისტურ მოთხოვნები არაერთხელ წამოაყენა და საჯაროდ მოითხოვა კიევისგან ნატოში გაწევრებაზე უარის თქმა, ასევე ომში ჩართული ოთხივე რეგიონიდან ჯარების გაყვანა, როგორც მშვიდობის წინაპირობა. ამ პირობით, უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფი რამდენიმე დიდი ქალაქი რუსეთს უნდა გადაეცეს.