აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების კუთხით რამდენიმე განსაკუთრებით ნეგატიური ნაბიჯი გადაიდგა.
„წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის იყო ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედება, რომელიც, სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, გამოხატვისა და გაერთიანების უფლებას ზღუდავდა, და ე.წ. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება, რომელიც გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაციას ახდენდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანიაზე, ასევე „წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის“ ფაქტებზე. სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს უსაფუძვლო დაკავებების სერიასა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შემთხვევებზე, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობასა და უსაფუძვლო დევნაზე.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენ ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიებისთვის თითქოს გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დაუსჯელობა პრობლემად დარჩა.
„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ცენტრალური მთავრობის კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერდნენ მხარს“, – ნათქვამია ანგარიშში და დამატებულია, რომ ამ რეგიონებში ფიქსირდება უსაფუძვლო დაკავებები და უფლებების დარღვევები, ხოლო დამნაშავეები დაუსჯელად რჩებიან.