

Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა კომპანია BYD?

ელექტროავტომობილების მწარმოებელმა კომპანია BYD-მა 2024 წელს 4.3 მლნ ავტომობილი გამოუშვა, რაც 2-ჯერ მეტია, ვიდრე მისმა კონკურენტმა Tesla-მ გამოუშვა. ელექტრომობილების წარმოებით BYD მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
2024 წელს BYD-მა 108 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. მოგებამ 5.6 მლრდ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 109 მლრდ დოლარი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 133 მლრდ დოლარია. უშუალოდ ავტომწარმოებლებს შორის პირველზეა. დასაქმებული ჰყავს 969 ათასი ადამიანი.
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის ზუსტი დასახელება BYD Auto არის, რომელსაც ფლობს BYD Company (შემოკლებით BYD). BYD Company ავტომობილების გარდა ავტონაწილებს, ელექტრომობილების ბატარეებსა და ნახევარგამტარებს აწარმოებს. BYD აკრონიმია ფრაზის Build Your Dreams, რაც, ამავე დროს, კომპანიის სლოგანია.
BYD 1995 წელს ქალაქ შენზენში 29 წლის ჩინელმა ქიმიკოსმა ვანგ ჩუანფუმ დააარსა თავის ბიძაშვილ ლუ შიანგიანგთან ერთად. ისინი დღემდე რჩებიან კომპანიის მთავარ აქციონერებად, ვანგი კომპანიის 18%-ს ფლობს, ხოლო ლუ – 14%-ს. BYD-ის დაარსებამდე ვანგი ბატარეების მწარმოებელ კომპანიაში მუშაობდა. ახალ კომპანიაში 20 თანამშრომელი ჰყავდა, კომპანიის საწყისი კაპიტალი 270 ათას დოლარამდე იყო. ინვესტირება ლუ შიანგიანგმა განახორციელა, რომელსაც კომპანიების მართვის და ფინანსების გამოცდილება ჰქონდა.
თავიდან ტენვადი ბატარეების წარმოება დაიწყეს. ამ პერიოდში ბატარეების წარმოებაში წამყვანი იაპონია იყო, რომელიც ძირითადად კაპიტალტევად, ავტომატიზებულ სისტემებს იყენებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში შრომა გაცილებით იაფი ღირდა, BYD-მა წარმოების ზრდა ძირითადად დასაქმების ზრდის ხარჯზე განახორციელა. BYD-ს ჰქონდა ტექნოლოგიური წინსვლაც ბატარეების წარმოებაში, რაც ძირითადად ნიკელის კომპონენტების გაუმჯობესებაში გამოიხატებოდა.
1996 წელს BYD-მა დიდი შეკვეთა მიიღო მსხვილი იაპონური კომპანია Sanyo-სგან, რის შედეგადაც ბატარეების გლობალურ ბაზარზე ჩაერთო. 1997 წელს შეკვეთები მიიღო ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა: Philips-ი, Panasonic-ი და Motorola. 1998 წელს პირველი ფილიალი გახსნა ჩინეთს გარეთ, კერძოდ ნიდერლანდებში, 1999 წელს კი – აშშ-ში.
2000 წელს BYD-მა მობილური ტელეფონების ბატარეების წარმოება დაიწყო და 2022 წელს ნიკელ-კადმიუმის ბატარეების წარმოებით მსოფლიოში ლიდერი გახდა.
2022 წელს BYD-მა პირველად გაყიდა აქციები საჯაროდ (IPO), კერძოდ, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე აქციების 77% გაყიდა და ამ გზით 200 მლნ დოლარზე მეტი მოიზიდა. სწორედ ამ თანხამ გახადა შესაძლებელი ახალი შვილობილი კომპანიის, BYD Auto-ს დაარსება.
2003 წელს BYD-მა სახელმწიფოსგან იყიდა ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Xi’an Qinchuan Automobile-ი. ამ საწარმოს ბაზაზე დაიწყო წარმოება BYD Auto-მ. პირველი ავტომობილი (BYD F3) 2005 წელს გამოუშვა. დაბალი ფასის გამო BYD-ის ავტომობილმა სწრაფად დაიმკვიდრა თავი ბაზარზე. პირველი ჰიბრიდული ავტომობილი (BYD F3 DM) 2008 წელს გამოუშვა, პირველი ელექტრომობილი (BYD e6) კი 2009 წელს.
2006 წელს BYD-მა ელექტრომობილების კვლევითი ინსტიტუტი დააარსა, რომელსაც კომპანიის შიგნით ახალი ტექნოლოგიების კვლევა და განვითარება (R&D) დაევალა.
2008 წელს უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ BYD-ში 230 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ის დღემდე ფლობს BYD-ის 5%-ს.
2011 წელს BYD-მა შენზენის საფონდო ბირჟაზეც განათავსა აქციები და 220 მლნ დოლარი მოიზიდა.
2009-2020 წლები კომპანიისთვის დიდად წარმატებული არ იყო, წლიური გაყიდვები 400-500 ათასს შორის მერყეობდა. ამ პერიოდში ელექტრომობილების წარმოების განვითარება პრიორიტეტი გახდა ჩინეთის მთავრობისთვის და 2015-2020 წლებში BYD-ს 4 მლრდ დოლარზე მეტის დახმარება გაუწია.
კომპანიისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა 2020-იანი წლების დასაწყისი. 2020-დან 2024 წლამდე კომპანიის გაყიდვები 10-ჯერ გაიზარდა და წლიურად 4 მლნ ელექტრომობილს გადასცდა. ასეთი წარმატების მთავარი მიზეზი ჩინეთში ელექტრომობილების პოპულარობის ზრდა იყო. 2020 ჩინეთის ბაზრის 6% მოდიოდა ელექტრომობილებზე, 2022 წელს – 28%, 2024 წელს კი – 38%. ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას სახელმწიფო სუბსიდიამაც შეუწყო ხელი. ბოლო მონაცემებით, ჩინური ელექტრომობილის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო მყიდველს 2,700 დოლარს აძლევს.
2020 წლიდან BYD-მა ავტომობილების გაყიდვა ევროპის ბაზარზეც დაიწყო, თუმცა კომპანია ავტომობილების 80%-ს ჩინეთში ყიდის. შემდეგ მოდის ბრაზილია, მექსიკა, ტაილანდი და ავსტრალია. 2025 წლის აპრილში BYD-ის გაყიდვებმა ევროპაში Tesla-ს გადაასწრო, რაც შედარებით დაბალი ფასით და Tesla-ს ავტომობილების მიმართ ევროპელების ნაწილის ბოიკოტით იყო გამოწვეული.
დღეს BYD-ის დამფუძნებლები ჩინეთის უმდიდრეს ადამიანთა რიცხვში შედიან, ვანგ ჩუანფუ 24 მლრდ დოლარის ქონებას ფლობს, ხოლო ლუ შიანგიანგი – 18 მლრდ დოლარის ქონებას.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


ქვეყნები, სადაც ChatGPT-ით სარგებლობა აკრძალულია

ტრამპის ადმინისტრაცია Intel-ში წილის შესყიდვას განიხილავს

რა თანხა მიიღო აშშ-მა ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებიდან?

ქვეყნები, სადაც Whatsapp-ით სარგებლობა ნაწილობრივ ან სრულად აკრძალულია
