სლოვაკეთში ათასობით ადამიანი ფიცოს რუსეთისადმი მეგობრულ პოზიციას აპროტესტებს

სლოვაკეთში ათასობით ადამიანი ფიცოს რუსეთისადმი მეგობრულ პოზიციას აპროტესტებს

16 სექტემბერს სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოსკოვისადმი მეგობრული პოლიტიკისა და შიდა ეკონომიკური ზომების გამო საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყო. გუშინ დემონსტრაციები, რომლებშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, დედაქალაქ ბრატისლავასა და ქვეყნის კიდევ 15 ქალაქში გაიმართა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რობერტ ფიცო ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ის მეორე მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ფიცო ევროკავშირის ერთადერთი ლიდერია, რომელიც პეკინში ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.

2023 წელს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, პოპულისტმა ლიდერმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეაჩერა და ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის მცდელობებს, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად. აღსანიშნავია, რომ ფიცო მაისში, მოსკოვში, გამარჯვების დღის აღლუმსაც დაესწრო.

საპროტესტო აქციების ბოლო ტალღას სათავეში პროგრესული სლოვაკეთის (PS) პარტია და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ჩაუდგნენ. PS-ის თავმჯდომარემ, რობერტ სიმეჩკამ, განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები „ხალხის გაღატაკების, მაფიისთვის მიყიდვისა და რუსეთისკენ სვლის წინააღმდეგ“ არის მიმართული.

„საგარეო პოლიტიკას შემობრუნება სჭირდება – აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ“, – დაწერა სიმეჩკამ X-ზე.

ფიცოს მთავრობით იმედგაცრუება კიდევ უფრო გაამწვავა ბოლო დროს წარდგენილმა დაზოგვის პაკეტმა, რომელიც სხვადასხვა სახის გადასახადის ზრდას და სადღესასწაულო დასვენების დღეების შემცირებას მოიცავდა.

მიმდინარე წელს სლოვაკეთში ფიცოს საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. მარტში ქუჩაში ათასობით მომიტინგე გამოვიდა, რომლებიც სკანდირებდნენ, რომ „სლოვაკეთი ევროპაა“ და მთავრობას პუტინთან კავშირების განმტკიცებაში ადანაშაულებდნენ.