Anthropic-ის დამფუძნებლებმა IPO-ს ფარგლებში $560 მილიონზე მეტის აქციები გაყიდეს

Anthropic-ის დამფუძნებლებმა IPO-ს ფარგლებში $560 მილიონზე მეტის აქციები გაყიდეს

ფოტო: Getty Images

 

Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ, და კომპანიის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, მისმა დამ, დანიელა ამოდეიმ, კომპანიის აქციები ჯამში დაახლოებით $560.8 მილიონად გაყიდეს. გარიგება AI-სტარტაპის რეკორდული მოცულობის IPO-ს ფარგლებში განხორციელდა.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, დარიო ამოდეიმ პარასკევს IPO-ს ანდერრაიტერ საინვესტიციო ბანკებს კომპანიის 3 378 378 აქცია მიჰყიდა, თითოეული – $83-ად. შედეგად, მხოლოდ ამ გარიგების მოცულობამ $280.4 მილიონი შეადგინა. აქციების გაყიდვის შემდეგ ამოდეი Anthropic-ის 202.8 მილიონ აქციასა და შეზღუდულ სააქციო ერთეულს (RSU) ფლობს, დამატებით კი 35.9 მილიონ აქციას ტრასტების მეშვეობით, რომლებზეც საინვესტიციო კონტროლი აქვს.

ორშაბათის სავაჭრო სესიის დახურვის დროისთვის ამოდეის დარჩენილი აქციები, თითოეულის $87.64-ად შეფასებით, ჯამში $20.9 მილიარდი ღირდა.

გარდა ამისა, კომპანიის მიერ მისთვის გადაცემული აქციების ნაწილიდან 345,011 აქცია გადასახადების დასაფარად დააკავეს. ეს აქციები IPO-ს ფასით დაახლოებით $28.6 მილიონად იყო შეფასებული. მათი დაკავება იმ გადასახადებს უკავშირდებოდა, რომლებიც ამოდეის RSU-ს საკუთრებაში გადასვლისას დაეკისრა.

ანალოგიური გარიგება განახორციელა დარიოს დამ, დანიელა ამოდეიმაც. Anthropic-ის პრეზიდენტმა 3 378 378 აქცია გაყიდა, თითოეული $83-ად, შესაბამისად, $280.4 მილიონის საერთო ღირებულებით.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, დარიო და დანიელა ამოდეიების ქონება თითოეულისთვის $20.9 მილიარდს შეადგენს. ეს მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოსთან შედარებით დაახლოებით $301 მილიონითაა შემცირებული.

ცნობისთვის, ორშაბათს Anthropic-ის აქციები $87.64-ად დაიხურა, რაც კომპანიის Nasdaq-ზე დალისტვის შემდეგ ვაჭრობის პირველ დღესთან შედარებით 10%-იანი კლებაა. მიუხედავად ამისა, აქციების ფასი კვლავ 5.6%-ით აღემატება IPO-ს ფარგლებში განსაზღვრულ 83 აშშ დოლარს.