როგორ გამდიდრდა ლუქსემბურგი?

Lux 2

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ნომინალური შემოსავლით ლუქსემბურგი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. ლუქსემბურგელის წლიური შემოსავალი 147 ათასი დოლარია. მსყიდველობითი უნარის პარიტეტს თუ გავითვალისწინებთ, ერთ მოსახლეზე შემოსავლით ლუქსემბურგი მსოფლიოში მე-2 ადგილზეა 152 ათასი PPP დოლარით, ის მხოლოდ სინგაპურს ჩამორჩება.

ლუქსემბურგი ევროპის პატარა ქვეყანაა, რომელსაც გერმანია, საფრანგეთი და ბელგია ესაზღვრება. ქვეყანაში სულ 682 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ურბანიზაციის დონე 92%-ია. მოსახლეობის ნახევარი იმიგრანტია (სხვა ქვეყანაში დაიბადა) – ისინი ლუქსემბურგში ძირითადად მაღალანაზღაურებადი სამსახურის გამო ჩავიდნენ.

ლუქსემბურგის ეკონომიკის 87% მომსახურების სექტორზე მოდის. მომსახურებაში კი ყველაზე მაღალი წილი საფინანსო სექტორს უჭირავს. ის ევროპაში სიდიდით მე-4 ფინანსური ცენტრია ლონდონის, ფრანკფურტისა და ციურიხის შემდეგ. ლუქსემბურგში 150-ზე მეტი ბანკი და სხვა ფინანსური ინსტიტუტია თავმოყრილი, რომლებიც ძირითადად საერთაშორისო ფინანსებს ემსახურებიან. ლუქსემბურგი იქცა ინვესტიციების მართვის ცენტრად.

ლუქსემბურგში ბანკებს დაბალი გადასახადები და შედარებით მსუბუქი რეგულაციები იზიდავთ (ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით). 2009 წლამდე ლუქსემბურგი „საგადასახადო სამოთხედ“ იყო მიჩნეული. 2009 წელს, დიდი ოცეულის სამიტზე, ლუქსემბურგის ბანკები ე.წ. „ნაცრისფერ სიაში“ შეიტანეს და ფინანსური გამჭვირვალობის დონის ამაღლება მოსთხოვეს, რადგან ქვეყნის საბანკო სისტემის საქმიანობა ახლოს იყო ოფშორული რეჟიმის მქონე ქვეყნების პრაქტიკასთან. სხვადასხვა რეიტინგით ლუქსემბურგი  დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საფინანსო საქმიანობისთვის შედარებით დაბალი გადასახადებისა და მაღალი კონფიდენციალურობის სტანდარტის გამო.

მეორე მსოფლიო ომამდე ლუქსემბურგი ღარიბი, სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული ქვეყანა იყო. 1940-იან წლებში კი, ფინანსური სექტორის განვითარებამდე, ფოლადის წარმოება განვითარდა. მეტალურგია დღესაც მნიშვნელოვანი დარგია.

1970-იან წლებში, როდესაც ფოლადის წარმოებაში პრობლემები შეიქმნა, სწორედ ეს გახდა მოტივი ლუქსემბურის ხელისუფლებისთვის, რომ ფინანსური სექტორის რეგულაციები შეემცირებინა და ბიზნესისთვის უფრო მეგობრული გარემო შეექმნა.

ლუქსემბურგს განვითარებაში დაეხმარა ევროკავშირის წევრობა და მეზობელი ქვეყნები. ლუქსემბურგი ევროკავშირის დამაარსებელ 6 ქვეყანაში შედის გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ერთად.

ლუქსემბურგში თითქმის 3-ჯერ მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობაა. გერმანელები და ფრანგები ყოველდღე კვეთენ ლუქსემბურგის საზღვარს, რომ სამსახურში მივიდნენ. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ აქ უძრავი ქონების შეძენა ან ქირით აღება ძალიან ძვირია.

განვითარებულია ტურიზმიც, რადგან ლუქსემბურგს „ევროპის მწვანე გულს“ უწოდებენ და სიმწვანის გამო ყოველწლიურად 1.5 მლნ ტურისტი ჩადის, რაც პატარა ქვეყნისთვის ცოტა არ არის. ასევე, აქ მდებარეობს რამდენიმე ძველი და საინტერესო ციხესიმაგრე. ადგილობრივი მოსახლეობა სამ ენაზე – ლუქსემბურგულზე, გერმანულსა და ფრანგულზე – საუბრობს. შედარებით დაბალი გადასახადებია სიგარეტსა და ალკოჰოლზე და, შესაბამისად, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, მათი მოხმარება გაცილებით იაფია. ლუქსემბურგს ასევე აქვს საკუთარი წარმოების ღვინო და ლუდი, რომლებიც პოპულარობით სარგებლობენ.

ლუქსემბურგი გამოირჩევა სტაბილური პოლიტიკური სიტუაციით და კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსით. კორუფციის დაბალი დონით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა, დემოკრატიის დონით – მე-10 ადგილზე, ეკონომიკური თავისუფლებით – მე-5 ადგილზე.

ლუქსემბურგი პირველ ადგილზეა კერძო საკუთრების დაცვის ინდექსში, რაც ბიზნესის განვითარებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ფუნდამენტს წარმოადგენს.

ბრიუსელისა და სტრასბურგის მსგავსად, ლუქსემბურგი ევროკავშირის ინსტიტუტების სათავო ოფისების განთავსების ადგილია. აქ მდებარეობს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო, ევროპის აუდიტორთა სასამართლო, ევროპის პარლამენტის სამდივნო, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ფონდი და ა.შ.

საბოლოო ჯამში, ლუქსემბურგის სიმდიდრის მთავარი ფაქტორი საფინანსო სექტორია. შვეიცარია თუ ე.წ. „ევროპის ბანკია“, სადაც დიდი დანაზოგებია თავმოყრილი, ლუქსემბურგი ფინანსური ოპერაციების ცენტრია – საქმის კეთება ლუქსემბურგიდან უფრო იოლია.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა