Top 10: ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები საქართველოში

Top 10: ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები საქართველოში

წარმოგიდგენთ პროფესიათა ათეულს, რომლებზეც 2025 წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა საქართველოში.

შესავალი: 2025 წელს ქართულ უნივერსიტეტებში 31,700-მდე აბიტურიენტმა ჩააბარა. საქართველოში 63 უნივერსიტეტია, რომლებიც აბიტურიენტებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. თუმცა აბიტურიენტების 70%-მდე 10 მიმართულებას (ფართო გაგებით – პროფესია) შორის აკეთებს არჩევანს. ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში გვხვდება არამხოლოდ დღეს პერსპექტიული და მოთხოვნადი, არამედ ისეთი სპეციალობებიც, რომელთა დაუფლების შემდეგ, დღეს საქართველოში დასაქმება რთულია.

1. ბიზნესის მართვა 

მიმღები უნივერსიტეტები: 42

ადგილების რაოდენობა: 9,089

ჩარიცხული სტუდენტები: 6,570

უკვე მრავალი წელია, ბიზნესის მართვა პირველობას არ თმობს. ბიზნესში გავაერთიანეთ ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი და ტურიზმი, რომლებიც ზოგ უნივერსიტეტში ცალ-ცალკე სპეციალობადაა, მაგრამ რეალურად ყველგან ბიზნესის მართვა ისწავლება. 

2025 წელს 42 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება ბიზნესის მართვის სპეციალობაზე, ჯამში 9,089 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, 6,570 სტუდენტი ჩაირიცხა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მე-5 აბიტურიენტი ბიზნესზე ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 1,243 სტუდენტი ილიაუნიში ჩაირიცხა. შემდეგ თსუ მოდის, სადაც 1,000 სტუდენტი ჩაირიცხა. ბტუ-ში 900 ჩაირიცხა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – 468, კავკასიის უნივერსიტეტში – 402, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – 288. საბჭოთა კავშირში სპეციალობა ბიზნესის ადმინისტრირება არ ისწავლებოდა. ეს სპეციალობა მოთხოვნადი და ამავე დროს პრესტიჟული 1990-იანი წლებიდან გახდა. ბიზნესის ადმინისტრირება მსოფლიო დონეზეც პირველ ადგილზეა მოთხოვნად სპეციალობებს შორის, რასაც ამ სპეციალობის ადამიანების დასაქმების ფართო სპექტრი და მოქნილობა განაპირობებს.

2. სამართალი (იურიდიული)

მიმღები უნივერსიტეტები: 30

ადგილების რაოდენობა: 4,149

ჩარიცხული სტუდენტები: 3,498

მეორე ადგილს არ თმობს სამართალი. 2025 წელს 30 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება სამართლის სპეციალობაზე, ჯამში 4,149 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, სამართალზე 3,498 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 900 სტუდენტი თსუ-ში ჩაირიცხა (საერთაშორისო სამართლის ჩათვლით). შემდეგ ილიაუნი მოდის, სადაც 350 სტუდენტი ჩაირიცხა. სეუ-ში 254 ჩაირიცხა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში – 234, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – 210. საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, სამართალი (იურიდიული) საქართველოში პრესტიჟულ სპეციალობად ითვლება. ყოველ წელს ათასობით იურისტი ემატება საქართველოს მოსახლეობას და ამ ფონზე პარადოქსულია ის, რომ დღეს საქართველოს სამართლის უზენაესობის კუთხით ცუდი მდგომარეობა აქვს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ და არამხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად აბრკოლებს.

3. კომპიუტერული მეცნიერებები (ინფორმატიკა)

მიმღები უნივერსიტეტები: 25

ადგილების რაოდენობა: 3,776

ჩარიცხული სტუდენტები: 2,271

გასულ წელს 25 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობაზე, ჯამში – 3,776 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, კომპიუტერულ მეცნიერებებზე 2,271 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 788 სტუდენტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ბტუ) ჩაირიცხა. შემდეგ მოდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც 317 ჩაირიცხა. კავკასიის უნივერსიტეტში 229 ჩაირიცხა. კომპიუტერული მეცნიერებები ბოლო წლებში გახდა მოთხოვნადი სპეციალობა. ზოგ უნივერსიტეტში ინფორმატიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების დასახელებით გვხვდება.

4. პედაგოგიური 

მიმღები უნივერსიტეტები: 15 

ადგილების რაოდენობა: 2,266

ჩარიცხული სტუდენტები: 1750

2025 წელს 15 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება სკოლის მასწავლებლების მოსამზადებელ და ფილოლოგიურ სპეციალობებზე, რომლებიც პედაგოგიური მიმართულების ქვეშ გავაერთიანეთ. ჯამში, მიღება 2,266 ადგილზე იყო.  ეროვნული გამოცდების შედეგად, პედაგოგიკის მიმართულებაზე 1750 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 489 სტუდენტი ილიაუნიში ჩაირიცხა. შემდეგ მოდის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც 339 სტუდენტი ჩაირიცხა. ეს ორი უნივერსტიტეტი წარსულში ძირითადად პედაგოგების მომზადებაზე იყვნენ სპეციალიზებული. 285 ჩაირიცხა თსუ-ში.

5. ფსიქოლოგია

მიმღები უნივერსიტეტები: 24

ადგილების რაოდენობა: 2,504

ჩარიცხული სტუდენტები: 1,712

2025 წელს 24 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება ფსიქოლოგიის სპეციალობაზე, ჯამში 2,504 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, ფსიქოლოგიის სპეციალობაზე 1,712 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 350 სტუდენტი ილიაუნიში ჩაირიცხა. შემდეგ თსუ მოდის, სადაც 325 სტუდენტი ჩაირიცხა. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) 182 ჩაირიცხა. ფსიქოლოგიის სპეციალობაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო წლებში.

6. მედიცინა

მიმღები უნივერსიტეტები: 28

ადგილების რაოდენობა: 2,595

ჩარიცხული სტუდენტები: 1,708 

მედიცინის სპეციალობაზე მიღება 28 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული (სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და სხვა მიმართულებების ჩათვლით), ჯამში 2,595 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, მედიცინის სპეციალობაზე 1,708 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 415 სტუდენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოდის, სადაც 192 სტუდენტი ჩაირიცხა. კავკასიის უნივერსიტეტში 159 ჩაირიცხა.

7. ინჟინერია 

მიმღები უნივერსიტეტები: 13

ადგილების რაოდენობა:  2,500 

ჩარიცხული სტუდენტები: 1,533

2025 წელს 13 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება საინჟინრო მიმართულეზე, ჯამში 2,500 ადგილზე. აქ გაერთიანებულია ყველა მიმართულება: ინჟინერია, სამშენებლო, ელექტრო და ა.შ.. ეროვნული გამოცდების შედეგად, ინჟინერიაზე 1,533 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 1,064 სტუდენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. შემდეგ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მოდის, სადაც 193 სტუდენტი ჩაირიცხა. კავკასიის უნივერსიტეტში  104 ჩაირიცხა. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 85 სტუდენტი ჩაირიცხა. როდესაც, 2023 წლის ჩარიცხვების მიხედვით, Forbes Georgia-მ ტოპ-10 სპეციალობის რეიტინგი მოამზადა, ინჟინერია ჩამონათვალში ვერ მოხდა.

8. საერთაშორისო ურთიერთობები (დიპლომატიური)

მიმღები უნივერსიტეტები: 20

ადგილების რაოდენობა:  1,906

ჩარიცხული სტუდენტები: 1,400

გასულ წელს 20 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე, ჯამში 1,906 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე 1,400 სტუდენტი ჩაირიცხა. საერთაშორისო ურთიერთობებში გაერთანებულია ევროპისმცოდნეობა, აღმოსავლეთმცოდნეობა და სხვა მსგავსი პროფესიებიც. ყველაზე მეტი, 390 სტუდენტი  ილიაუნიში ჩაირიცხა. თუმცა ეს რიცხვი პოლიტიკის მეცნიერებებზე ჩარიცხულებსაც მოიცავს, რადგან მიღების დროს გამიჯნული არ არის საერთაშორისო ურთიერთობებისგან. შემდეგ თსუ მოდის, სადაც 216 სტუდენტი ჩაირიცხა. კავკასიის უნივერსიტეტში  104 ჩაირიცხა. 

9. ეკონომიკა

მიმღები უნივერსიტეტები: 13

ადგილების რაოდენობა:  1,215 

ჩარიცხული სტუდენტები: 966 

2025 წელს 13 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება ეკონომიკის სპეციალობაზე, ჯამში 1,215 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, ეკონომიკის სპეციალობაზე 966 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 665 სტუდენტი თსუ-ში ჩაირიცხა, საიდანაც 165 თსუ-ში არსებულმა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) მიიღო. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 სტუდენტი ჩაირიცხა ეკონომიკის სპეციალობაზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – 45. ეკონომიკის სპეციალობაზე მაღალ მოთხოვნას ისიც უწყობს ხელს, რომ სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოა.

10. ჟურნალისტიკა/პიარი

მიმღები უნივერსიტეტები: 20 

ადგილების რაოდენობა:  1,371

ჩარიცხული სტუდენტები: 884 

2025 წელს 20 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება ჟურნალისტიკის ან/და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობაზე, ჯამში 1,371 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, ჟურნალისტიკის სპეციალობაზე 884 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 152 სტუდენტი კავკასიის უნივერსიტეტმა მიიღო. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოდის, სადაც 117-მა ჩააბარა. მესამე ადგილზე საქართველოს უნივერსიტეტია, სადაც 100 სტუდენტი ჩაირიცხა ჟურნალისტიკის სპეციალობაზე.

 

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი