ფოტო: Roberto Schmidt/AFP via Getty Images
დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ ირანზე სამხედრო დარტყმისთვის ემზადება. მათი ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა სამხედრო ოპერაციის დაწყების განკარგულება უახლოეს დღეებში, მათ შორის ამ შაბათ-კვირასაც გასცეს, თუმცა თეთრი სახლი ხაზს უსვამს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
CBS News-ის ინფორმაციით, პენტაგონი დროებით ამცირებს პერსონალის ნაწილს ახლო აღმოსავლეთში, რაც სავარაუდო ესკალაციის წინასწარ პრევენციულ ნაბიჯად განიხილება. ბოლო დღეებში რეგიონში აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალების მობილიზაციაც გაძლიერდა. კერძოდ, ირანის სიახლოვეს გადაიყვანეს გამანადგურებლები, ავიამზიდები და საწვავით მომარაგებისთვის განკუთვნილი ტანკერები.
ამის პარალელურად, ჟენევაში აშშ-ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძელდება. ირანული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირანის სახელმწიფო მედიასთან განაცხადა, რომ „შეთანხმებისკენ სვლა დაწყებულია, თუმცა შედეგი სწრაფად ვერ მიიღწევა“.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლივიტმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ „არსებობს მრავალი არგუმენტი და მიზეზი, რაც ირანის წინააღმდეგ დარტყმას შეიძლება ამართლებდეს“. მისი თქმით, უახლოეს კვირებში ირანი მოლაპარაკებებში დამატებით პირობებს წარმოადგენს, თუმცა მან არ დააკონკრეტა, გადადებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების პროგრესის დასრულებამდე.
დაძაბულობა ბოლო კვირებში განსაკუთრებით გამწვავდა. ტრამპი ირანს რამდენჯერმე დაემუქრა „ძალიან ძლიერი მოქმედებით“, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ირანის ხელისუფლება საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა სიკვდილით დასჯას ოფიციალურად აღასრულებს. შეგახსენებთ, ქვეყანაში რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს და მათი ძალადობრივი ჩახშობის შედეგად, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ათასობით დემონსტრანტი დაიღუპა.
ამ თვის დასაწყისში განახლდა აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების ახალი რაუნდიც. ეს ხდება დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმა განახორციელა. მაშინ განხორციელებულმა ოპერაციამ ირანის ბირთვული პროგრამა სრულად ვერ გაანადგურა. ვაშინგტონი ირანის ურანის გამდიდრების შეზღუდვას და პროგრამის მკაცრ საერთაშორისო მონიტორინგს მოითხოვს, რათა თეირანმა ბირთვული იარაღის შექმნა ვერ შეძლოს.
დონალდ ტრამპმა ამ თვეში ასევე განაცხადა, რომ ირანში „რეჟიმის შეცვლა საუკეთესო რამ იქნებოდა“, რაც შეიძლება მოხდეს, რამაც ქვეყნებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა.











