უნგრეთმა უკრაინისთვის EU-ის €90-მილიარდიანი სესხის გამოყოფა დაბლოკა

უნგრეთმა უკრაინისთვის EU-ის €90-მილიარდიანი სესხის გამოყოფა დაბლოკა

ფოტო: Ludovic Marin/AFP

 

უნგრეთის განცხადებით, ის დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას მანამ, სანამ „დრუჟბის“ მილსადენით რუსული ნავთობის ქვეყნისთვის მიწოდება არ აღდგება.

„ჩვენ ვბლოკავთ უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 90 მილიარდ ევროს სესხს მანამ, სანამ უნგრეთში „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება“, – დაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ X-ზე.

ე.წ. „უკრაინის მხარდაჭერის სესხი“, რომელიც 2025 წლის დეკემბერში წინასწარ დამტკიცდა, ფარავს უკრაინის 2026-2027 წლების საჭიროებების ორ მესამედს და მოიცავს 30 მილიარდ ევროს ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის, ასევე 60 მილიარდ ევროს სამხედრო მოთხოვნებისთვის.

როგორც უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ი წერს, ამ თანხების გარეშე, უკრაინას 2026 წლის შუა პერიოდისთვის ნაღდი ფულის ამოწურვის საფრთხე ემუქრება.

პიტერ სიიარტოს თქმით, კიევი „აშანტაჟებს“ უნგრეთს და ევროკავშირთან და უნგრეთის ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობით აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციას ცდილობს.

საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მმართველი პარტია Fidesz-ი დაახლოებით 10 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებიან ოპოზიციის ლიდერს, პიტერ მადიარს. აღსანიშნავია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბუდაპეშტმა ანტიუკრაინული რიტორიკა გაამკაცრა. ორბანმა თებერვლის დასაწყისში უკრაინა „მტრადაც“ კი მოიხსენია.