საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 466 ლარამდე გაიზარდა

საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 466 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურ ჭრილში 11.2%-ით, 248.7 ლარით გაიზარდა და 2 466.2 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია — 4 373.2 ლარი (+9.1% წინა წელთან შედარებით)
  • მშენებლობა — 3 938.9 ლარი (+17.2%)
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 3 747.7 ლარი (+11.1%)
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება — 3 386.5 ლარი (+31.8%)

აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ქალების ხელფასს კვლავ თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა. გასულ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 952.5 ლარს შეადგენდა, ხოლო კაცების – 2 978.9 ლარი იყო. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი წლიურად 173.9 ლარით (9.8%), ხოლო მეორე შემთხვევაში – 325.1 ლარით (12.2%) გაიზარდა.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის IV კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 241.3 ლარით (+10.2%) და 2 608.4 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 254.8 ლარით (+13.0%) და 2 210.2 ლარს გაუტოლდა.