ფოტო: griproom.com
ირანთან სამხედრო დაპირისპირებამ, რომელიც თითქმის 50 დღეა გრძელდება, გლობალურ ენერგობაზარს უპრეცედენტო ზიანი მიაყენა. ანალიტიკოსებისა და Reuters-ის დათვლებით, ამ პერიოდში მსოფლიომ 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ნავთობი დაკარგა, რომელიც უბრალოდ აღარ წარმოებულა. ექსპერტების შეფასებით, კრიზისის გავლენა ბაზარზე შესაძლოს კიდევ თვეების განმავლობაში შესამჩნევი იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, ჰორმუზის სრუტე კვლავ ღიაა, ხოლო დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ომის დასრულების შეთანხმება „მალე“ იქნება მიღწეული, ბაზარზე გაურკვევლობა კვლავ მაღალი რჩება.
Kpler-ის მონაცემებით, კრიზისის დაწყებიდან, თებერვლის ბოლოდან, გლობალურ ბაზარს 500 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი და კონდენსატი გამოაკლდა, რაც თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ენერგეტიკულ შოკად მიიჩნევა. Wood Mackenzie-ის ანალიტიკოსების თქმით, ეს მოცულობა შეიძლება სხვადასხვა მასშტაბითაც განიმარტოს: იგი შეესაბამება მსოფლიო ავიაციის 10-კვირიან შეზღუდვას, გლობალურად გზებზე გადაადგილების 11-დღიან სრულ შეჩერებას ან მთლიანად მსოფლიო ეკონომიკისთვის ნავთობმომარაგების ხუთდღიან შეწყვეტას.
დაკარგული მოცულობა ასევე უდრის აშშ-ის თითქმის ერთთვიან მოთხოვნას ან ევროპის ერთ თვეზე მეტ მოხმარებას. უფრო მეტიც, ეს არის იმ მოცულობის საწვავი, რომელიც ამერიკელ სამხედროებს დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში ეყოფოდათ, ან მსოფლიო საზღვაო გადაზიდვებს დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში დააკმაყოფილებდა.
ამ კონფლიქტით ყველაზე დიდი დარტყმა სპარსეთის ყურის ქვეყნებმა მიიღეს. მარტში ნავთობის წარმოება დღიურად დაახლოებით 8 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც ისეთი გიგანტების საერთო წარმოებას უდრის, როგორიცაა ExxonMobil-ი და Chevron-ი. პარალელურად, საავიაციო საწვავის ექსპორტი მკვეთრად დაეცა: თებერვალში არსებული 19.6 მილიონი ბარელიდან მარტ-აპრილში მხოლოდ 4.1 მილიონ ბარელამდე. ეს დანაკარგი დაახლოებით 20,000 ორმხრივი რეისის საწვავს შეესაბამება ნიუ-იორკისა და ლონდონის შორის.
საშუალოდ ბარელზე 100 დოლარის ფასის პირობებში, დაკარგული ნავთობის ღირებულება დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი გერმანიის წლიური მშპ-ის დაახლოებით 1%-ს შეესაბამება ან მცირე ეკონომიკების – როგორიცაა ლატვია ან ესტონეთი – მთლიან ეკონომიკას.
მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ცეცხლის შეწყვეტის ნიშნები არსებობს, ენერგეტიკული სექტორის აღდგენა, დიდი ალბათობით, სწრაფი ტემპით ვერ მოხდება. აღსანიშნავია, რომ აპრილში გლობალური მარაგები დაახლოებით 45 მილიონი ბარელით შემცირდა, ხოლო წარმოების შეფერხებამ დღიურად დაახლოებით 12 მილიონ ბარელს მიაღწია.
ანალიტიკოსების შეფასებით, განსაკუთრებით რთული მძიმე ნავთობის საბადოების აღდგენაა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ქუვეითი და ერაყი. სრულ საოპერაციო დონეზე დაბრუნებას კი შესაძლოა 4-5 თვე დასჭირდეს. ინფრასტრუქტურული დაზიანებები, მათ შორის კატარის Ras Laffan LNG-ის კომპლექსში ნიშნავს, რომ რეგიონში ენერგეტიკული სისტემის სრულ აღდგენას შესაძლოა წლები დასჭირდეს.











