ფოტო: Getty Images
Anthropic-ის შეფასებამ თითქმის $1 ტრილიონს მიაღწია, რის შედეგადაც მან OpenAI-ის გადაასწრო და ყველაზე ძვირადღირებული AI–სტარტაპი გახდა. კომპანიამ Series H-ის საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში 65 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რამაც მისი შეფასება $965 მილიარდამდე გაზარდა.
Anthropic-ის განცხადებით, ბოლო დაფინანსების რაუნდში მონაწილეობდნენ: Altimeter Capital-იი, Dragoneer-ი, Greenoaks-ი და Sequoia Capital-ი.
შედარებისთვის, OpenAI-მ მარტში ჩატარებული საინვესტიციო რაუნდის შედეგად 122 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რის შემდეგაც კომპანიის შეფასება 730 მილიარდ დოლარამდე, ხოლო დაფინანსების შემდგომი ღირებულება $852 მილიარდამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ Anthropic-მა საკუთარი შეფასება სულ რამდენიმე თვეში ორჯერ მეტად გაზარდა. კომპანიამ თებერვალში ჩატარებული რაუნდის დროს 30 მილიარდი დოლარი მოიზიდა და მაშინ მისი შეფასება 380 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
კომპანიის განმარტებით, ახალი კაპიტალი უსაფრთხოების მიმართულებით კვლევების გაძლიერებასა და იმ გამოთვლითი სიმძლავრის ზრდას მოხმარდება, რომელიც მისი AI-მოდელის, Claude-ის მიმართ მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.
ამავე დროს, ბაზარზე ChatGPT-ის დომინირება შემცირდა. SensorTower-ის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ChatGPT-ზე გლობალური AI-აპლიკაციების ჩამოტვირთვების 47% მოდის, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 67% იყო. პარალელურად, Claude-ის წილი 1%-დან 14%-მდე გაიზარდა.
Anthropic-ი 2021 წელს OpenAI-ის ყოფილი თანამშრომლების ჯგუფმა დააფუძნა, მათ შორის იყვნენ და-ძმა დარიო ამოდეი და დანიელა ამოდეი. კომპანიის ინფორმაციით, მისი წლიური შემოსავლის პროგნოზულმა მაჩვენებელმა მიმდინარე თვეში 47 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ცოტა ხნის წინ Anthropic-მა შეთანხმება გააფორმა SpaceX-თან, რომლის ფარგლებშიც კომპანია, Claude Pro-სა და Claude Max-ის მომხმარებლებისთვის გამოთვლითი რესურსების გასაზრდელად, ილონ მასკის Colossus-სერიის სუპერკომპიუტერს გამოიყენებს.
მზარდი გავლენის ფონზე, Anthropic-ი აშშ-ში მთავრობის კრიტიკის ობიექტიც გახდა. კომპანიამ უარი თქვა საკუთარი AI-მოდელებისთვის შეუზღუდავი წვდომის მიცემაზე, მიზეზად კი სახელმწიფო მასობრივი ზედამხედველობისა და ავტომატიზებული იარაღის განვითარების რისკები დაასახელა. მოგვიანებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა Anthropic-ი ეროვნული უსაფრთხოების მიწოდების ჯაჭვის რისკად გამოაცხადა, რასაც კომპანია სასამართლოში ასაჩივრებს.









