მთვარის ბაზის მისიისთვის NASA-მ მასკის SpaceX-ს ბეზოსის Blue Origin-ი არჩია

მთვარის ბაზის მისიისთვის NASA-მ მასკის SpaceX-ს ბეზოსის Blue Origin-ი არჩია

წყარო: NASA

 

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მთვარის სამხრეთ პოლუსზე ადამიანის მუდმივად ყოფნისათვის ბაზის შექმნის პროექტში მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად არა ილონ მასკის SpaceX-ი, არამედ ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ი შეარჩია.

სამშაბათს, ვაშინგტონში, NASA-ს შტაბ-ბინაში, მთვარის ბაზასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სააგენტომ მთვარის როვერების, რობოტული მისიების, დრონების, კომერციული პარტნიორობის კონცეფციის, კონტრაქტებისა და გეგმების სერია წარმოადგინა, რომლებიც მთვარეზე გრძელვადიანი ოპერაციებისათვის საფუძვლის ჩასაყრელად შეიქმნა.

კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, NASA მთვარის ბაზის პირველი ოფიციალური მისიისთვის Blue Origin-ის Blue Moon Mark 1 Endurance სადესანტო ხომალდს გამოიყენებს. ხომალდის გაშვება 2026 წლის შემოდგომამდეა დაგეგმილი. Blue Origin-თან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება კი $188 მილიონია.

NASA-ს მიერ მთვარის ათვისების პროცესის დაჩქარება პასუხია იმ მზარდ გეოპოლიტიკურ კონკურენციაზე, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა მოთამაშეების ჩართულობით შეიქმნა.

სააგენტოს ცნობით, პირველ ეტაპზე მთვარეზე ბაზის მისია სამ ეტაპად განხორციელდება. აღნიშნული მისიების მიზანი საოპერაციო რისკის შემცირება და საჭირო ტექნოლოგიების შემოწმება იქნება, სანამ ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე გაფართოებულ ოპერაციებს დაიწყებენ.

შეგახსენებთ, NASA-ს „არტემისის“ პროგრამა მხოლოდ 1972 წლის შემდეგ ასტრონავტების მთვარეზე პირველად დაშვებას არ გულისხმობს. სააგენტო მას მთვარის სამხრეთ პოლუსზე ადამიანის მუდმივად ყოფნის საფუძვლად ასახელებს, სადაც ასტრონავტებსა და რობოტურ სისტემებს საბოლოოდ უწყვეტად ცხოვრება და მუშაობა შეეძლებათ.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.